ხანმა უნდობარმა
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.
გალაკტიონი
ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.
იტყვის ტერენტი გრანელი 1921 წელს.
რა სინანულია, რა ტრაგიზმია! ცოტა რამეს ვკარგავთ წუთისოფელში ჩვენსავ მიზეზით?! ბევრჯერ ვინანიებთ ჩადენილ შეცდომათ თუ შეცოდებათ?!
გრანელი ინდივიდუალისტი მოაზროვნეა და ალბათ ღრმად ვერასოდეს ჩავწვდებით, რა აღუსრულებელ სურვილებს, რა ჩადენილ შეცდომებს გულისხმობს პოეტი – საკუთარს თუ საყოველთაოს. თუმცა ისეთი შემოქმედისთვის, როგორიც გრანელია, რამ გაჰყო საკუთარი და საყოველთაო. ხოლო ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: აქ გაცხადებული მეტაფორები ისტორიულად ობიექტური საფანელითაც არის შეზავებული.
XX საუკუნის 10-იანი წლები, როცა გრანელი გამოდის ასპარეზზე, უკიდურესად მძიმე დროა როგორც ევროპისა და რუსეთის, ისე საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ათასგვარი თეორიებისა და კონცეფციების გზაჯვარედინად გადაქცეულ ქვეყანაში, არ გამოიძებნა ერთიანი მსოფლმხედველობა, რომელიც საფუძველი გახდებოდა ყველა პოლიტიკური და ინტელექტუალური თვალსაზრისების კონსოლიდაციისა. ილიას უღმერთო სიკვდილმა ამ მსოფლმხედველობას საყრდენი სვეტი გამოაცალა. ახლა ძნელია ამის განჭვრეტა, მაგრამ ვაითუ ამას ეხსნა ერიცა და ქვეყანაც 1921 წელს ბოლშევიზმის შავი ჭირისგან?!
აი, რა მუხანათობა შერჩა ხელთ მშობელი ქვეყნის თავისუფლებისთვის მეოცნებე ჭაბუკს. მას სტკივა სამშობლო. ამ ტკივილმა ათქმევინა:
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.
მას მერე ცოტა შეცდომა დავუშვით?!
დღეს ცოტა შეცდომას ვუშვებთ?!
ღრმად ამოვიჭრათ გულში გრანელის სიტყვები, რომ მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ტანჯული ქვეყანა.
*
მალე საუკუნე გაივლის, 1917 წელს, რაც ტერენტი გრანელი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. თუმცა, პარადოქსი კია, ის სამწერლო ასპარეზზე გამოდის არა როგორც პოეტი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. სრულიად ჭაბუკი, თავის ფიქრებს, გულისზრახვებს უბის წიგნაკს უზიარებს, შემდეგ თბილისში აგზავნის, დამოუკიდებლობის სულისკვეთებით ანთებულ გაზეთებში ბეჭდავს. ლექსებს ბავშვობიდანვე წერს, მაგრამ მათ გამოქვეყნებას ჯერჯერობით ეკრძალვის.