თავი 1 -
ბოცვრის სოროში
ალისა წყლის პირას დასთან ერთად უსაქმოდ ჯდომამ მოქანცა. ერთი-ორჯერ მის წიგნშიც ჩაიჭყიტა, მაგრამ შიგ არც სურათები იყო და არც დიალოგი. „აბა, რის მაქნისია წიგნი, თუ შიგ არც სურათებია და არც დიალოგი?“ – გაიფიქრა გოგონამ. წიგნს თავი მიანება და ფიქრი სხვა რამეზე დაიწყო: „ზიზილების გვირგვინი თუ ღირს იმად, რომ თავი შევიწუხო და ყვავილების დასაკრეფად წამოვდგეო“, მაგრამ გაუსაძლისმა სიცხემ ისე გამოათაყვანა, რომ ძილი მოერია. უცბად ცხვირწინ თეთრმა თვალწითელა ბოცვერმა ჩაუქროლა.
საკვირველი აქ არაფერი იყო. მაინცდამაინც არც იმას გაუოცებია, ბოცვერმა რომ ჩაილაპარაკა:
– ოჰ, ოჰ! ძალიან დამაგვიანდა!
მოგვიანებით რომ გაიხსენა, ალისას ის უფრო გაუკვირდა, ეს ამბავი რატომ არ მეუცნაურაო; მაშინ კი ყველაფერი ბუნებრივად მოეჩვენა. ხოლო როცა ბოცვერმა ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო, დახედა და ფეხს აუჩქარა, ალისაც წამოხტა, გაიფიქრა: ჟილეტიანი და საათიანი ბოცვერი ხომ არასოდეს შემხვედრიაო! და ბოცვერს ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი დაედევნა, მაგრამ იმასღა მოჰკრა თვალი, რომ ბოცვერი ღობის ძირას სოროში შევარდა.
ალისა ფეხდაფეხ მიჰყვა. იმაზე კი აღარ დაფიქრებულა, იქიდან თავის დააღწევას როგორ მოახერხებდა.
ბოცვრის სოროში გზა ჯერ გვირაბივით გაიჭიმა, მერე კი ისე მოულოდნელად დაეშვა დაბლა, ალისამ გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე თავდაყირა მიექანებოდა, როგორც ეტყობოდა, ღრმა ჭაში.
ან ჭა იყო ძალიან ღრმა, ან ალისა ეშვებოდა ძალიან ნელა, რადგან გარემოს დათვალიერებაც მოასწრო და იმაზე ფიქრიც, ნეტავ მერე რა დამემართებაო. უპირველეს ყოვლისა, სცადა, ქვევით ჩაეხედა და გამოერკვია, საით მიქროდა; მაგრამ ისე ბნელოდა, ვერაფერი გაარჩია. შემდეგ ჭის კედლებს შეავლო თვალი – სულ ნაირ-ნაირი თაროები ჩამოეყოლებინათ, ზოგი წიგნის, ზოგიც სხვა რამის. აქა-იქ ლურსმნებზე რუკები და სურათები ეკიდა. ერთი თაროდან ქილის აღება მოასწრო. ზედ „ფორთოხლის მურაბა“ ეწერა. სამწუხაროდ, ქილა ცარიელი აღმოჩნდა. ხელიდან მაინც არ გაუშვა – ქვევით ვინმეს არ მოვახვედრო და არ მოვკლაო. მოახერხა და გზად სხვა თაროზე შემოდო.
„აბა, ამის შემდეგ კიბეზე დაგორება რაღა სახსენებელია? ეს რა გულადი ყოფილაო! იტყვიან ჩვენები. ჰოდა, კრინტსაც არ დავძრავ, თუნდ სახლის სახურავიდანაც გადმოვვარდე!“ – გაიფიქრა ალისამ.
სულ ქვევით და ქვევით მიქროდა! ნუთუ ეს ღრმული უძიროა?
