ჯადოსნური ტყე თუკი აპრილის ერთ მშვენიერ დღეს სულის მოსათქმელად გასეირნებას ისურვებთ და საკმაოდ ღრმად შეაბიჯებთ იქითკენ სადაც ნისლი დაბლა ეშვება, ნაცვლად იმის რომ მაღლა იწევდეს და ახლო ხმაური შორეულად მოგეჩვენებათ, შორეული კი ახლოდან, უნდა ჩათვალოთ, რომ ბოლოს და ბოლოს მოჯადოვებულ ტყეს მოადექით, რომელიც გადაშლილია მთვარის ქვის საბადოებსა და ცენტავრის მთას შორის. ტყეს შორიდანვე შეიგრძნობთ მისი მძაფრი სურნელის წყალობით, რასაც ვერასოდეს ვეღარ დაივიწყებთ და ვერც ნათლად გაიხსენებთ. ამ დროს ატყდება შორეული ზარების წკრიალი, რომლის ხმაზეც ბიჭები სიცილით იქითკენ გაეშურებიან, გოგონები კი ერთ ადგილას შედგებიან და ცახცახი აიტანთ. თუკი იმ ათიათასი შხამა სოკოდან, რომელიც იმ მომაჯადოებელი ტყის პირას ზურმუხტისფერი ბალახიდან წამოიშლება, ერთს მაინც თუ მოსწყვეტთ, თქვენს ხელში იგი უროსავით დამძიმდება, მაგრამ, თუ მას არ შეეხებით, იგი სიფრიფანა პარაშუტივით გადაევლება ხის კენწეროებს და კვალდაკვალ შავ და მეწამულ ვარსკვლავებს დააფრქვევს.
ასე იწყება ზღაპარი, რომელიც პირველად მოხეტიალე მუსიკოსმა გადმოგვცა შუა საუკუნეებში, თურმე აქ კურდღლებს შეუძლიათ თავები მოიხსნან თათებით და შემდეგ ისევ კისერზე დაიდონ,როგორც ახლა კაცები იხდიან ქუდს მისალმების ნიშნად.
ეს მოჯადოვებული ტყე ერთ დროს ძლევამოსილი მონარქის, სახელად კლოუდის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა; თეგი, გელოუ და ჯორნი. თეგი და გელოუ, როგორც თავიანთი მამა მეფე კლოუდი, დიდებული მონადირეები იყვნენ და თუკი არ სადილობდნენ და არ ეძინათ, ნადირის კვალში დევნით იყვნენ გართულნი. ჯორნი ყველაზე უმცროსი და ყველაზე ტანმორჩილი უფლისწულებს შორის - ის სულ ექვსი ფუტის სიმაღლისა თუ იქნებოდა - პოეტი და მუსიკოსი გახლდათ და როცა ის არც სუფრასთან იჯდა, არც ლოგინში იწვა, ქნარის ჰანგებზე თავისი ლექსების აჟღერება უყვარდა იგი იშვიათად იღებდა მონაწილეობას ნადირობაში, მხოლოდ მაშინ, როცა მამა და ძმები აიძულებდნენ, თუმცა ფრთხილობდა და ცდილობდა ნადირისთვის პირდაპირ არ მიემართა თავისი ისრები და არც შუბები გაეტყორცნა, როგორი ნადირიც არ უნდა ამოეღო მიზანში სამეფო ოჯახის ნადირობისას.
