" ოდესღაც, მრავალი წლის წინათ, ძლიერი აფეთქების ხმამ გააყრუა ქალაქი თბილისი _ შეზანზარდა კლდე, რომელიც ორად ჰყოფდა მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ორ რაიონს, საბურთალოსა და ვაკეს. გაიჭრა გზა, სამანქანო და სახეტიალო, გაშენდა ნაძვნარი, ერთი სამყარო, ვაკისა, მეორე სამყაროს, საბურთალოს, გადაება და მოქალაქეებმაც შვებით ამოისუნ- თქეს, რადგან თუკი ვაკელი იყავ და საბურთალოზე გინდოდა მოხვედრა, უწინ ნახევარი ქალაქი უნდა შემოგეარა, ჩასულიყავი ვარაზის ხევში, შესდგომოდი ლენინის ახალთახალ პროსპექტს, გვერდი აგევლო ეს-ესაა აღმოცენებული სპორტის სასახლისთვის _ რომლის მიდამოებშიც, თურმე, ღამ- ღამობით, ტურებიც კი დაძუნძულებდნენ _ და მერე, მოულოდნელად, ჯერ ნესტოებით, შემდეგ კი მთელი სხეულით შეგეგრძნო ახალი უბნის, საბურთალოს, მძაფრი სურნელება. მაგრამ აწ, კლდის აფეთქების შემდეგ, ორმა უბანმა მეგობრულად ჩასჭიდა ერთმანეთს ხელი და ისეთი სიყვარული გააჩაღა ურთიერთს შორის, ოდინდელ გმირებსაც რომ შეშურდებოდათ. აკი ამიტომაც ფიქრობდა ქალაქზე პასუხისმგებელი, ერთ-ერთი წიგნიერი პირველი მდივანი, ვაკესა და საბურთალოს სახელი ხომ არ შევუცვალო და ტარიელ და ავთანდილ ხომ არ დავარქვაო."