პროლოგი ბოლო მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, იმ დროისთვის ნიუ-იორკში ვიყავი. სამშობლოდან გადმოხვეწილმა, ამ ქვეყნის ენა ძალიან ცუდად ვიცოდი და ნიუ-იორკის 57-ე ქუჩის შემოგარენი თითქმის ჩემს ახალ სამშობლოდ დავიგულე.
უკან დარჩა "ვია დოლოროსას"(ტანჯვის გზა (ესპ.). ) სახელით ცნობილი გრძელი და სახიფათო გზა. ეს სახელი მას იმ ადამიანებმა შეარქვეს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ჰიტლერის რეჟიმს გამოჰქცეოდნენ. გზა ჰოლანდიას, ბელგიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთს პარიზთან აკავშირებდა. იქ იგი ორად იყოფოდა: ერთი მათგანი, ლიონის გავლით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ მიემართებოდა, მეორე კი ბორდოსა და პირენეებზე გადიოდა და ესპანეთამდე, პორტუგალიამდე და ლისაბონის ნავსადგურამდე აღწევდა.
ამ გზას მეც დავადექი, იმ ადამიანების მსგავსად, გესტაპოს რომ დააღწიეს თავი. მაგრამ თვით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს გასაქცევი გზები გადიოდა, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდით, რადგან ოფიციალური პასპორტები და ვიზები ლტოლვილთაგან ძალიან ცოტას ჰქონდა. ჟანდარმებს თუ ჩავუცვივდებოდით ხელში, დაგვაპატიმრებდნენ და ციხეში ჩაგვყრიდნენ, მერე კი ქვეყნიდან გამოგვაძევებდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ადამიანურად გვექცეოდნენ და გერმანიის საზღვარზე არ გადავყავდით, სადაც საკონცენტრაციო ბანაკებში ნაღდი სიკვდილი გველოდა.
უსაბუთებოდ დარჩენილ ამ მშიერ, გასაცოდავებულ და მარტოსულ ადამიანებს ლეგალურად მუშაობის უფლებაც არ ჰქონდათ და ამ მუდმივი ხეტიალის გზას "ვია დოლოროსა" ამიტომ დაარქვეს.
შესასვენებლად პატარა ქალაქების საფოსტო განყოფილებებში ან შარაგზასთან ახლომდებარე შენობების თეთრ კედლებთან ვჩერდებოდით. საფოსტო განყოფილებებში ვცდილობდით, ახლობლებისა და მეგობრებისგან მოკითხვამდე გამოგზავნილი წერილები მიგვეღო, შენობების კედლები კი გაზეთების მაგივრობას გვიწევდნენ. აქ ადამიანები წარწერებით პოულობდნენ დაკარგულ ახლობლებს. მისამართები, გაფრთხილებები, რჩევები თუ იდუმალი წარწერები სიცარიელეში ყვირილით გვამცნობდნენ, რომ ეს არაადამიანური დროება საყოველთაო გულგრილობის შედეგი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამას ომი მოჰყვებოდა, რომლის დროსაც გესტაპო და მილიცია, ხშირად კი ჟანდარმებიც, ჩვენისთანა უბედურ ხალხზე ნადირობას ერთიანი ძალებით დაიწყებდნენ.