ჩვენ სამი ძმა ვართ, სამი მასხარა. მე ცხვირ-კაუჭა მასხარა ვარ. ჩემი მომდევნო ძმა ყურებ-დიდა მასხარაა. ხოლო, მესამე, ნაბოლარა ძმა კი - ნიკაპ-გრძელა მასხარა.
დღეს, ოდესღაც ქუჩის ჯამბაზები, საყოველთაოდ ცნობილ მასხარებად გადავიქეცით და თქვენ წამოიდგინეთ სამეფო სასახლეებშიც კი გვიწევს მასხარაობა.
ჩვენი მამა ჯამბაზი იყო. იცი რამაგრად პროწიალობდა? სულ თავდაყირა გადადიოდა. უცებ დაპროწიალდებოდა და... იცი რა მაგარი იყო?
მაშინ ჩვენც მამასავით ჯამბაზები ვიყავით, პატარა ჯამბაზუკები. მამიკოსთან ერთად დავხტოდით, დავპროწიალობდით და მასხარაობა თავში აზრადაც არ მოგვდიოდა. წარმოდგენის შემდეგ ხალხი მამიკოს ჯამბაზურ ქუდში ვერცხლის ფულებს უყრიდა.
ავიღებდით ფულს, წავიდოდით და სტამბულის ბაზარზე ბევრ შაქარყინულს, ბევრ ფახლავას და ბევრ ფინიკსაც ვყიდულობდით.
ერთხელაც როცა, ჯამბაზობით გაოფლილები, დაგროვილი ფულით, ტკბილეულის საყიდლად წავედით რას ვხედავთ, ერთი კაცს აეღო დუდუკი, თვალები მიელულა, სახე მზისკენ მიეპყრო და ძველი აზიური მუსიკის ჰანგებზე კობრა-გველს მის დაკრულზე აცეკვებდა. ჰო, იცი რა მაგარი იყო? მუსიკას უკრავდა და გველიც მუსიკის ხმაზე რითმულად იგრიხებოდა.
ბიჭოოო, რა მაგრად უკრავდა?! ისე მაგრად უკრავდა, რომ ჩვენც აგვაცეკვა. ჯამბაზებსაც მეტი რა გვინდოდა, დავხტოდით და ვპროწიალობდით.
მე, ჩემი კაუჭა ცხვირით, ყურებდიდამ თავისი დიიიდი ყურებით და ნიკაპგრძელამ თავისი გრძეეეელი ნიკაპით ისეთი ბდღვირი დავაყენეთ, რომ მოცეკვავე გველს ცრემლებისაგან თვალები აეწირპლა. მაგრამ ეგ რაა, თქვენ მამიკო უნდა გენახათ, ჰი-ჰი-ჰი, იცით რას პროწიალობდა? სულ თავდაყირა გადადიოდა. თურმე დუდუკი ჯადოსნური ყოფილა...
ისე მაგრად ვპროწიალობდით, რომ მედუდუკემ დაკვრა შეწყვიტა, გველიც გაშეშდა და გაოცებულები მოგვაჩერდნენ.
როგორც კი დაკვრა შეწყდა დაპროწიალებულმა მამიკომაც ჰაერში დაამუხრუჭა და ძირს დაეზღნართა. ჯამბაზური ქუდი მოეხადა და გაოფლილმა მელოტმა თავმაც მზის შუქზე ოქროსავით გაიბრწყინა.
ამას ოქროს თავი ჰქონიაო! - იხუვლა გარს შემოსეულმა ბრბომ და მამიკოს კისერში წაწვდნენ თავის წასაგლეჯად.
მოულოდნელად გველმა ენა ამოიდგა და ადამიანივით დაილაპარაკა:
_ რაც ბრწყინავს განა ყველაფერი ოქროაო?! მაგას რომ ოქროს თავი ჰქონდეს ეგრე უაზროდ კი არ იპროწიალებდა, ეგ ყალბიაო.
_ მაშ ოქროს თავი როგორიღააო? - იკითხეს აქეთ-იქიდან.
_ ოქროსთავიანები კი არ ჯამბაზობენ, არამედ მასხრობენ და ხალხსაც თავისი მასხრობით ეუბნებიან სიმართლესო.
მოეწონა მამიკოს ბრძენი, მოცეკვავე გველი და ტკბილეულის საყიდლად გამზადებული ფული სულ იმ გველში გადაიხადა .
ტკბილეულის გარეშე დარჩენილებმა იმ დღეს კი ვიბუზღუნეთ, მაგრამ მერე მივხვდით, რომ მამიკომ სწორი არჩევანი გააკეთა.