შესავალი „მექანიკური ფორთოხლის“
შევსებული გამოცემისთვის 1994 წელს, 76 წლის ასაკში ენტონი ბერჯესის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ბი-ბი-სის შოტლანდიის განყოფილებამ მწერალ უილიამ ბოიდს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ რადიოპიესის დაწერა დაუკვეთა. წარმოდგენა 1994 წლის 21 აგვისტოს შედგა ედინბურგის ფესტივალის ფარგლებში და იგი ბი-ბი-სიმ გადასცა. სპექტაკლის მუსიკალური აკომპანემენტი ბერჯესის „გლაზგოს უვერტიურა“ იყო. პროგრამას ერქვა „An Airful of Burgess“, მთავარ როლებს, ორივე ბერჯესისა და მისი ფიქციური ალტერ ეგოს, პოეტ ფრენსის ქსავიე ენდერბისას, მსახიობი ჯონ სეშენი ასრულებდა. იმავე დღეს „Sunday Times“-მა პირველ გვერდზე სტატია გამოაქვეყნა რადიოპიესის შესახებ სათაურით „ბი-ბი-სი ძალადობის ხაზზე, გაუპატიურების სცენა ფესტივალის სპექტაკლში“. გაზეთი ამტკიცებდა, რომ გადაცემაში აღდგენილი იყო ენტონი ბერჯესის რომანის, „მექანიკური ფორთოხლის“ ცნობილი სცენა. გაკრიტიკებული იყო ამავე რომანის მიხედვით სტენლი კუბრიკის ფილმიც, რომელიც თითქოს „დანაშაულების ტირაჟირებას ახდენს“. ფილმი გააკრიტიკეს „უფასო ძალადობის, გაუპატიურებისა და მკვლელობის სცენების დაუფარავად ჩვენების გამო“. თუმცა ის, ვინც „Sunday Times“-ის სტატია წაიკითხა და შემდეგ ბი-ბი-სის გადაცემას მოუსმინა, იმედგაცრუებული დარჩებოდა. უილიამ ბოიდის პიესაში „მექანიკური ფორთოხლიდან“ მხოლოდ ორწუთიანი მონაკვეთი იყო გამოყენებული. მისი ნამუშევრის მიზანი ბერჯესის ხანგრძლივი ლიტერატურული და მუსიკალური შემოქმედებისთვის სათანადო პატივის მიგება გახლდათ. როგორც ჩანს, გარდაცვლილიც კი, ბერჯესი (თავად თავის ნაწარმოებებში ხშირად ირონიულად აღწერდა მემარჯვენე მიმართულების ჟურნალისტების წერის მანერას) არაინფორმირებულობისა და აპოკალიფსური მოლოდინით შეპყრობილი ჟურნალისტიკის მსხვერპლი გახდა.
„მექანიკური ფორთოხლის“ გარშემო ატეხილი აურზაურის არსის გასაგებად წარსულში უნდა გადავინაცვლოთ, 50 წლით ადრე, როდესაც 1960 წელს ენტონი ბერჯესმა ჩაიფიქრა რომანების სერია წარმოსახვითი მომავლის შესახებ. „მექანიკური ფორთოხალი“ თავდაპირველი გეგმის მიხედვით სამ 70-გვერდიან სექციად დაყოფილი დაახლოებით ორასგვერდიანი ნაწარმოები უნდა ყოფილიყო და მისი მოქმედება 1980 წელს მიმდინარეობდა. ამ რომანის სამუშაო სათაურებად მითითებულია „დირე შენს თვალში“ და „სიგარეტის ნამწვი ალუბალში“. მისი მთავარი პერსონაჟი ანტიგმირი, ბოროტმოქმედი ფრედ ვერიტი იყო. პირველი ნაწილი ფრედის ჩადენილ დანაშაულებსა და მისთვის მსჯავრის დადებას განიხილავდა. მეორე ნაწილში დაპატიმრებული ფრედი „ტვინის გამორეცხვის“ უახლესი მეთოდით მკურნალობის კურსს გადიოდა და საპყრობილეს ტოვებდა. მესამე ნაწილი ითვალისწინებდა ცოდვის საკითხთან დაკავშირებული თავისუფლებითა და ეკლესიების დამოკიდებულებით შეწუხებული ლიბერალი პოლიტიკოსების აგიტაციას. წიგნის ბოლოს ფრედი განიკურნება თავსმოხვეული მკურნალობის კურსისგან და ისევ დამნაშავის ცხოვრებას უბრუნდება.
