ჯეინ ოსტინი - სენტიმენტალურად რეალისტი მწერალი არცთუ შორეულ წარსულში გოგონებისთვის განათლების მიცემა აუცილებლობად არ მიიჩნეოდა, ხოლო ვინც წერა-კითხვის ცოდნის პრივილეგიით სარგებლობდა, ძირითადად, მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ. და მაინც, შესაძლებლობების ნაკლებობის მიუხედავად, ძველი ბერძენი პოეტიდან, საფოდან, დაწყებული თანამედროვე ეპოქამდე, ქალები ყოველთვის ახერხებდნენ ბრწყინვალე ლიტერატურის შექმნას.
დღეს ქალები ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ - სქესს მნიშნვნელობა აღარ აქვს და ეს იმ ქალების დამსახურებაა, ვინც არ დაემორჩილნენ დადგენილ დოგმებს და შეძლეს მასისგან გამორჩეულნი ყოფილიყვნენ.
ასეთი გახლავთ ჯეინ ოსტინი - XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ინგლისელი მწერალი ქალი, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურა რამდენიმე ბრწყინვალე ნაწარმოებით გაამდიდრა.
ჯეინ ოსტინი 1775 წელს დაიბადა ინგლისში, ჰემფშირის საგრაფოში. ეს ის დროა, როდესაც სამწერლო ასპარეზზე ქალების ადგილი არ იყო. ქალისგან მწერლობის მცდელობაც კი დიდ კადნიერებად ითვლებოდა, წიგნის გამოცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო და, ალბათ, ამიტომაც აქვეყნებდა იგი თავის ნაწარმოებებს ანონიმურად.
მისი პირველი ნაწარმოების - „გრძნობა და გონება“ - ავტორად ვინმე „ლედი“ სახელდებოდა, „ამპარტავნობასა და ამოჩემებას“ კი ეწერა: „გრძნობა და გონების“ ავტორისგან“. ოსტინის გახმაურებული ექვსი რომანიდან ოთხი - „გრძნობა და გონება“, „ამპარტავნობა და ამოჩემება“, „მენსფილდ-პარკი“ და „ემა“ სიცოცხლეში გამოქვეყნდა. ის თავისი რომანების „ნამდვილი“ ავტორი ნამდვილი სახელით გარდაცვალების შემდეგ გახდა, თუმცა იმავდროულად, ამ სახელმა თავის პატრონს უკვდავება არგუნა.
ოსტინის ნაწარმოებების მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა, მხატვრული ღირებულების გარდა, იმ ეპოქის წარმოჩენაა, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მით უფრო საინტერესოა, რომ ეპოქის ქარტეხილებზე, სოციალურ თუ საზოგადოებრივ განწყობებზე ქალი გვიამბობს - ჯეინ ოსტინის ნაწარმოებთა გმირები ხომ სწორედ ამ სოციუმში მცხოვრები ქალები არიან თავიანთი ვნებებით, განცდებით, შეხედულებებითა და პრინციპებით. თუმცა, მიუხედავად ასეთი აქცენტებისა, ოსტინის ნაწარმოებების განხილვა მხოლოდ ქალის თვალთახედვის პრიზმიდან უსამართლობა იქნებოდა, რადგან მისი სამწერლო დიაპაზონი მნიშვნელოვნად სცილდება პრობლემისა თუ საზოგადოებაში ადამიანის როლის ვიწრო გაგებას, და შესაბამისად, მისი ნაწარმოებები მასშტაბურ წარმოდგენას გვიქმნის როგორც კონკრეტულად ქვეყნის, ეპოქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე გმირების შინაგანი სამყაროს საინტერესო, მრავალფეროვან, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზეც. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეინ ოსტინი ეპოქალური მწერალია და საკუთარი ხელწერით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
და თუ ოსტინზე, როგორც ქალის ფსიქოლოგიის, გუნება-განწყობისა და მისწრაფება-სურვილების „მცოდნე“ მწერალზე ლაპარაკობენ (ის ხომ იმდროინდელი სოციუმის მიერ დადგენილი წესების წინააღმდეგი თუ არა, მათი მორჩილი მაინც არ იყო), ამის განმაპირობებლად მისივე პირადი ცხოვრება და თავგადასავალი შეიძლება მივიჩნიოთ, რაც ოდნავადაც არ აკნინებს ოსტინის, როგორც შემოქმედის მნიშვნელობას, უფრო პირიქით, საკუთარი განცდების განზოგადებით წარმოჩენილი პრობლემა მის ნაწარმოებებს გაცილებით სანდოს, რეალურსა და, შესაბამისად, ამაღელვებელს ხდის.
ამიტომაცაა, რომ ჯეინ ოსტინის საოცარი ოსტატობით დაწერილი რომანები, საინტერესო პერსონაჟები, ნაწარმოებებში განხილული მარადიული თემები დღესაც ისევე ხიბლავს მკითხველს, როგორც ხიბლავდა მის თანამედროვეთ, ვისთვისაც ეს პრობლემები ცხოვრების ნაწილი, ნაცნობი და გაცილებით ორგანული იყო.
ხათუნა ბასილაშვილი
მთარგმნელი, კავკასიის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორი