"ბებრების ქალაქში, ცივ ჩრდილოეთში, მივიწყებულ, ოკეანისპირა სქარბოროში გამოაქციეს ამ ნაგვებმა! რას იფიქრებდა, რომ სადღაც ჯანდაბაში _ კი ბატონო, კარგ, კაპიტალისტურ, მონარქისტულ, მაგრამ მაინც _ სად- ღაც გადასაკარგავში, თბილისიდან ასე შორს, შოტლანდიის საზღვართან, უკვდავი პენსიონერებით, კანონმორჩილი მანიაკებითა და წესიერი მოჩვენებებით დასახლებულ სქარბოროში მოუწევდა დამალვა, და თან ვისთან _ ამ ორ ქალაჩუნასთან! შოთიკო და დათუნა უკვე მეათე წელია აქეთ არიან, თავს მშვენივრად გრძნობენ და დაქორწინებასაც გეგმავენ. აგერ, შვილიც კი შექმნეს დედებთან ერთად _ ეს პატარა პათოლოგი, ოთარ-ჯეიმსი _ და საქართველოში დაბრუნებასაც აღარ აპირებენ. ჰოდა, რახან აღარ აპირებენ, აღარც ნერვიულობენ... აი, კოტიკო მაჩიტაძე კი მაგრა ნერვიულობს! ფიქრობს იმ ნაგვებზე და ნერვიულობს... ვითომ ძმებზე, მანანიკოზე, მაგის დასირებულ ქმარზე, მშობლებზე... მოკლედ, ყველა იმ ადამიანზე, ვის გამოც და რომელთა ხელშეწყობა-მეშვეობი- თაც აქეთ გამოიქცა. ნერვიულობს, რადგან იცის _ ამ მკვდრებში ვერ გაჩერდება, ვერ იცხოვრებს დოლიძის ქუჩის გარეშე! ამათთან დროებითაა. მაგრამ ახლა, ამ წუთას, იმ გი- ჟობების მერე, აქ ურჩევნია ყოფნა, თუნდაც ასე _ პატარა ბინაში _ ოთარ-ჯეიმსის სათამაშოებში ჩამარხულს... მერე რა, რომ დაბოღმილია, მერე რა, რომ ქალაჩუნები აჭმევენ, მერე რა, რომ მანანიკო ენატრება და თან ბოლომდე ვერც გაარკვია, უყვარს თუ არა _ მაინც მაგრაა! ევროპაშია! სადმე, დიდი დიღმის რომელიღაც მიყრუებულ მიკრორაიონში კი არაა დამალული _ ინგლისშია!"