წინასიტყვაობა
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ბასკური ზღაპრები და გადმოცემები, მითოსური სამყაროსა და ტრადიციების ზოგადი მიმიხილვა. თარგმანი შესრულებულია ბასკური კულტურის პატრიარქის ხოსე მიგელ დე ბარანდიარანის მიერ ესპანურ ენაზე გამოცემული კრებულების მიხედვით: „ბასკური მითოლოგია“ (გამომცემლობა „მინოტაურო“, მადრიდი, 1960), „სამყარო ბასკურ ხალხურ წარმოდგენაში“ (ტ. I. - 1960, ტ. II - 1961, ტ. III - 1962, გამომცემლობა „აუნიამენდი“, სან-სებასტიანი).
აღსანიშნავია, რომ დასახელებული კრებულები შედგენილია დიდი პროფესიონალის მიერ. ფოლკლორული მასალა მეცნიერის მიერ მოპოვებულია უშუალოდ მთქმელებისაგან და წარმოდგენილია ყოველგვარი გადამუშავების გარეშე.
ეს წიგნი ესპანური ზღაპრების გამოცემის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ესპანეთის სახელმწიფოში მცხოვრები, განსხვავებული ენისა და კულტურის მატარებელი ხალხის - ბასკების ზეპირი შემოქმედების თავისებურებათა წარმოჩენას. ბასკეთი პირენეის ნახევარკუნძულის უძველესი ისტორიული კუთხეა ესპანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. მისი უნიკალური ენა და კულტურა დღემდე მსოფლიოს მკვლევართა შესწავლის საგანია.
ხოსე მიგელ დე ბარანდიარან ი აიერბე (1889-1991) გამოჩენილი ბასკი ეთნოგრაფი და არქეოლოგი, წარმოშობით გიპუსკოას პროვინციის ატაუნის რაიონიდან იყო. ეს არის კუთხე, სადაც ღრმად აქვს ფესვი გადგმული ხალხურ ტრადიციებსა და ფოლკლორს, რამაც დიდად განაპირობა მისი მომავალი ცხოვრება. თუმცა თავდაპირველად ღრმად მორწმუნე დედამ ის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნა - ხ. ბარანდიარანმა მღვდლის წოდებაც მიიღო და თეოლოგიასაც დაეუფლა, პარალელურად ბასკურ ეთნოგრაფიას და არქეოლოგიას სწავლობდა.
მისი სიჭაბუკისა და მოწიფულობის წლები ესპანეთის ისტორიის რთულ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანა პოლიტიკურ, სოციალურ და მორალურ კრიზისში იმყოფებოდა. მასზე დიდი გავლენა იქონია ესპანეთის ინტელიგენციის ცნობილმა გაერთიანებამ „98-იანელთა თაობამ“, რომელთა შორისაც იყვნენ წარმოშობით ბასკები, მწერალი და ფოლოსოფოსი მიგელ დე უნამუნო (1864-1936), მწერალი და საზოგადო მოღვაწე პიო ბაროხა (1872-1956). მოგვიანებით პიო ბაროხას ძმისწული, ცნობილი ანთროპოლოგი, ისტორიკოსი და ლინგვისტი ხულიო კარო ბაროხა (1914-1995). ხ. ბარანდიარანის მოწაფე გახდა.
XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში აიტა ბარანდიარანი (აიტა მისი ფსევდონიმია) ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ უკვე აღიარებული ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი იყო. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე (1936 წ.) იგი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთის ბასკეთში, სადაც 1953 წლამდე ცხოვრობდა. 1953 წლიდან კვლავ სამშობლოშია და სიცოცხლის ბოლომდე ბასკური კულტურის სამსახურში იდგა. მისი ინიაციატივით სალამანკის უნივერსიტეტში გაიხსნა ბასკოლოგიის კათედრა „ლარამენდი“, სადაც იგი ლექციებს კითხულობდა, როგორც პირველი მოწვეული პროფესორი. ხ. ბარანდიარანი ესპანეთის რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც იყო. ბასკეთის თითქმის ყოველი ისტორიული პროვინციის ქალაქში შეხვდებით მისი სახელობის ქუჩას ან მოედანს.
