თავი პირველი
ჩვენს ფრონტს გადმოღმა ათი კილომეტრის მანძილზე დავბანაკდით. გუშინ შეგვცვალეს. ამჟამად ჩვენი კუჭი ლობიოთი და ხვადაგის
ხორცითაა სავსე. კმაყოფილნი ვართ და გამაძღარნი.
ყოველმა ჩვენგანმა საღამოისთვისაც გაივსო ხელქვაბი; გარდა ამისა, თითო კაცზე პურისა და ძეხვის ორმაგი კერძი გვაქვს მომარაგებული. დიდი ხანია, რაც ასეთი რამ არ მომხდარა: პომიდორსავით თავწითელა მზარეული გვაძალებს კიდევაც - ჭამეთო; იგი თავად შეაჩერებს ხოლმე გამვლელ ჯარისკაცს და ერთის მოქნევით გაუვსებს ხელქვაბს. იგი ძლიერ დაიბნა, სულ იმის ცდაშია: თავისი სალაშქრო სამზარეულო რამენაირად დასცალოს.
ტიადენმა და მიულერმა საიდანღაც პირსაბანი ტაშტები გამოჩხრიკეს და სათადარიგო კერძებით კიდემდის გააპიპინეს. ტიადენს ეგ ღორმუცელობით მოსდის, ხოლო მიულერს - შორსმჭვრეტელობით. საოცარია: რისთვის იყენებს ტიადენი ამდენ საჭმელს, მას ეს არ აჩნია, იგი როგორიც იყო, ისეთივე გამხდარი ფარგაა
.
უმთავრესი ისაა, რომ ჩვენ თუთუნის ორმაგი კერძიც დაგვირიგეს. თითოს ათ-ათი სიგარა, ოც-ოცი პაპიროსი და ორ-ორი ნაჭერი საღეჭი თამბაქო შეგვხვდა, - ო, ეს საკმაოზე მეტია! მე ჩემი საღეჭი თუთუნი პაპიროსებზე გადავუცვალე კატჩინსკის, ასე რომ, ორმოცი ცალი მერგო. ეს კი, მთელი დღისთვის მეყოფა.
კაცმა რომ თქვას, ასეთი ბედნიერება მოულოდნელად დაგვაცხრა თავს. პრუსიელები არც ისე გულუხვი ხალხია და ეს ყოველივე ერთი შეცდომის წყალობით შეგვემთხვა.
ორი კვირის წინ ჩვენს ერთ-ერთ მოწინავე ასეულს უნდა შევნაცვლებოდით პოზიციაზე.
ჩვენს მისადევარში, ასე თუ ისე, სიწყნარე სუფევდა და ამიტომაც ჩვენი დაბრუნების დღისათვის კაპტერმა პროდუქტების მთელი ნორმა მიიღო და ას ორმოცდაათი ხიშტიანისათვის დაამზადა კერძი.
მაგრამ დახეთ უბედურებას! სწორედ იმ ხანებში ინგლისელებმა განსაკუთრებით დაუზოგავად მოგვაყარეს ჰაუბიცები და ისე დაუცხრომლად უშენდნენ ჩვენს პოზიციებს - ჩვენ დიდი ზიანი მოგვაყენეს, ასე რომ, მხოლოდ ოთხმოციოდე კაცი დავბრუნდით იმ დღეს. ღამით შეგვენაცვლნენ და ჩვენც წამსვე ჩვენს ბინებზე დავლაგდით, კარგად გამოძინებას მონატრებულნი. კაცმა რომ თქვას, კატჩინსკი მართალია: ომში ყოფნა არც ისე ძნელი იქნებოდა, ადამიანს რომ რიგიანად გამოძინება შეეძლოს. პოზიციაზე ასეთ რამეებზე ფიქრიც ძნელი საქმეა. დამეთანხმებით, ორ კვირაში ერთხელ გამოძინება არც ისე სახარბიელოა.
მოაწია შუადღემ და ჩვენები ბარაკებიდან გამოძვრნენ. ნახევარი საათის შემდეგ ყოველ ჩვენგანს ხელქვაბი მომარაგებული ჰქონდა, სამზარეულოს წინ ვირეოდით, ცხიმოვანი და გემრიელი სუნისაგან წაქეზებულნი.
