"აგვისტოში რუსები გვბომბავდნენ. სექტემბერში ელენე დამშორდა. ოქტომბერში ლისაბონში წავედი. მეც რომ უნდა ვმჯდარიყავი Lიტერატურ-ეხპრესს-ში, ეს უკვე გაზაფხულზეც ვიცოდი, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აგვისტოში რუსები დაგვბომბავდნენ. არც ელენეს მუქარებს აღვიქვამდი სერიოზულად – არ მეგონა, ასეთ პრინციპულობას თუ გამოიჩენდა. რაღაც უცბად მოხდა ყველაფერი. ჯერ მითხრეს, რომ 100 მწერალთან ერთად მომიწევდა ევროპაში მოგზაურობა, მერე აღმოჩნდა, რომ, თურმე, რუსულმა ბომბებმა უნდა მომკლან, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი უფრთო ანგელოზი, როგორიც ელენეს ვეგონე თავიდან. `როგორ მენანება შენთვის დახარჯული დრო,~ – ეს იყო ბოლო, რაც ელენესგან მოვისმინე. მერე ტელეფონი გამორთო. მე ორი საწყალი მესიჯი მივწერე და შევეშვი. ხვეწნა-მუდარა არ დამიწყია. რუსულმა ბომბებმა ძალა გამომაცალეს. მანამდე ვინმე კოკამ დამირეკა კულტურის სამინისტროდან, `ლიტერატურული ექსპრესი~ ახსენა და თავისთან დამიბარა. "