ზღაპარი უნივერსალური ფენომენია და, ბუნებრივია, ბასკური ზღაპრები სტრუქტურით, თემატიკით, მოტივებით, პერსონაჟთა ფუნქციით კლასიკური ზღაპრების ანალოგიურია, ამავე დროს მას განსაკუთრებული ხიბლიც ახლავს, რასაც ისტორიული, გეოგრაფიული, კულტურული და მთლიანობაში ნაციონალური თავისებურებები განაპირობებენ.
ბასკური ჯადოსნური ზღაპრების სტრუქტურა სავსებით პასუხობს ვ. პროპისეული ზღაპრის მორფოლოგიას - უპოვრობა, ოჯახის წევრის ვნება, წასვლა, აკრძალვის დარღვევა, გმირის მოწინააღმდეგენი, რთული დავალებები, დევნა, ჯადოსნური ძალა და ცოდნა, ჯადოსანი შემწეები, ჯადოსნური საგნები, ცრუ გმირები, ანტაგონისტების დამარცხება და ბედნიერი დასასრული. მაგრამ ზოგჯერ ტრადიციული სქემა დარღვეულია, რასაც ხელს უწყობს დესაკრალიზებული სახით შემოსული და ზღაპრად ქცეული უძველესი წეს-ჩვეულებები, წარმოდგენები. ასეთი სახის ტექსტები, ჩვენი აზრით, ზღაპრის გენეზისის, მისი ჟანრად ჩამოყალიბების პროცესის საუკეთესო საკვლევი მასალაა. კუკუბილ-
ჩოს თავგადასავალი (ზღაპარი „კუკუბილჩო“) ინიციაციის უძველესი ადათ-წესის დესაკრალიზებულ აღწერას უნდა წარმოადგენდეს, რამაც ამბავი ზღაპრად აქცია, თუმცა ზღაპარს ტრადიციული სტრუქტურა ბოლომდე მორგებული არა აქვს. ბენიარდოს (ზღაპარი „ბენიარდო“) და პეპიტოს (ზღაპარი „პეპიტო“) თავგადასავალში ხელდასხმის უძველესი წეს-ჩვეულების კვალი ჩანს, როცა ჭაბუკები სქესობრივი მომწიფების პერიოდში დროებითი სიკვდილისა და გაცოცხლების რიტუალს ასრულებდნენ, რითაც ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიოდნენ. რიტუალი დაკავშირებული იყო სიკვდილზე წარმოდგენებთან და მისი განმკარგულებლები მატრიარქატის ეპოქაში ქალები იყვნენ. კვდომა და აღდგომა დიდ როლს ასრულებდნენ მრავალი ხალხის რელიგიებსა და მითებში, ის ძალისა და ღვთაებრიობის მომანიჭებელი საშუალება იყო . ტოტემური წარმოდგენების კვალი კარგად ჩანს ზღაპარში „ხუანილიო დათვი“. ხუანილიო დათვისაგან ნაშობია და არაჩვეულებრივი შობა მის არაჩვეულებრიობას განაპირობებს. ზღაპარში „მეთევზე კანილიო და ბიჭი კანილიო“ ოქროსფერი კარჩხანა ეშმაკის იპოსტასია. თევზის ამ სახეობასთან უძველესი რწმენა-წარმოდგენებია დაკავშირებული. ანტიკურ ხანაში მის ეშვისებურ კბილებს ბეჭდის ბუდეში სვამდნენ და ატარებდნენ, რადგანაც მაგიურ ძალას მიაწერდნენ. ეს თევზი ბუნებით ჰერმაფროდიტია. მითოსური აზროვნების ეპოქაში ჰერმაფროდიტიზმს ხშირად გმირებსა და ღვთაებებს მიაწერდნენ .
ზღაპარში „კასტილიოპრანკო“ ტრადიციული ჯადოსნური შემწეები - ფასკუნჯი, არწივი მფრინავი ლომით არის ჩანაცვლებული. ბასკურ ზღაპარში ძალზე პოპულარულია მოხერხებული მეწაღის მოტივი („მეწაღის ზღაპარი“), სადაც მეწაღე გოლიათს მოხერხებულობით სჯობნის და ქართული ნაცარქექიასა