ცხადია, ყველაზე დამშეულნი წინ მიისწრაფოდნენ: ტანმორჩილი ალბერტ კროპი, - იგი ჩვენ შორის ყველაზე უფრო გონებაგახსნილი იყო და ამიტომაც ეფრეიტორობა მიიღო კიდევაც; შემდეგ მიულერ მეხუთე (იგი ჯერაც სახელმძღვანელოებს დაათრევს და გამოცდებზე ოცნებობს, ცეცხლის გრიგალში ფიზიკის გაკვეთილებს იზუთხავს). იქვე იყო წვეროსანი ლეერი, საროსკიპოს გოგონების უებარი აშიკი. იგი დაბეჯითებით ამტკიცებს: ეს გოგონები მთავარსარდლის ბრძანების მიხედვით იცვამენ აბრეშუმის საცვლებს და ტანს იბანენ, როცა ისინი პოლკოვნიკებისა და მათზე უფრო მაღალჩინოსნების ვიზიტებისათვის ემზადებიანო.
მეოთხეც მე გახლდით - მე, პაულ ბოიმერი.
ჩვენ, ოთხივე, ცხრამეტი წლისანი ვართ, ოთხივე ერთად გამოვედით ერთი და იმავე კლასიდან და აქედან ერთადა ვართ ომში წასული.
ჩვენ უკან ჩვენი მეგობრები ჩამწკრივებულან. ფარგასავით გამხმარი ზეინკალი ტიადენი, აგრეთვე ჩვენი ასაკის კაცი, მთელ ასეულში ყველაზე დიდი ღორმუცელა. სუფრას რომ მიუჯდება, იგი გამხდარია და დალეული, როცა ადგება - მაკე ბაღლინჯოსავით გაჭყიპული; ჰაიე ვესტუსი - ტორფზე მომუშავე, იმავე ასაკის ახალგაზრდა, იგი ხანდახან ჯარისკაცის ულუფა პურს მუჭში მოიქცევს და შეგეკითხება: „აბა, გამოიცანი, ხელში რა მაქვს?“
გლეხი დეტერინგი (მას თავისი კარ-მიდამოს და ცოლის ამბავი აწუხებს მხოლოდ) და ბოლოს, ჩვენი კომპანიის მეთაური - სტანისლავუს კატჩინსკი, გაქნილი, ჩასკვნილი, ბანჯგვლიანი, ორმოცი წლის კაცი, სახეზე მიწისფერი გადაჰკრავს, ცისფერი თვალები აქვს და დაფერდებული მხრები. სტანისლავუს კატჩინსკი ძლიერ დახელოვნებულია აყროლებული ჰაერის გარჩევაში, კარგი საჭმლისა და კარგი სანახების ფოტოგრაფიების გამოცნობაშიაც საკმაოდ დიდ უნარს იჩენს.
ჩვენი ჯგუფი სალაშქრო სამზარეულოს წინ გამწკრივებულ ჯარისკაცთა რიგს მეწინავეობდა; ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავდით მოთმინებას, რადგან მზარეულს ეს არ შეუმჩნევია, იდგა და რაღაცას უცდიდა.
ბოლოს კატჩინსკიმ შეუტია:
- ჰეი, ჰაინრიჰ, ახადე ქვაბს სარქველი. აშკარაა, ლობიო უკვე მზად იქნება.
მზარეულმა გულგრილად თავი დააქნია.
- ჯერ ყველანი მოგროვდნენ...
ტიადენმა გაიღიმა.
- ყველანი აქ ვართ.
მზარეული ჯერაც ვერაფერს ხვდებოდა.
- სულაც არა. აბა, დანარჩენები სადღა არიან?
- აწი მათ გამოსაკვებად შენ არავინ გაგრჯის; ზოგი სამხედრო ლაზარეთშია, ზოგიც - ძმათა სამარხებში.
მზარეული შეჩქვიფდა ფრიად, როცა ყოველივე ამცნეს. შეყოყმანდა...
- ჰმ, მე კი ას ორმოცდაათი ხიშტიანისთვის მოვიმარაგე...
კროპმა ფერდში მუჯლუგუნი ჰკრა.
- კარგი, ახლა, ერთხელ მაინც გავძღებით. ჩქარა შეუდექი საქმეს!
ტიადენმა