იმ საუკუნის შუახანებში, იმ დროს, როდესაც ისინი ცხოვრობდნენ, მეფემ და მისმა ორმა უფროსმა ვაჟმა სამჯერ მაინც გაავლეს მუსრი სამეფოს ველურ ცხოვრებას და სამჯერვე იძულებულნი გახდნენ სასახლის შემოგარენში ეყურყუტათ, თან დაეჭიმათ თავიანთი მშვილდები, ფრთებით მოერთოთ თავიანთი ისრები და წაემახვათ შუბები, ვიდრე იქაურ მინდვრებსა თუ ტყეებში ირმების ახალი თაობა და გარეული ღორები შევიდოდა სიმწიფეში. მეფე კლოუდი, თეგი და გელოუ უმეტესად ჭამდნენ, უფრო მეტს სვამდნენ და უფრო დიდხანს ეძინათ უმოქმედობის ამ მომაბეზრებელ ჟამს, ხან კი თავიანთ მხლებლებს დაერეოდნენ და ერთ უბედურებას დააწევდნენ, განსაკუთრებით ერთ ქონდრის კაცს, სახელად ქვონდიას, და კიდევ სამეფოს ჯადოქარს, სასახლის ჯადოქარს რომ უწოდებდნენ, რომლის მაგიურობა უმთავრესად ჟონგლიორობითა და ფოკუსების ჩვენებით შემოოიფარგლებოდა., რადგან ის არ იყო თანამონაწილე იმ საიდუმლოებისა, რასაც მოჯადოვებულ ტყეში დაბუდებული ჯადოქრები სჩადიოდნენ.
ჯორნი ამ წყნარი სეზონის ჟამს დროს იმით კლავდა, რომ იმ შორეულ მეფის ასულს უმღერდა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უთუოდ რაიმე ხიფათს გადაჰყრიდა ყოველ მათგანს. ის უმღერდა იმ სიყვარულს, თუმცა არცთუ ისე ძლიერს, რომელიც გახსნიდა ჯადოსნურ კვანძს, ან გააღებდა ჯადოსნურ კლდეებს ან თვალს აუხვევდა საზარელ ურჩხულს, ან გადალახავდა რაიმე სხვა დაბრკოლებას, რასაც კი მოისურვებდა ან მათ შესთავაზებდა ის შორეული მეფის ასული თვაისი ხელისა და გულის მოსაპოვებლად. თეგი და გელოუ ხარხარებდნენ თავიანთი უმცროსი ძმის ამგვარ „რაკუნზე“, როგორც ამას თავადვე უწოდებდნენ, მათ ძლიერ უყვარდათ ქონდრისკაცის, ქვონდოს ჰაერში აგდება. ბურთივით აქეთ‑იქით ისროდნენ და არად აგდებდნენ მის სასოწარკვეთილ ხრიალს. უფროსმა ძმებმა კარგად უწყოდნენ თუ როგორ გაეცურებინათ ჯორნი, ის არაერთხელ იგემებდა მათგან ძირს ბრაგვანის გადენას ხელჩართულ ორთაბრძოლაში, თავად რომ არ ემარჯვა და ცხენის ზურგზე არ გაწოლილიყო.
ერთხელ, ღამით, როცა უკვე მესამე ციკლის კიდევ ერთი მეასე ღამე ილეოდა, გარეული ღორისა და შვლის ლოდინში, მეფე კლოუდმა ღვინის დიდი ტოლჩები რომ დაცალა ერთი ამბავი წამოიწყო. ამ დროს ჯორნის ქნარი საამო ჰანგებს აფრქვევდა, სამეჯლისო დარბაზის ერთ ბნელ კუთხეში მიმჯდარი, ვეება ფარს ამოფარებული ქვონდო კი თავის ჭრილობებსა და ჩალურჯებულ ადგილებს იშუშებდა
- ყოველთვის იმ მოჯადოვებულ ტყეში გვიწევს ნადირობა - მოჰყვა ბუზღუნს მეფის წული თეგი ვახშმობისის და თან გრძელი მშვილდის ლარს ამოწმებდა.
- ჩვენ ყოველთვის იმ მოჯადოვებულ ტყეში გვიხდება ნადირობა - დაიღრიალა მეფე კლოუდმა და განაგრძო იმ ამბის თხრობა, თუ როგორი შემართებით გამოედევნა ერთ ფეხმარდ ირემს ჯადოსნურ ტყეში მამასთან და