ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო
a. საქართველო და გარესამყარო
საქართველოს სახელმწიფო თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რეალურად ითვალისწინებდა საერთაშორისო ვითარებას [1, 151-165]. XI-XII საუკუნეების გასაყარზე საქართველოს გარკვეულ წარმატებას ხელი შეუწყო მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილმა პილიტიკურმა ვითარებამ. დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.), ისე როგორც წინამორბედი მეფეების, საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული იყო ბიზანტიასთან ურთიერთობის პრობლემა. XI საუკუნის თითქმის მთელ სიგრძეზე საქართველო ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო [2, 50-80]. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქი სელჩუკების გამოჩენამ [3]. თურქები, რომლებიც ევრაზიის სტეპებში მომთაბარეობდნენ, XI საუკუნეში იღებენ ისლამს. მათში გამორჩეულნი არიან სელჩუკები, რომელთაც გაითქვეს სახელი ჩრდილოეთ ირანის მუსლიმურ სამთავროებთან წარმატებული ბრძოლით. მათი წინამძღოლი თოღრულ-ბეგი ბაღდადის ხალიფად სცნეს. თოღრულმა თავი სულთნად გამოაცხადა, რითაც გარკვეული ძალაუფლება მოიპოვა და იბრძოდა სახალიფოს ერთიანობისა და სუნიზმის გაბატონებისათვის. თურქთა მთავარი ამოცანა ფატიმიდების სახალიფოს დამხობა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ თურქი სულთნები თავიანთ ლაშქარს სრულად ვერ აკონტროლებდნენ. თურქმენული ტომები, რომლებიც თურქ-სელჩუკთა ლაშქრის შემადგენლობაში იყვნენ, ძირითადად ისეთი მიწების დაპატრონებას ცდილობდნენ, რომლებიც მათ გამოადგებოდათ ცხვრის ფარისათვის საძოვრად. ამ თვალსაზრისით მათ ინტერესებში არც სირია და არც შუამდინარეთი არ შედიოდა [4, 19]. თურქ-სელჩუკებს ბიზანტიის ანატოლია მიაჩნდათ იდეალურად და სწორედ ამ მხარის დარბევა დაიწყეს. ამას, თავის მხრივ, ბიზანტიელთა კონტრდარტყმები მოჰყვა. დიდი ბრძოლა თურქ-სელჩუკებსა (სულთან ალფ-არსლანის მეთაურობით) და ბიზანტიელებს შორის მანასკერტთან გაიმართა 1071 წელს. ბიზანტიის იმპერატორმა რომან დიოგენ IV-მ, შინა ღალატის გამო, მძიმე დარტყმა განიცადა და ტყვედ ჩავარდა. თურქ-სელჩუკები შეიჭრნენ ანატოლიის მთელ ტერიტორიაზე და მარმარილოს ზღვამდე მივიდნენ. ბიზანტიის დამარცხების მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა. სელჩუკებმა თავის ძალაუფლებას დაუმორჩილეს აბასიდური სახალიფო, მაგრამ ფატიმიდებს ვერაფერი დააკლეს. მალიქ-შაჰის (1072 წელს მან შეცვალა ალფ-არსლანი) გარდაცვალების (1092 წ.) შემდეგ სასულთნო დაიყო. ძალაუფლებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ მალიქ-შაჰის ძმები და შვილები. სირია და ჩრდილოეთ შუამდინარეთი ნომინალურად სპარსეთის სასულთნოს ემორჩილებოდნენ, რომლის დედაქალაქი ბაღდადი იყო, მმართველი კი - ბარქიარუკი. მსხვილ ქალაქებში დამოუკიდებელი ემირატები შეიქმნა, რომელთა სათავეში ათაბეგები იდგნენ. ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და სირიაში მიწები მნიშვნელოვნად დანაწევრდა: ჰალები (ალეპო) და დამასკო მალიქ-შაჰის ძმისწულებმა დაისაკუთრეს, ტრიპოლის მმართველი მუსლიმი ყადი (მოსამართლე) გახდა, შაიზარს მუნკიდების არაბული დინასტია მართავდა, მოსულს - ქერბოგერბის დინასტია, დიარბაქრს - ორთუკიდები.
ნიშანდობლივია, რომ თურქ-სელჩუკებმა, რომლებიც ქვეყანაში უმცირესობას შეადგენდნენ, ვერ მოახერხეს არაბების ასიმილირება. აღნიშნულ ტერიტორიებზე (მთელი ახლო აღმოსავლეთი) დიდი იყო ქრისტიანთა და იუდეველთა ხვედრითი წონა. ისინი „ბიბლიის ხალხად“ იყვნენ მიჩნეული და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. იმ დროს იუდეველები უპირატესად ჩრდილოეთ სირიაში ცხოვრობდნენ. მათი მნიშვნელოვანი დასახლება იყო იერუსალიმში. ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანები მართლმადიდებელი სირიელები იყვნენ (მონოფიზიტები). მართლმადიდებელი ბერძნები (რეალურად სირიელები ბერძნების გავლენის ქვეშ) ბიზანტიის იმპერიის პირობებში მხოლოდ ქალაქში ცხოვრობდნენ. სირიაში შეხვდებოდით ქართველ მონაზვნებსა და გრიგორიან სომხებს (მონოფიზიტებს) [4, 24].
ნიშანდობლივია, რომ ისლამის მიმდევრებმა სირიის ექსპანსიის შემდეგ უარი თქვეს იქ ომის წარმოებაზე, თუმცა, სირია ტრადიციულად ჯიხადის ქვეყნად ითვლებოდა.
XI საუკუნის პირველ მესამედში იმპერატორ ბასილი II-ის გარდაცვალების (1025 წ.) შემდგომ ბიზანტიის იმპერია დიდების მწვერვალზე იყო. მისი სამფლობელო მოიცავდა მცირე აზიას, შუამდინარეთისა და სირიის ჩრდილოეთს, კვიპროსს, კრეტას, ბალკანეთს და სამხრეთ იტალიის ნაწილს. იმპერიას ჰყავდა პროფესიული არმია. სამფლობელოს განაგებდა იმპერატორი-ბასილევსი, რომის იმპერატორის პირდაპირი მემკვიდრე, „ღვთის რჩეული“. 1071 წლის აგვისტოში მანასკერტის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ბიზანტიის იმპერიის როლი და გავლენა თანდათან კლებულობს. განუხორციელებელი დარჩა ამიერკავკასიაში შესვლისა და საქართველოზე უზენაესობის განმტკიცების ბიზანტიური გეგმა [2, 329]. XI საუკუნის 80-იანი წლები თურქ-სელჩუკთა ურიცხვი ბრბოების შემოსევებით აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „დიდი თურქობის“ სახელით მოიხსენიებს ამ შემოსევას და თარიღად 1080 წელსა სდებს. თურქ-სელჩუკების შემოსევებმა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა სომეხი ხალხი [5, 8]. სომეხი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე ფილარეტ ვარაჟნუნი, რომელიც მანასკერტთან ბრძოლის შემდეგ კილიკიის მმართველი გახდა, ქვეყნის გადარჩენის მიზნით, დიდი ძღვენით ეახლა სულთან მალიქ-შაჰს და მორჩილება გამოუცხადა. ამ ნაბიჯმა არ გაამართლა - სომეხთა სამთავრო სელჩუკთა ხელში გადავიდა [6, 156-157]. ასევე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა აზერბაიჯანიც. მალიქ-შაჰმა განძა აიღო და მისი მმართველი ფადლონი (ფაზლუნი) ტყვედ ჩაიგდო [7, 138-139; 8, 298]. ფარიბურზ შირვანშაჰი იძულებული გახდა, მალიქ-შაჰს ხლებოდა - ერთდროულად სამოცდაათი ათასი დინარი ხარკის სახით გადაეხადა, ყოველწლიურად კი ორმოცი ათასი დინარის გადახდა იკისრა [7, 139]. შემორჩენილია ფარიბურზ შირვანშაჰის სახელით მოჭრილი მონეტა, რომელზეც ამოტვიფრულია მალიქ-შაჰისა და ელ-მუსთაზჰირ ბილლაჰას სახელები [9, 139], რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს თურქ-სელჩუკებისადმი შირვანის დაქვემდებარებულ მდგომარეობას.