ზამთარში, როდესაც მიწა თოვლის სქელი ფენითაა დაფარული, ველზე მივაბიჯებ ხოლმე და ვფიქრობ: ნეტავ, სად არიან ცხოველები, ზაფხულში მკვირცხლად რომ დახტოდნენ? რას აკეთებენ თაგვები, სოროებში რომ იმალებოდნენ ჩემი ნაბიჯებისგან დამფრთხალნი? სად სძინავთ ლოკოკინებს, ნელა რომ მიცოცავდნენ ამ კედელზე? და როცა ზამთრის სუსხიანი ქარი სახეში მირტყამს და თან თოვლის ფანტელებს მაყრის, მაგონდებიან პეპლები, ყვავილებს რომ თავს ევლებოდნენ, ფუტკრები, ზუზუნით რომ დაფრინავდნენ აყვავებულ მინდორზე: სად წავიდნენ ისინი, ზაფხულის ეს სიფრიფანა ფრინველები?
შევდივარ ზამთრის ტყეში, ქარი გაყინულ ტოტებს შორის დაზუზუნებს, ტანმაღალი ნაძვებიდან წამდაუწუმ თოვლის გუნდები ცვივა. ვდგავარ ჩუმად და ყურს ვუგდებ. ჩუ, განა კაკუნი არ იყო ეს? _ იგი კვლავ მოისმის. აი იქიდან, ბებერი წიფლიდან მოდის ხმა. ჩუმად მივდივარ თოვლში და შეუმჩნევლად ვუახლოვდები ხეს. ახლა კი ვხედავ პატარა კოდალას, ამ ყინვაში შიმშილს რომ გამოუყვანია გარეთ და უკაკუნებს ძველ ქერქს, იქნებ საწყალი ჭია-ღუა მოვძებნო, ხის ქერქის ქვეშ რომ სძინავს ზამთარშიო. უეცრად სწრაფად ვტრიალდები: სულ ახლოს რაღაცამ გაიშრიალა ბუჩქებში. ვიშ, როგორ მოკურცხლა კურღდელმა ხევში, რომლითაც შეშისმჭრელები მთიდან ხის მორებს აცურებენ. მივდივარ ბუჩქთან, სადაც კურდღელი იწვა. ის დიდხანს უნდა ყოფილიყო აქ; ჩანს მხოლოდ მისი ნაკვალევი, რომელიც მყუდრო თავშესაფრიდან მის გაქცევაზე მეტყველებს. მას ბუჩქებში გაუწ-გამოუწევია თოვლი და შემოდგომის მშრალი ფოთლები გამოუჩენია ზედ დასაწოლად. საბრალო კურდღელო! სულ უნდა გეშინოდეს მელასი და კვერნის, მდელოთა წვნიან ბალახებამდე და ბოსტნეულამდე კი დიდი დრო დარჩა.
