თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავ გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.
თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვითკირის ნაშთებსა.
ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.