შესავალი
მეორე ოცეულის ნარჩენი ფრონტის ხაზის უკან, სანგარში წევს და თვლემს.
- რა უცნაური ჭურვებია, - ამბობს იუპი მოულოდნელად.
- რატომ? - ეკითხება ფერდინანდ კოზოლე და თავს წამოყოფს.
- არ გესმის? - პასუხობს იუპი.
კოზოლეს ყურთან მიაქვს ხელი და ჩვენც ღამეს ვაყურადებთ. მაგრამ არტილერიის ყრუ ხმაურისა და ჭურვების წივილის გარდა არაფერი ისმის. მარჯვნიდან მხოლოდ ტყვიამფრქვევების კაკანი და ხანდახან ყვირილი აღწევს... მაგრამ ამ ხმებს კარგა ხანია შეჩვეულები ვართ, ამისთვის პირის გაღებაც არ ღირს.
კოზოლე იუპს უნდობლად შესცქერის.
- ახლა აღარ ისმის, - დაბნეულად თავს იმართლებს იუპი.
კოზოლე კვლავ ეჭვით ათვალიერებს, მაგრამ რადგან იუპზე ეს შთაბეჭდილებას არ ახდენს, ზურგს აქცევს და ბურტყუნებს: - მუცელი კომბოსტოს ნახარშისგან გიბუყბუყებს, ესეც შენი ტყვიები. აჯობებს დაიძინო. - მიწისგან თავის დასადებს იმზადებს და ისე წვება, რომ ფეხები არ დაუსველდეს. - ბიჭო, სახლში ცოლი და ორადგილიანი საწოლი გელოდება, - ბურტყუნებს კოზოლე და თვალები ელულება.
- ვიღაც ალბათ უკვე წევს მის გვერდით, - პასუხობს იუპი კუთხიდან.
კოზოლე ცალ თვალს ახელს და გამჭოლ მზერას სტყორცნის. თითქოს წამოდგომას აპირებსო, მაგრამ მხოლოდ ღრიალებს:
- არ ვურჩევდი ასეთ საქციელს შენს ცოლს, შე ქალაჩუნავ! - და მაშინვე ხვრინვას ამოუშვებს.
იუპი ხელით მანიშნებს, მოდიო. ადოლფ ბეთკეს ფეხს ვაბიჯებ და იუპის გვერდით ვჯდები. მზრუნველობით გადახედავს მხვრინავ ჯარისკაცს და მწარედ ამბობს:
- მისნაირებს წარმოდგენაც არა აქვთ განათლების შესახებ, დამიჯერე.
ომამდე იუპი კიოლნში ვიღაც ადვოკატთან გადამწერად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელია, რაც ჯარისკაცია, მაინც ინარჩუნებს მგრძნობიარე სულს და რატომღაც ცდილობს, რომ აქ, ფრონტზე, განათლებულ ადამიანად მიიჩნიონ. თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა სინამდვილეში, მან, რა თქმა უნდა, არ იცის. იმ ყველაფრიდან კი, რაც აქამდე გაუგია, მხოლოდ ეს სიტყვა, „განათლება“, ჩარჩა მეხსიერებაში და ისე ეჭიდება, როგორც წყალწაღებული - ხავსს. საერთოდ კი, აქ ყველას აქვს რაღაც ამდაგვარი: ერთს - ცოლი, მეორეს - პატარა ბიზნესი, მესამეს - ჩექმები, ვალენტინ ლაერს - არაყი, ხოლო ტიადენს - ქონიანი ლობიოთი ერთი კარგად გამოძღობის სურვილი.
კოზოლეს კი სიტყვა „განათლება“ გახამებულ საყელოებს ახსენებს, რაც საკმარისია, მოთმინება რომ დაკარგოს. ახლაც ეს სიტყვა ნერვებს უშლის და ხვრინვის შეუწყვეტლად ერთ-ორ ძუნწ სიტყვას ამბობს იუპზე:
- აყროლებული ღორი, კანცელარიის ვირთხა!
იუპი, ფილოსოფიურად, საკუთარი ღირსების გრძნობით, უკმაყოფილოდ იქნევს თავს. გასათბობად ერთმანეთს ვეკვრით და მდუმარედ ვსხედვართ. ღამე ცივია, ნესტიანი და ცრის; ამიტომ ქვემოდან ამოგვაქვს საველე ლაბადები, რომლებზედაც ვსხედვართ და თავიდან ფეხებამდე ვეხვევით.
ჰორიზონტს იარაღის ცეცხლი ანათებს. ისე მყუდროდ გამოიყურება იქაურობა, გვეჩვენება, რომ ჰორიზონტთან ისე არ ცივა, როგორც აქ. არტილერიის შუქის ზემოთ ვერცხლისფერი ყვავილებივით იფანტება რაკეტები. ფერმის ნანგრევებს ზემოთ, ნისლში, უზარმაზარი წითელი მთვარე მიცურავს.
- გჯერა, რომ სახლში დავბრუნდებით? - მეჩურჩულება იუპი.
მე მხრებს ვიჩეჩ:
- ასე ამბობენ...
იუპი ხვნეშის:
- თბილი ოთახი, დივანი და საღამოს გასეირნება - წარმოგიდგენია?
- ბოლო შვებულებისას ჩემი სამოქალაქო სამოსი მოვიზომე, - ვამბობ ჩაფიქრებით, - მაგრამ აღარ მომერგო; ახალი სამოსი მჭირდება. - რა უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი: სამოქალაქო ტანსაცმელი, დივანი, საღამო. უჩვეულო ფიქრები მოსდის კაცს თავში, ეს ფიქრები შავ ყავასავითაა, ხანდახან თუნუქისა და ქვაბის ნამწვის გემო რომ დაჰკრავს და გულისრევას იწვევს.
იუპი მეოცნებე სახით იჩიჩქნის ცხვირს:
- ვიტრინა, კაფე, ქალები...
- კაცო, მადლობა თქვი, რომ ამ ნეხვს თავს დააღწევ, - ვეუბნები და ცივ ხელებს სუნთქვით ვითბობ.
- მართალი ხარ, - იუპი გამხდარ, დახრილ მხრებზე ლაბადას ისწორებს. - რას გააკეთებ, როცა აქედან წავალთ?
ვიცინი.
- მე? მე ისევ სკოლაში უნდა ვიარო; მეც, ვილიმაც, ალბერტმაც და ლუდვიგმაც, აი, იქ რომ წევს, - და უკან, იმ ფიგურაზე ვუთითებ, დაცხრილული სანგრის წინ რომ წევს და ორი მაზარა გადაუფარებია.
- აჰ, ეშმაკმა დალახვროს! მაგრამ თქვენ ხომ ამას არ იზამთ? - ამბობს იუპი.
- არ ვიცი. ალბათ იძულებული ვიქნებით, - ვპასუხობ და, თავადაც არ ვიცი, რატომ, ბრაზი მერევა.
შინელების ქვეშ რაღაც შეინძრა. ფერმკრთალი, გამხდარი სახე მოჩანს, ჩუმი კვნესა გვესმის. იქ ჩემი თანაკლასელი წევს, ლეიტენანტი ლუდვიგ ბრაიერი, ჩვენი ოცეულის მეთაური. რამდენიმე კვირის წინ სისხლიანი ფაღარათი დაემართა, მაგრამ ლაზარეთში დაბრუნება არ უნდა. ურჩევნია ჩვენთან დარჩეს, რადგან ჩვენ ყველანი მშვიდობას ველით და მასაც, ყოველგვარი გაჯანჯლების გარეშე,