- შექმნა ქვეყნისა
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარებიდგან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა გაჩნდა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა დაიბადნენ ქვეყანაზედ? ისინი შექმნა ღმერთმა. ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყოველიფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყველაფერი, რასაც კი ქვეყნიერებაზედ ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისაგან არ შექმნილა და არავისაგან არ დაბადებულა. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებასა.
კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალასა ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებს და სხვა ასოებს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვითი ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელსა. უფალს შეეძლო ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.