1. დოლი და კამეჩი
გზაში ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. დუქანში შევიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ და თითო ჭიქა ღვინო შეუკვეთეს.
- ეჰ, - ამოიოხრა ერთმა, - რამდენი ხანია, ერთმანეთი აღარ გვინახავს. შენ რომ დაგშორდი, მას მერე ნეაპოლში ვიყავი. იმდენი რამ გადამხდა თავს, რომ, ღმერთმანი, აღარაფერი აღარ მიკვირს. თუმცა, არა, ერთხელ მაინც გაკვირვებული დავრჩი. გზაზე მივდიოდი და, უცებ, რას ხედავს ჩემი თვალები: დოლი, მარა რა დოლი! არ დაიჯერებ, რამხელა იყო! სამი დღე გარს ვერ შემოვუარე. დოლზე სოფელია გაშენებული. გლეხები რომ საძოვარზე მიერეკებიან საქონელს, ძროხების ბაკი-ბუკი ას მილზე ისმის.
- დაუჯერებელი რა არის? - მთქნარებით მიუგო მეორემ, - ზოგი რამ თვითონაც მინახავს. ხომ იცი, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვიან, სწორედ ისა ვარ, ვინ მოსთვლის, რამდენი ნადირი გამიწყვეტია. ერთხელაც კამეჩი მოვკალი. კამეჩი, მარა რა კამეჩი! წინა ჩლიქები რომ ერთ მთაზე ედგა, უკანა ჩლიქებით მეორე მთას ებჯინებოდა. ბალახის ნაცვლად ასწლოვან ხეებს ძირფესვიანად გლეჯდა და მადიანად ახრამუნებდა.
- რას ამბობ, რას? - გაბრაზდა პირველი, - მაგისთანა კამეჩი ჯერ არ დაბადებულა.
- როგორ თუ არ დაბადებულა? შენ რომ დოლი გინახავს, ზედ სწორედ იმ კამეჩის ტყავი იყო გადაჭიმული.
ცრუპენტელას ენა მუცელში ჩაუვარდა.