იმავე პერიოდში ბერჯესი მუშაობდა კიდევ ერთ რომანზე სახელწოდებით „ხელი შეუწყვეთ შეწყვილებას“ (გამოქვეყნდა 1962 წლის ოქტომბერში სათაურით „დაუკმაყოფილებელი თესლი“). ეს კიდევ ერთი ფუტურისტული იგავი იყო ისეთი მჭიდროდ დასახლებული მომავალი სამყაროს შესახებ, სადაც რელიგია აკრძალულია და ჰომოსექსუალიზმი ნორმად არის ქცეული, მეტიც, წახალისებულია მთავრობის მიერ შობადობის გასაკონტროლებლად. ბერჯესის წარმოსახულ მომავალში მამაკაცებს ძალით იწვევენ ჯარში საომარ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. ამ კონფლიქტების ნამდვილი მიზანი ადამიანის ხორცის კონსერვების დამზადება და დამშეული მოსახლეობის გამოკვებაა. როგორც „დაუკმაყოფილებელი თესლის“, ისე „მექანიკური ფორთოხლის“ იდეაა, აჩვენოს მთავრობის პოლიტიკის მუდმივი ქანქარისებური რხევა ერთიდან მეორე უკიდურესობამდე, ავტორიტარული რეჟიმიდან ლიბერალურ თავისუფლებამდე. იუმორისტული ჟანრის ნაწარმოებების წერის ნიჭისა და კულტურული ოპტიმიზმის მიუხედავად, რომელიც მან მასწავლებლობის წლებში გამოავლინა, ბერჯესი გულის სიღრმეში ავგუსტინელი კათოლიკე იყო და ხელაღებით ვერ უარყოფდა პირველყოფილი ცოდვის რწმენას (ტენდენცია, რომლის თანახმად კაცობრიობას უფრო მეტად ბოროტების ჩადენა ძალუძს, ვიდრე სიკეთის). ეს ყველაფერი მან შეითვისა ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს, მანჩესტერის ხავიერის საძმოს წევრებთან ურთიერთობისას. ბოროტებით ასეთივე მოჯადოება ახასიათებს მის მეგობარსა და თანამორწმუნეს, გრემ გრინს, რომლის რომანი „ბრაიტონის კლდე“ (Brighton Rock) (1938) სოციალურ დეკადანსსა და მოზარდების დამნაშავეობას აღწერს.
ვიდრე საკუთარი ანტიუტოპიური რომანების წერას დაიწყებდა, ბერჯესმა ოცდაათი წელი ამ ჟანრის ნაწარმოებების კითხვას შეალია. კრიტიკულ წერილში „The Novel Now“ (1967 წელს პამფლეტის სახით გამოქვეყნდა, ხოლო 1971 წელს წიგნად შევსებული გამოიცა) ერთი თავი უტოპიებსა და ანტიუტოპიებს ეხება. მისი აზრით, XX საუკუნის მწერლებმა უკუაგდეს ჰერბერტ უელსისეული სოციალისტური უტოპია, რომელიც უარყოფდა პირველყოფილ ცოდვას და მისი რწმენის წყაროს მეცნიერული რაციონალიზმი წარმოადგენდა. ბერჯესს უფრო მეტად ოლდოს ჰაქსლის ანტიუტოპიური ტრადიცია აინტერესებდა, რომელმაც თავის რომანებში „საოცარი ახალი სამყარო“ (1932) და „მრავალი ზაფხულის შემდეგ კვდება გედი“ (1939) შეცვალა ამოსავალი დებულება, თითქოს სამეცნიერო პროგრესი ავტომატურად იწვევდეს გაბედნიერებას. ბერჯესზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა სინკლერ ლიუისის პოლიტიკურმა ანტიუტოპიამ „ჩვენთან ეს შეუძლებელია“ (1935), რომელიც ამერიკაში მემარჯვენე დიქტატურის დამყარების პირქუში წინასწარმეტყველებაა, ასევე რექს უორნერის „აეროდრომმა“ (1940) ომის თემაზე, რომლის მთავარი გმირები ფაშისტური შეხედულებების მქონე ახალგაზრდა სიმპათიური მფრინავები არიან. ბერჯესმა ჯორჯ ორუელის „1984“ წიგნის გამოსვლიდან მალევე წაიკითხა (1951 წლის მისი დღიურის ერთ გვერდზე ჩაწერილია