არ გწყალობთ თქვენი ხელმძღვანელი?
მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა…
ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ხელმძღვანელი მისი ჯგუფის რომელიმე წევრის მიმართ არც ისე დადებითად არის განწყობილი. ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს – ობიექტურიცა და სუბიექტურიც.
სიმპტომებიც ძალიან აშკარაა და მას ყველა ამჩნევს, არასდროს გაქებთ, არასდროს გამოხატავს მადლიერებას შესრულებული საქმის მიმართ, თავს არიდებს თქვენთან ურთიერთობას, ცდილობს არ მოგცეთ დავალებები თუ ამის აუცილებლობა არ არის, ან მოგცეთ ყველაზე უინტერესო და მოსაწყენი საქმე. ამის საპირისპიროდ კი სხვებს წარმოაჩენს და აღნიშნავს მათ წვლილს ამა თუ იმ საქმეში. მათ უკეთეს დავალებებს აძლევს, ეხმარება წინსვლაში, რჩევებსაც აძლევს და ზოგჯერ პირიქითაც ეკითხება. მათ ბევრ ისეთ რამეს ეუბნება, რაზეც თქვენთან საერთოდ არ საუბრობს.
რა თქმა უნდა, ხელმძღვანელებთან დაპირისპირება თითქმის არასდროს არის მომგებიანი: სანამ ის თქვენი ხელმძღვანელია, მას შეუძლია როგორც წარმოაჩინოს, ასევე დაფაროს თქვენი ნიჭი, უნარები, შესრულებული საქმეები. ვინაიდან ფიქრობენ, რომ მან მეტი იცის თქვენზე (და არც თუ ტყუილად), მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რეალურად ის არის თქვენი ბრენდინგის მენეჯერი და ძალიან უნდა მოინდომოთ, უამრავი ენერგია და დრო შეიძლება დახარჯოთ, რათა მისი გვერდის ავლით მივიდეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებთან (ეს შეიძლება იყვნენ როგორც არსებულ ორგანიზაციაში მაღალი დონის მენეჯერები, ასევე სხვა ორგანიზაციებიც).
გარდა წინსვლაში შეფერხებისა, ასევე პრობლემები იქმნება მიმდინარე მუშაობის დროსაც. თქვენ არ გყავთ მხარდამჭერი, თქვენი იდეები და მოსაზრებები იბლოკება, დაძაბული ურთიერთობის გამო ხართ მუდმივად სტრესში, გაურკვევლობაში… და თუ მართლაც ასეა თქვენი საქმე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ მოქმედება: