თავი I
- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა ვქნა, სად დაიკარგა ის შფოთისთავი?
მოხუცმა ქალმა სათვალე ცხვირის წვერზე ჩამოიცურა და ისე მოავლო თვალი ოთახს, მერე შუბლზე აიწია და კვლავ მიმოიხედა. სათვალის ზემოდანაც დაზვერა იქაურობა და ქვემოდანაც, მაგრამ - უშედეგოდ. პირდაპირი დანიშნულებით ამ «ხელსაწყოს» თითქმის არასდროს იყენებდა, უფრო თავის მოსაწონებლად სჭირდებოდა, თანაც არ ღირდა ტომისნაირი არსებისთვის მისი მოცდენა.
- ხელთ თუ მოგიგდე, მე ვიცი შენი!
კვლავ სცადა ბედი და ცოცხი საწოლქვეშ მოატარა, მაგრამ იქიდან კატის მეტი ვერაფერი გამოათრია.
- რა დავაშავე, ბავშვი კი არა, ღვთის რისხვაა!
მერე გამოღებულ კარში ჩადგა და ბოსტანს გახედა, რომლის ბარაქაც სარეველადან გამომზირალი პომიდვრებით ამოიწურებოდა. ტომი არსად ჩანდა და დეიდა პოლიც იძულებული გახდა ხმამაღლა დაეყვირა:
- ტომ! არ გესმის, ტომ!
უცებ მის უკან რაღაცამ გაიშრიალა, ისიც სწრაფად მოტრიალდა და ქურთუკში ჩაავლო ხელი გასაქცევად გამზადებულ დამნაშავეს.
- აი, თურმე სადა ყოფილხარ! მეც რაღა დამემართა, საკუჭნაო რამ დამავიწყა? ერთი მითხარი, იქ რას აკეთებდი?
- რას და არაფერს.
- ჰმ, არაფერსო? იცი, რას გიგავს ხელები, ტომ?.. ტუჩებზეც რაღაც გაცხია, ხომ ვერ მეტყვი, რა?
- არ ვიცი, დეიდა.
- აი, მე კი ვიცი. მურაბა. მურაბით მოთხუპნულხარ. ათასჯერ გითხარი, ხელი არ ახლო, თორემ განანებ-მეთქი. აბა, ერთი ეგ წკეპლა მომაწოდე!
წკეპლამ ჰაერში გაიზუზუნა და ტომი მიხვდა, რომ ამჯერად სასჯელს ასე იოლად ვერ გაექცეოდა.
- ვაიმე, დეიდა! ეს რა არის თქვენს უკან?
დეიდა პოლი გველნაკბენივით შეტრიალდა და სასწრაფოდ აიკრიფა კაბის კალთები. ტომმა დრო იხელთა, კისრისტეხით გაექანა, მაღალ მესერს გადაევლო და... თვალს მიეფარა. დეიდამისი ჯერ გაოგნდა, მერე ჩუმად ჩაიცინა:
- ერთი უყურე მაგ ყალთაბანდს! რაც ეგ მე მაცუცურაკებს, აქამდე როგორ ვერ ვისწავლე ჭკუა? თუმცა, რას ვერჩი, სწორია ხალხი, როცა ამბობს, მოხუცებს ჭკუა აღარ მოეკითხებაო. მაგრამ რა ვქნა, სულ სხვადასხვა ხრიკებს იგონებს ეგ ონავარი. თითქოს იცის, როდის უნდა შეწყვიტოს ჩემი გამწარება, საბოლოოდ რომ არ გამომიყვანოს მოთმინებიდან. ისიც მშვენივრად მოეხსენება, თუ მისი ოინების წყალობით ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე ან სულაც ჩემი გაცინება თუ მოახერხა, ვეღარ მივტყეპავ. ვღალატობ ჩემ მოვალეობას მე ცოდვილი. აკი საღვთო სჯული გვასწავლის, წკეპლას დაინანებ და ყმაწვილს ავნებო. ჩემი ბრალია... მეშინია, იქ ორივეს არ მოგვეკითხოს... დიდი ონავარი ვინმეა ეს ბიჭი, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი საყვარელი დის - ღმერთმა გაანათლოს მისი სული - ღვიძლი შვილია. საცემრადაც რომ ძლივს ვიმეტებ. თუ შევარჩინე დანაშაული, სინდისი მქენჯნის, როცა გავწკეპლავ, გული მეგლიჯება. ეჰ, რა ხანმოკლეა წუთისოფელი და რამდენი სატანჯველი გვევლინება. ახლა ხო ვიცი, დღეს სკოლას გააცდენს და ხვალ როგორმე უნდა ვაზღვევინო. საცოდაობაა შაბათს ამუშაო ბავშვი, მაშინ, როცა მისი თანატოლები ერთობიან, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. ჭირის დღესავით ეჯავრება მუშაობა, და სწორედ ამიტომ უნდა ვაიძულო. ამჯერადაც თუ არ აღვასრულე ჩემი ვალი, საბოლოოდ დავღუპავ ყმაწვილს.
ტომმა მართლაც გააცდინა სკოლა და ერთი წუთითაც არ მოუწყენია. სახლში კი სწორედ იმ დროისთვის ინება დაბრუნება, როცა ჯიმს, პატარა ზანგ ბიჭუნას, შეშის დახერხვასა და დაპობაში უნდა მიხმარებოდა... და მიეხმარა კიდეც: ჯიმი ოფლს ღვრიდა, ის კი იმდღევანდელ შთაბეჭდილებებს უზიარებდა, ხალისით უყვებოდა თავს გადამხდარს. ტომის უმცროს ძმას (უფრო სწორად, ნახევარძმას), სიდს, საქმე უკვე მოემთავრებინა: ამ წყნარ, თვინიერ ბავშვს ნაფოტების შეგროვება ევალებოდა.
ვახშმობისას, როცა ტომი გემრიელად ილუკმებოდა და თანაც ხელიდან არ უშვებდა შაქრის აწაპვნის არც ერთ შესაძლებლობას, დეიდა პოლიმ რამდენიმე მზაკვრული კითხვა დაუსვა. გულუბრყვილოდ სჯეროდა მოხუცს, რომ განგებას შესაშური დიპლომატიური ნიჭით დაეჯილდოებინა და დიდადაც ამაყობდა ამით.
- სკოლაში ხომ არ დაგცხა, ტომ?
- ცოტა კი, დეიდა.
- ძალიან ცხელოდა?
- ძალიან, დეიდა.
- მერედა, საბანაოდ წასვლა არ გიფიქრია?
ტომს გული შეეკუმშა, რაღაც ცუდი იგუმანა, მაგრამ არ შეიმჩნია. დეიდას თვალი გაუსწორა და ალალად უპასუხა:
- რატომღაც არა...
დეიდა პოლიმ პერანგი მოუსინჯა და დაასკვნა:
- სულაც არ გაოფლილხარ, ტომ.
მოხუცი ქალი უზომოდ კმაყოფილი ჩანდა: მან ხომ ასე ოსტატურად გამოიკვლია პერანგის სისველე-სიმშრალე, თანაც ვერავინ მიუხვდა ჩანაფიქრს. მაგრამ ტომის გაცურება არც ისე ადვილი იყო, ამიტომ მომდევნო მოსალოდნელ კითხვას წინასწარ აარიდა თავი:
- სკოლის ეზოში ონკანს ვუშვერდით თავს გასაგრილებლად... აი, ნახეთ, თმა ჯერაც არ შემშრობია.
დეიდა პოლის ნირი