სულის უცნობი სიდიადე
სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, უჩვეულო ნიჭიერებით ფრთაშესხმული, ქართულ-კოლხური პატიოსნებით სავსე ტერენტი კვირკველია (გრანელი) 17-18 წლის ყმაწვილი ჩამოვიდა თბილისში, თავის ოცნების ქალაქში და სულმოუთქმელად დაეწაფა ლიტერატურულ ცხოვრებას. მოხდა მანამდე გაუგონარი საოცრება: პროვინციიდან ჩამოსული, უბინაო, უსამსახურო, სხვათა მიერ სამადლოდ შეკედლებული ყმაწვილი, რომელსაც უმეტესად იმის პირობებიც არ ჰქონდა, რომ ლექსი მაგიდასთან დამჯდარს დაეწერა, რამდენიმე წელიწადში საქვეყნოდ განთქმული პოეტი გახდა, მხარში ამოუდგა ასევე საოცარი ტრიუმფით ამაღლებულ გენიალურ ახალგაზრდა გალაკტიონ ტაბიძეს.
ტერენტი გრანელი შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისიდანვე სიკვდილის ულმობლობით ისეა შეძრწუნებული, რომ მიწაზე ადგილს ვერ პოულობს, რადგან აქ, სიკვდილისა და ხრწნის საშინელ საუფლოში შეუძლებელია ადამიანის ჭეშმარიტი ბედნიერება. იმ ურთულეს დროში, როცა ადამიანი გაუფასურებულია და თვითგადარჩენისთვის უმეტესობის საზრუნავი ყოველგვარი ფანდების გამოყენება გამხდარა, მას არც კი სურს მდგომარეობის მოპოვება, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სულიერი სწრაფვების დათმობის გზით. იგი მზად არის დაიღუპოს, ოღონდ თავისი იდეალი განახორციელოს. ეს იდეალი კი ქრისტესმიერია, ადამიანისთვის საკუთარი სახის, საკუთარი განწირულობის დანახვებაა, რათა მან, როგორც მოკვდავმა სწორი არჩევანი გააკეთოს... პოეტს აქვს მისწრაფება იყოს ყველგან, როგორც ღმერთი, შეეძლოს ჭეშმარიტი ფრენა, როგორც ღმერთს და თავის სრულყოფილებაში ეძებოს უბედურებით შეძრწუნებული მოძმისთვის ნუგეში, ანდა მასთან ერთად იტიროს ადამიანთა უბედობა. მისი ეს სურვილი მართლა ღვთაებრივია და უდიდებულესიც, ასე გაუგებარი რომ არის აღმაფრენაჩაშრეტილი არსებებისთვის. არაა შემთხვევითი, რომ მისი პირველივე წიგნი იწყება სტრიქონებით: „ტერენტი გრანელი მოდის სისხლიან სამარიდან, იქნებ ის იყოს ქრისტე, მეორედ მოსული“. დიახ, მას სწყურია ზეცა, ადამიანის ამოსვლა სამარიდან, ღვთაებრივი უკვდავება, ანუ ადამიანის გონისთვის შესაფერისი „რაღაც მესამე“ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის. ეს იყო გასაოცრად თამამი სიახლე ქართულ პოეზიაში, მოტანილი ყმაწვილი კაცის უსაზღვრო, უკეთილშობილესი ფანტაზიითა თუ რეალობაში ირაციონალური წვდომის უნარით.
ადამიანი რატომ არის მიჯუფთული მიწას?! რატომ არის მიწა მისი სამარე?! რატომ არის ადამიანთა ცხოვრება ასე მიუწვდომელი?! რატომ არ ძალუძს ადამიანს ფრენა?! ღვთის მსგავსი გონიერი არსება ხომ ღირსია იფრინოს და იყოს ყველგან როგორც ღმერთი? აი, რა უმთავრესი კითხვები აწამებს პოეტს: „მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას“ წერს პოეტი. ადამიანის შესაფერისი სიცოცხლე ისაა, როცა იგი იარსებებს სხეულის გარეშე, რადგან სხეული ციხეა, სული კი მისი პატიმარი. გრანელისთვის „მესამე გზა“ ისეთი სიცოცხლეა, როცა სული მარადისობის ლაჟვარდებში იპოვის შვებას. ცხადია, პოეტის ლტოლვა მესამე გზისადმი რელიგიიდან იღებს სათავეს, ოღონდ იგი საკუთარი ხედვით, მუდმივი ფიქრით, შეუცნობლისკენ სწრაფვით თავისებურ აღმოჩენასაც აკეთებს... მის მიერ წარმოსახული მესამე გზა პირდაპირ სასუფეველში კი არ მიდის, არამედ ეძებს ადამიანის შესაფერის სივრცეს სამყაროში. და ეს ხდება, როცა ირგვლივ მატერიალისტური მსოფლმხედველობა ძალადობს, როცა ღმერთი უარყოფილია, ღვთის მსახურები დაუნდობლად დასჯილი, ეკლესიებში კი თავლებია გამართული, როცა მატლს, მაიმუნსა და ადამიანს აიგივებენ და გულმართალთ საწინააღმდეგო აზრებისთვის სპობენ. იქ, სადაც „ნათელი მომავლის“ ერთადერთი გზა უკვე ნაპოვნი იყო, ციური მესამე გზის ძიება პოეტს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან მისასვლელ ყოველგვარ გზას უხშობდა. „ბედნიერ ქვეყანაში“ მას უკრძალავდნენ სევდის გამოხატვას, ებრძოდნენ განსხვავებულად აზროვნების გამო, ის კი ჯორდანო ბრუნოსავით მხოლოდ თავის უკომპრომისო აზრებს იმეორებდა, მიწიერი ცხოვრებისადმი ზურგშექცევით, უფლისადმი რწმენით, მართალი ლექსებით დუელში იწვევდა მთელ იმ სამყაროს, ღვთის ნებასა და ადამიანის დანიშნულების მაღალ არსს რომ ეწინააღმდეგებოდა. მისთვის მესამე გზის ძიება, ადამიანის ამქვეყნიურ უბედურებაზე განუწყვეტელი სევდა და დარდი, მკაცრი პროტესტიც იყო ბოლშევიკური უღვთო საზოგადოებისადმი. მისი პოეტური ძიებანი, როგორც იდეალისტი მოაზროვნისა, უპირისპირდებოდა გამეფებულ რუტინას, პრიმიტივიზმს. იყო რაღაც მისებური, ადამიანური, ღვთისადმი პროტესტის შემცველიც ამ მესამე გზის ძიებაში. ღვთისადმი საყვედური მრავალმხრივი გასაჭირით გულშეძრულ ადამიანს ხშირად დასცდენია, მაგრამ გრანელის მიერ გამოთქმული ალბათ ყველაზე შთამბეჭდავია: „წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია“. ეს არა მხოლოდ პოეტის, არამედ ზოგადად ადამიანის მიმართვაა ღვთისადმი, რადგან გაუგებარი რჩება ხოლმე რა ისეთი ცოდვის გადამკიდე არის პატიოსანი, ღვთისმოშიში კაცი, რატომ არის იგი ასე დასჯილი და რატომ დგას მუდამ დაუმთავრებელი გამოცდის წინაშე?! გრანელისეული მესამე გზა გულისხმობს ყოველგვარი ცოდვისგან თავდახსნილი ადამიანის სულის მარადიულობას, ღვთისა და ადამიანის წინაშე მართალი კაცის ლაღობას შორეულ არსებობაში, რომელიც არაფრით არ ემგვანება მიწიერ ტალახში არსებულს. ეს არის საკაცობრიო მარადიული საფიქრალი, გამოხატული სწორედ იმ ადამიანისგან, რომელსაც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ჰქონდა ამის თქმის უფლება! ტერენტი ამაღლებული საფიქრალით პოეტს ღმერთს უდარებს: „პოეტი არის ყოველთვის ღმერთი“. მას ის პოეტი მიაჩნია ღმერთთან გასატოლებლად, რომლის ფიქრი იმდენად ამაღლებულია, რომ ღვთის