ტომ სოიერის თავგადასავალი
თავი პირველი
- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არც თუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:
- ჩამივარდები ერთი ხელში და...
სიტყვა ვერ დაასრულა, დაიხარა და საწოლქვეშ გულმოდგინედ დაიწყო ძებნა ცოცხლით რაღაცას, თანაც ცოცხლის ყოველ მოსმაზე ჩერდებოდა სულის მოსათქმელად, მაგრამ იქიდან კატის მეტი ვერაფერი გამოათრია.
- საძაგელი ბიჭი! ჩემს დღეში მისი მსგავსი არა მინახავს რა!
მივიდა გაღებულ კართან, შეჩერდა და ბაღში დაუწყო თვალიერება პამიდვრის კვლებსა და ბალახებში. ტომი არსად ჩანდა. მაშინ კი ხმა აიმაღლა და შესძახა:
- ტომ!
ზურგს უკან რაღაცამ გაიფაჩუნა. მიიხედა და პატარა ბიჭს მკლავში სწვდა, როცა ის გაპარვას აპირებდა.
- ერთი ამას დამიხედეთ, სულ დამავიწყდა, საკუჭნაოში შემეხედა! რას აკეთებდი იქ?
- არაფერს.
- არაფერს? დაიხედე ხელებზე, შეხედე შენს ტუჩებს! ასე რით მოითხუპნე?
- არ ვიცი, დეიდა!
- მაშ, მე ვიცი! მურაბით! აი, რით! ათასჯერ მითქვამს, თუ ხელი გიხლია, გაგწკეპლავ-მეთქი. მომაწოდე წკეპლა.
წკეპლამ ჰაერში გაიშხუილა. განსაცდელი გარდაუვალი იყო.
- ოჰ, დეიდა, მიიხედეთ, თქვენს უკან რა არის!
მოხუცი მიტრიალდა, თან შიშით კაბის კალთა აიწია, ბიჭმა კი მოკურცხლა, თვალის დახამხამბაში ხის მაღალ მესერს გადაევლო და თავს უშველა. დეიდა პოლი ჯერ გონს ვერ მოვიდა გაკვირვებისაგან, მერე კი ჩუმად ჩაეცინა:
- აი, შე საძაგელო! ნუთუ აქამდე ვეღარ შევეჩვიე? განა ცოტა ოონი უქნია! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ბებერი სულელი ყველა სულელეზე ტუტუცია“ და „ბებერ ძაღლს ახალს ვეღარაფერს შეასწავლიო“. მაგრამ, ჩემო, მაგას ოინებს რა გამოულევს; ორჯერ ერთსა და იმავეს არასოდეს გაიმეორებს, - განა მიუხვდები, რას აპირებს?! გეგონებათ იცის, რამდენ ხანს უნდა მაწვალოს, რომ მოთმინებიდან არ გამოვიდე. საკმარისია, ერთი წამით სხვა რამეზე გადაიტანოს ჩემი ყურადღება, ან გამაცინოს, რომ მთელმა რისხვამ გამიაროს და თითიც ვეღარ დავაკარო.
...ღმერთმანი, პირნათლად ვერ ვიხდი ჩემს მოვალეობას. საღვთო სჯულში ხომ წერია: ვინც წკეპლას არ ხმარობს, ყმაწვილს რყვნისო. მე კი, ცოდვილი, როგორ ვანებივრებ. ამისათვის ორვეს პასუხი მოგვეთხოვება. ვიცი, ვიცი, რომ თავი სისულელითა აქვს გამოტენილი, მაგრამ რა ვქნა? ის ხომ ჩემი ცხონებული დის შვილია, საცოდავის. და მეც ძალა არა მყოფნის ერთი კარგად გავშოლტო. ყოველთვის, როგორც კი სასჯელისაგან გასხლტომის საშუალებას მივცემ, სინდისი მქენჯნის, დავსჯი და მოხუცებული გული მიკვდება იმისი ცოდვით. მართალი უთქვამს, ღმერთს ადამიანისათვის ერთი სიცოცხლე მიუცია და სადარდებელი კი ათასიო! ნამდვილად ასეა! დღეს სკოლაში არ წასულა; საღამოზე ყალთაბანდობას მოუნდება, მე კი მოვალე ვარ, დავსაჯო. შევასრულებ კიდეც ჩემს მოვალეობას, ხვალ მთელი დღე ვამუშავებ. სისასტიკეა შაბათ დღეს მუშაობა, როცა ყველა ბიჭისათვის უქმეა, მაგრამ რას ვიზამ... მუშაობა ჭირივით ეჯავრება. ამჯერად მაინც ვერ ვაპატიებ, თორემ მთლიანად დავღუპავ ბიჭს.
ტომს იმ დღეს სკოლაში არც კი შეუხედია და დრო ჩინებულად გაატარა. ძლივს მოასწრო შინ დაბრუნება ვახშმობამდე, რათა მიხმარებოდა ჯიმს, ზანგ ბიჭუნას, ხვალისთვის შეშის დახერხვასა და დაპობაში. ყოველ შემთხვევაში, მოასწრო, ეამბნა თავისი თავგადასავალი, სანამდის ჯიმი სამუშაოს სამ მეოთხედს შეასრულებდა. ტომის უმცროს ძმას, სიდს (დედით ძმები იყვნენ), უკვე გაეთავებინა თავისი საქმე. მის მოვალეობას შეადგენდა ნაფოტების შეგროვება. სიდი წყნარი და მორჩლი იყო, არასოდეს ცელქობდა. ვიდრე ტომი ვახშამს შეექცეოდა და ყველა შემთხვევას იყენებდა შაქრის ნატეხების მოსაპარავად, დეიდა პოლი მას მეტად ცბიერ კითხვებს აძლევდა, - იქნება რამე წამოსცდესო. როგორც გულწრფელ ადამიანებს სჩვევიათ, დეიდასაც სწამდა, რომ დაჯილდოებული იყო უნარით, ჩასწვდომოდა ყოველგვარ საიდუმლოს და თავისი ყველაზე გულუბრყვილო ფანდები სასწაულებრივ ეშმაკობად მიაჩნდა. მან იკითხა:
- დღეს სკოლაში ძალიან ცხელოდა, ტომ?
- არა, დეიდა.
- იქნებ ძალიან ცხელოდა?
- დიახ, დეიდა.
- ბანაობა არ მოგინდა, ტომ?
ტომი შეიშმუშნა; გულში არასასიამოვნო ეჭვმა გაურბინა. გამომცდელი თვალით შეხედა დეიდა პოლის, მაგრამ მისმა სახემ არაფერი უთხრა, და უპასუხა:
- არა, დეიდა, არც იმდენად.
მოხუცმა ხელი შეახო ტომის პერანგს და თქვა:
- ყოველ