აღუვსებელი საწყაული
ანუ
ამაოება ამაოებათა
„მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ნ. ბარათაშვილი, „ფიქრი მტკვრის პირზედ“
დღესდღეობით, XXI საუკუნის ათიან წლებში, მსოფლიო კვლავ შფოთავს. კვლავ უხვადა გვაქვს ომები, რევოლუციები; იხოცებიან ადამიანები. ბუნებაც გამძვინვარებულია – მიწისძვრებმა და ქარბორბალებმა უმძიმესი დაღი დაასვა ცხოვრებას; დიდია მსხვერპლი – ათასობით ადამიანი ეწირება სტიქიას, ინგრევა შენობები – უბინაოდ რჩებიან მისი ბინადარნი. ადამიანებში ისადგურებს პესიმიზმი, ფიქრი იმაზე, რომ მომავალი არ არსებობს. უნებლიედ ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონები გახსენდებათ: „არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება, რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება“.
ძლიერნი ამა ქვეყნისანი ივიწყებენ ისტორიის გაკვეთილებს.
ეს კი ტრაგედიად უჯდება ხალხს. ევროპაში ომებისაგან XVII საუკუნეში 3,3 მილიონი კაცი დაიღუპა; XVIII საუკუნეში – 5,4 მილიონი. 1801-1914 წწ-ში – 5,7 მილიონი. პირველმა მსოფლიო ომმა 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მეორე მსოფლიო ომმა 40 მილიონზე მეტი. პოლიტიკურ ლიდერთა გეგმებმა საფუძვლიანად გაანადგურა ევროპის კონტინენტი. ევროპა ვეღარ იჯერებდა, რომ შესაძლო იყო მშვიდობიანი მომავლის დადგომა. ფრანგი პოეტი პოლ ვალერი 1945 წელს წერდა: „ჩვენი იმედები ბურუსიანია, ჩვენი შიში კი სრულიად განსაზღვრული“. კვლავ მოვიხმობთ გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონებს:
„თვითონ მეფენიც მებრძოლენი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!...“
დღესდღეობით საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის რეგულარული ჯარების მიერ. რუსებმა გაანადგურეს ცხინვალი, მთელი სამაჩაბლო; ტრაბახობენ, რომ დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები მიწასთან გაასწორეს. დაბომბეს თბილისი, გორი, ზუგდიდი, ფოთი, ვაზიანი, მარნეული, რაჭის რამდენიმე სოფელი, სამეგრელოს სოფლები. გაიძარცვა მოსახლეობა – მათ პირადი ქონება და პირუტყვი წაართვეს. გაიძარცვა სკოლები, სხვადასხვა დაწესებულებები, დაინგრა მრავალი შენობა. ქვეყნის ოკუპაცია, რუსი ჯარისკაცების აღვირახსნილობის ფონზე, გაჭიანურდა.
1991 წლის მარტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II წერდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი II-ს (რუსეთის პატრიარქმა 1991 წლის 23 მარტს წერილით მიმართა ილია II-სა და მორწმუნე ქართველებს ე. წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე):
„Ваше святейшество, дорогой во Христе брат!
„...Вся трагедия и состоит в том, что на грузинской земле проливается именно грузинская кровь, грузины вынуждены оборонятся от тех людей, которых Грузия спасла, приняла как беженцев и которые вместо благодарности претендует на нашу территорию и угрожает отторгнут ее от Грузии. Вся трагедия, Ваше Святейшество, в том, что на собственной территории грузины оказались беженцами; тысячи грузин из так называемой „Южной Осетии“, которую именуют по-грузински Шида Картли (Внутренняя Грузия), спасая свою жизнь, вынуждены бежать в другие районы“.
ეს იყო 24 წლის წინ. 17 წლის შემდეგ ტრაგედია უფრო საშინელი სისასტიკით დატრიალდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა – მოხუცები, ბავშვები, ქალები. თუ გავიხსენებთ XX საუკუნის ომების ევოლუციას, აქ აშკარად დაინახავთ, რომ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთაგან 95 პროცენტი სამხედრო მოსამსახურე იყო, სამოქალაქო მოსახლეობა მხოლოდ 5 პროცენტი. მეორე მსოფლიო ომში ეს თანაფარდობა იყო შესაბამისად 52 და 48 პროცენტი, კორეის ომში 16 და 84 პროცენტი, ვიეტნამის ომში – 8 და 92 პროცენტი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ატომური ომის დროს სამხდერო მოსამსახურეთაგან მხოლოდ 1 პროცენტი დაიღუპება. 99 პროცენტი კი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლება. ამ კანონზომიერებას რუსეთის მიერ წარმოებული ომიც (ცინიკურად ჟღერს, როცა თავად რუსეთის ხელმძღვანელობა აურაცხელი ჯარისა და ტექნიკის შემოყვანის მიზეზად სამშვიდობო ჯარების დახმარებას სახავს) ემორჩილება. ასეულობით დაღუპული და ორი ათასამდე დაჭრილი მშვიდობიანი ადამიანი ამისი დასტურია. ამ რუსული თავდასხმის შედეგი საშინელი ტრაგედიაა. ტრაგედიამდე კი დანაშაულებრივმა მოქმედებამ მიგვიყვანა.
* * *
მსოფლიო სოციალისტური სისტემის დანგრევამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინაშე დააყენა მეტად სერიოზული ამოცანა – განესაზღვრათ თავიანთი ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს თავის მხრივ რთული პროცესია, რისთვისაც საჭიროა არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის, არამედ ადამიანთა მენტალიტეტისა და საზოგადოებრივი აზროვნების შეცვლა. მსოფლიო სოციალისტური სისტემის პირობებში აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების მეურნეობებს გარკვეული ეკონომიკური სპეციალიზაცია ჰქონდათ და ჩართულნი იყვნენ მსოფლიო სამეურნეო სისტემაში. დღესდღეობით, როცა საბაზრო ეკონომიკის კანონები ბატონობს, როცა კონკურენცია და ბაზრისათვის ბრძოლა განსაზღვრავს ეკონომიკურ ცხოვრებას, ყველა ყოფილი სოციალსიტური ქვეყანა იძულებულია ეძებოს ეკონომიკური განვითარების ახალი