ლიდერობის პრინციპებზე დაფუძნებული წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები
ორგანიზაციების მართვის ტრადიციული მოდელი უკანასკნელ დღეებს ითვლის. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ის მიდგომები, რომლებითაც ამჟამად ორგანიზაციები იმართება არსებით ცვლილებებს ითხოვს. ადამიანების მოტივირება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების ორგანიზაციის მიზნებისათვის გამოყენება სულ უფრო რთული, მაგრამ, ამავე დროს, მუდმივად კრიტიკული ხდება.
ორგანიზაციები იძულებულები არიან, რაღაც ძალიან სიღრმეში შეცვალონ, რათა იყვნენ საკმარისად ინოვაციურები და მოქნილები ახალი საბაზრო რეალობების საპასუხოდ. რამდენადაც დიდია სიახლეების მნიშვნელობა ორგანიზაციისათვის, რამდენადაც მნიშვნელოვანია ახალ-ახალი საინტერესო, ორიგინალური იდეების დიდი რაოდენობით განხორციელება, მით უფრო დიდია არსებითი, ძირეული ცვლილებების აუცილებლობა ორგანიზაციის მართვის ტრადიციულ მეთოდებში. ხვალ და ზეგ ყველა ორგანიზაცია იძულებული გახდება, შეცვალოს მართვის მოდელი, თუნდაც იმისათვის, რომ ძალიან არ ჩამორჩეს კონკურენტებს და უპასუხოს მომხმარებლების სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს.
ორგანიზაციული მოწყობის არსებული, ტრადიციული მოდელის მთავარი ნაკლი, რის გამოც სულ უფრო გამოუსადეგარი ხდება, იმაშია, რომ ის იძულებულს ხდის მენეჯმენტს, თვითონ იფიქრონ ახალ იდეებზე და მერე ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯონ ამ იდეების განსახორციელებად. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს წლის განმავლობაში საინტერესო ცვლილებების საჭირო რაოდენობით განხორციელების შესაძლებლობას. და თუ დღევანდელი მართვის მოდელი წელიწადში მხოლოდ 4-5 ღირებული იდეის და პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა, ხვალ ამ რაოდენობის მინიმუმ გაათმაგება რომ გახდება საჭირო ორგანიზაციული მოწყობის არსებული მოდელი სტაგნაციის მთავარი მიზეზი გახდება. სწორედ ამიტომ ამ პრობლემაზე ფიქრი ახლაა საჭირო.
ორგანიზაციული მოწყობის ახალი მოდელის მიმართ ძირითადი მოთხოვნაც ეს არის. მან შესაძლებელი უნდა გახადოს ქვევიდან ზევით ინიციატივების, იდეების მოძრაობა. მან უნდა შეცვალოს მენეჯმენტის როლი იდეების გენერატორიდან იდეების გადამრჩევებად და სპონსორებად. სხვა შემთხვევაში ცვლილებების საკმარისი რაოდენობით გენერირება და განხორციელება შეუძლებელი ხდება. ამის მიღწევა ძალიან რთულია და ის მართვის მოდელში ბევრი ძირეული ცვლილებების განხორციელებას ითხოვს. კერძოდ:
1. პირველი და უმთავრესი ცვლილება დირექტორატის როლის და მნიშვნელობის ცვლილებაა. საჭიროა, რომ ორგანიზაცია ერთპიროვნული მართვის, ან თუნდაც რამდენიმე გამოკვეთილი ფიგურის მიერ მართვის ნაცვლად, ფართო დირექტორატის მიერ იმართებოდეს. ეს ორგანო უნდა გახდეს რეალურად მთავარი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი. მისი წევრები კი პირველ რიგში მმართველი გუნდის წევრები უნდა იყვნენ და ამის შემდეგ კონკრეტულ მიმართულებებზე პასუხისმგებლები. ისინი უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას ორგანიზაციის საქმიანობაზე მთლიანად, მათთვის დასახული მიზნების გადასაწყვეტად სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ნებისმიერი მათგანი უნდა მოქმედებდეს დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება მისცენ დავალება ნებისმიერ ქვედანაყოფს და მოითხოვონ მათგან გაცემული დავალების შესრულება.