– ნეტავი რამხელა გზა გამოვიარე? – შესძახა ალისამ, – ალბათ უკვე დედამიწის გულთან ახლოს ვარ. ერთი დავიანგარიშო! მგონი, დედამიწის გულამდე ოთხი ათასი მილია, – (მოგეხსენებათ, ალისას ბევრი ამისთანა რამ ჰქონდა ნასწავლი. ოღონდ ახლა, რაკი მსმენელი არავინ ჰყავდა, ცოდნის გამოსაჩენად ვერაფერი შემთხვევა გახლდათ, გასამეორებლად კი მაინც კარგი იყო), – დიახ, სწორედ ამდენი უნდა იყოს! ნეტავი ისიც ვიცოდე, რომელ განედს ანდა რომელ გრძედს მივაღწიე!
ალისას ხეირიანად არც გაეგებოდა, ან განედი რა იყო, ან გრძედი, მაგრამ ამ ღრმააზროვანი სიტყვების წარმოთქმა ეხალისებოდა.
მერე კვლავ განაგრძო:
– ნეტავი სულაც დედამიწაში არ გავძვრებოდე და! რა სეირი იქნება, ისეთ ხალხში მოვხვდე, თავდაყირა რომ დადიან. მგონი, მათ ანტიპათიები ჰქვიათ, – (უხაროდა კიდეც, ამ დროს რომ არავინ უსმენდა, რადგან ამ სიტყვის გამოთქმა ძალიან ეხამუშა). მაგრამ იმ ქვეყნის სახელის კითხვა კი დამჭირდება. ბოდიში, ქალბატონო, ეს ახალი ზელანდიაა, თუ ავსტრალია? – (ლაპარაკის დროს სცადა, რევერანსი გაეკეთებინა – აბა, წარმოიდგინეთ: ჰაერში მიფრინავ და თან რევერანსს აკეთებ! როგორ ფიქრობთ, თქვენ მოახერხებდით?) – მერე რა ტუტრუცანა, უვიც გოგონად ჩამთვლიან! არა, შეკითხვა არ ივარგებს – იქნებ სადმე წარწერას მოვკრა თვალი!
უფრო და უფრო ძირს ეშვებოდა და რაკი სხვა საქმე არ ჰქონდა, ისევ განაგრძო თავისთვის ლაპარაკი:
– ვფიქრობ, ამაღამ დინა მომისაკლისებს! – (დინა კატა გახლდათ) – იმედია, ჩაიზე ლამბაქით რძეს დაუდგამენ. დინა, ძვირფასო, ნეტავი ახლა ჩემთან იყო! არა მგონია, აქ თაგვები ეპოვა, მაგრამ ღამურას მაინც მოიხელთებდა და, ხომ იცით, ღამურა თაგვს როგორ ჰგავს! ნეტავი კატები ღამურებს თუ მიირთმევენ?
ალისას ძილი უფრო მოერია და თვალებდახუჭულმა რამდენჯერმე გაიმეორა: „განა ღამურები კატებს ჭამენ?“ მას არ შეეძლო, რომელიმე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ჰოდა, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, კითხვას წაღმა დასვამდა თუ უკუღმა! გრძნობდა, ძილი თავს ართმევდა. ესიზმრა კიდეც, დინასთან ერთად მისეირნობდა და ცნობისმოყვარეობით ეკითხებოდა: აბა, დინა, გამოტყდი, ოდესმე ღამურა გიჭამიაო? ამ დროს ფიჩხისა და გამხმარი ფოთლების გროვაზე მოადინა ზღართანი.
ალისას იოტისოდენადაც არ სტკენია და თვალის დახამხამებაში წამოდგა. ზევით აიხედა, მაგრამ იქ წყვდიადი მეფობდა. წინ კიდევ გრძელი ტალანი მოჩანდა და თეთრი ბოცვერიც კვლავ მიცანცარებდა. წამის დაკარგვა აღარ