კვლავ მივაბიჯებ თოვლში. იქ, მაღლა ერთი ნაძვი მეგულება, რომლის კენწეროზე ციყვს ბუდე გაუკეთებია. უკვე რამოდენიმე დღეა, ამაოდ მივდივარ ხესთან, რათა თვალი შევავლო მას. ციყვი ძალზე იშვიათად ტოვებს თავის ბინას ზამთარში. მთელი დღეები წევს დამრგვალებული და სძინავს მოქანავე კენწეროზე. მაგრამ შიმშილს მაინც შეუძლია მისი გაღვიძება. დღეს უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი. როგორც კი ამოვეფარე ხეს, შევამჩნიე, როგორ ჩამოვიდა ხეზე ყავისფერი ცხოველი. ისე სწრაფად არ მოხტის, როგორც ზაფხულში. ძილმორეული ჩერდება დროდადრო და იმზირება ირგვლივ. გაუნძრევლად ვეკვრი ხის ტანს. ციყვმა უკვე მიწამდე ჩამოაღწია. რამოდენიმე ნახტომს აკეთებს, თითქმის სულ მთლად ეფლობა თოვლში და ჩემი სამალავის მახლობლად ერთი წიფლისკენ იღებს გეზს, ყნოსავს იქაურობას და იწყებს თოვლის თხრას. მისი კუდი ცოცხივით ხვეტს თოვლს, თათებს იშველიებს და მალე ხის სქელი ფესვი ჩნდება. ციყვს თათებზე ბლომად მიჰკრობია თოვლი. უეცრად უკანა ფეხებზე დგება, მაღლა სწევს წინა თათებს და ილოკავს; პირშიც კი იდებს გასათბობად. ახლა კი დიდი სისწრაფით იწყებს ფოთლებისა და მიწის გადაჩიჩქნას. ამ ადგილას უთუოდ შემოდგომით გაკეთებული საკუჭნაო აქვს. დახე, წიწიბო არ უჭირავს და გულმოდგინედ არ აკნატუნებს! ციყვი ხარბად სწვდება მეორე წიწიბოს, შემდეგ _ მესამეს... დროდადრო გაირინდება ხოლმე და მიაყურადებს ტყეს. მე არ შევუმჩნევივარ ხის უკან. წყნარად დგომას უკეთ ვერსად ისწავლის კაცი, ვიდრე ტყის ცხოველების თვალთვალისას. ეს მოუხდებოდა ზოგიერთ მოუსვენარს!
როდესაც დანაყრდა, ციყვმა კვლავ მიაყარა მიწა და ხმელი ფოთლები ძვირფას სამალავს, ზედ თოვლიც მოაბნია და თავის ხეზე შეხტა. დახე, კბილებით თხილი უჭირავს, რათა ბუნაგში წაიღოს. მას მოგვიანებით ჩაატკბარუნებს მაღლა სრულ სიმშვიდეში. როცა ის გაუჩინარდა, საკუჭნაოსკენ გავეშურე, რათა მენახა, რა დარჩა იქ. ფრთხილად ვაშორებ თოვლს, ფოთლებსა და მიწას. საჩვენებელი თითით ვთხრი ხვრელს. იქ თორმეტი წიწიბო და ცხრა დიდი კაკალია. ციყვი, ალბათ, არ გამიბრაზდება, ერთი რომ თან წავიღო _ ვფიქრობ და ჯიბეში ვიდებ მას. ახლა ხომ შობის დღეებია და საჩუქრების დროა. ისევ ვმალავ განძს და ვაყრი ზედ თოვლს. ყავისფერ მხეცუნას არ დავუნახივარ. ახლა უთუოდ მოკალათებულია თავის ფუღუროში, უჭირავს თათებით თხილი და ტკბილად სძინავს შობის ღამეს.
უკვე ბინდდება, შინ რომ ვბრუნდები. აქ ერთ ქვასთან ზაფხულში გველმა დამაფრთხო. ახლა ისიც სპირალივით დახვეული წევს სადმე ღრმად მიწაში და დავიწყებია, რომ კბილებში შხამი აქვს. ტყიდან რომ გამოვდიოდი, მთისკენ ყორანი მიფრინავდა, მძიმედ აქნევდა ფრთებს. კრაჰ, კრაჰ... დასძახის ტყეს ყრუდ და უიმედოდ. ჩანს, ვერ მოიკლა შიმშილი ზამთრის ველზე და ბუდეში ბრუნდება სუსხიანი ღამის გასათევად. იგი ტბისკენ აბრუნებს თავს. ალბათ, უარს არ იტყოდა, თევზად გადაქცეულიყო და წყლის ფსკერზე განესვენა მშვიდად.
ციყვის თხილი წმინდა ღამეს თორმეტ საათზე გეახელით და მას შემდეგ უფრო ცხადად მესმის, თუ რას ეუბნებიან ერთმანეთს ცხოველები. ზოგიერთი რამ გადმოგეცით ამ მოთხრობებში, ხელში რომ გიჭირავთ.