პირველი ნაწილი - 1
გემს გავყურებდი, ნაპირიდან მოშორებით, მდინარე ტახოზე(ტახო - მდინარე პორტუგალიასა და ესპანეთში. ყველაზე დიდი მდინარეა იბერიის ნახევარკუნძულზე.) რომ იდგა გაჩახჩახებული. უკვე ერთი კვირაა, ლისაბონში ვიყავი, მაგრამ თვალი მაინც ვერ შევაჩვიე უდარდელად განათებულ ქალაქს. იმ ქვეყნებში, სადაც აქ ჩამოსვლამდე ვცხოვრობდი, ქალაქები ღამით ქვანახშირის მაღაროსავით იყო ჩაშავებული და ლამპიონები უკუნეთ სიბნელეში უფრო შემზარავი იყო, ვიდრე შუა საუკუნეებში მოდებული შავი ჭირი. აქ მეოცე საუკუნის ევროპიდან ჩამოვედი.
სამგზავრო გემი, რომელსაც ახლა ტვირთავდნენ, ზღვაში ხვალ საღამოს უნდა გასულიყო. ნათურების შუქზე ჩანდა, როგორ ტვირთავდნენ მუშები გემს ხორცით, თევზით, კონსერვებით, პურით და ბოსტნეულით. ამწე ისე აფრიალებდა ჰაერში მძიმე ყუთებს და ტომრებს, თითქოს სრულიად არ ჰქონდათ წონა. გემს წარღვნის დროინდელი კიდობანივით ამზადებდნენ ზღვაში გასასვლელად, და მართლაც, 1942 წლის ამ თვეებში, ნებისმიერი გემი, ევროპიდან ზღვაში რომ გადიოდა, წარღვნის მოლოდინში მყოფ კიდობანს ჰგავდა, რომლისთვისაც არარატის მთა ამერიკა იყო. წყალი სულ უფრო და უფრო ზევით იწევდა. წარღვნას უკვე კარგა ხანია წაელეკა გერმანია და ავსტრია; პოლონეთი და პრაღა ღრმად ჩაძირულიყო წყალში, ამსტერდამი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ოსლო და პარიზი უკვე დაეფარა წყალს, იტალიის ქალაქებს ჭაობის სუნი ასდიოდა და ესპანეთსაც არ ელოდა კარგი დღე. ასეთ დროს ერთადერთ იმედად პორტუგალიის სანაპირო რჩებოდა; მხოლოდ აქ შეეძლოთ თავი შეეფარებინათ ლტოლვილებს, რომლებსაც სამართლიანობა, თავისუფლება და შემწყნარებლობა უფრო ძვირად უღირდათ, ვიდრე სამშობლო და საკუთარი სიცოცხლე. თუ აქედან ეგრეთ წოდებულ აღთქმულ ქვეყანაში, ამერიკაში ვერ ჩააღწევდი, დაღუპული იყავი. ამიტომ ჯოჯოხეთურ ორომტრიალში უნდა ჩაბმულიყავი, ქვეყანაში შემოსასვლელი ან ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა რომ მიგეღო, სამუშაო გეშოვა და ლტოლვილების ბანაკში ცხოვრების უფლება მოგეპოვებინა. ასე ერთვებოდი ბიუროკრატიის, სიმარტოვის, გაუცხოების, ცალკეული ადამიანის ბედისადმი გულგრილობის ორომტრიალში, მუდამ რომ თან სდევს ომს, შიშსა და გაჭირვებას. იმხანად ადამიანი არაფერს წარმოადგენდა, მოქმედი პასპორტი კი - ყველაფერს.
ნაშუადღევს ეშტორილის(ეშტორილი - საზღვაო კურორტი ლისაბონის დასავლეთ სანაპიროზე.) სამორინეში წავედი. ჩემი კოსტიუმი ჯერ კიდევ ნორმალურად გამოიყურებოდა, ამიტომ შემიშვეს. ეს ჩემი უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მცდელობა იყო, რომ როგორმე ბედისწერა მომესყიდა. მე და ჩემს ცოლს პორტუგალიაში ყოფნის ვადა რამდენიმე დღეში გვეწურებოდა, სხვა ვიზები კი არ გვქონდა. საფრანგეთში ყოფნისას იმედი გვქონდა, რომ ამერიკაში იმ გემით ჩავაღწევდით, რომელიც ახლა ტახოში იდგა, მაგრამ საფრანგეთი, აი უკვე რამდენიმე თვეა მტერს მიჰყიდეს. არც ამერიკის ვიზები გვქონდა და არც გემის ბილეთების შესაძენი სამასი დოლარი. გადავწყვიტე, ბედი სამორინეში მეცადა, რადგან ახლა ეს ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება იყო. მაგრამ, ჩემი მხრიდან ასეთ საქციელს დიდად ჭკვიანური მაინც არ ეთქმოდა, რადგან ეს ფული რომც მომეგო, მე და ჩემი ცოლი მაინც სასწაულის წყალობით თუ მოვხვდებოდით ამ გემზე. ერთი კია, ლტოლვილი, სასოწარკვეთილი და ხიფათში ჩავარდნილი ადამიანი ცდილობს, სასწაული იწამოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად აქვს გადარჩენის შანსი. ასე და ამრიგად, შემორჩენილი სამოცდაორი დოლარიდან სამორინეში ორმოცდათექვსმეტი წავაგე.
* * *
გვიან ღამით სანაპირო სრულიად უკაცრიელი იყო. ცოტა ხანში ჩემი ყურადღება ვიღაც კაცმა მიიპყრო. იგი ბოლთას სცემდა, დროდადრო ჩერდებოდა და ჩემსავით გემს გაჰყურებდა. ვიფიქრე, რომ ეს კაციც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ცხოვრების ტალღებმა ნაპირზე რომ გამორიყა. მერე ყურადღება აღარ მიმიქცევია, მაგრამ ვიგრძენი, რომ მაკვირდებოდა. ლტოლვილს პოლიციის შიში ძილშიც თან სდევს და მაშინაც კი ეშინია, როცა იცის, რომ შიშის საფუძველი არ აქვს. ამიტომ ამ კაცის ყურადღებამ გამაღიზიანა, შევტრიალდი და სანაპიროდან იმ ადამიანის დინჯი ნაბიჯით წამოვედი, რომელსაც შესაშფოთებელი არაფერი აქვს.
ცოტა ხანში ზურგს უკან ნაბიჯების ხმა შემომესმა. გზა ისე გავაგრძელე, რომ ფეხი არ ამიჩქარებია, მაგრამ მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ დამიჭირეს, ეს ამბავი რუთს როგორ გავაგებინო-მეთქი. სანაპიროს ბოლოს პასტელისფერი სახლები ღამეში მძინარე ფარვანებს ჰგავდა. ვიცოდი, თუ საფრთხე დამემუქრებოდა და ვინმე მოკვლას დამიპირებდა, იმ სახლებამდე მირბენას და ვიწრო შუკებში გაუჩინარებას ვერ მოვასწრებდი.
არადა, უცნობი უკვე გვერდით მომყვებოდა. ჩემზე ოდნავ დაბალი იყო.
- გერმანელი ხართ? - მკითხა გერმანულად.
თავი გავაქნიე და გზა გავაგრძელე.
- მაშ, ალბათ ავსტრიელი ხართ?
პასუხი არ გამიცია. ვხედავდი, პასტელისფერი სახლები ნელ-ნელა როგორ მიახლოვდებოდა. ისიც ვიცოდი, რომ ბევრი პორტუგალიელი პოლიციელი კარგად ლაპარაკობდა გერმანულად.
- პოლიციელი არა ვარ, - მითხრა უცნობმა.
ცხადია, არ დავუჯერე. უნიფორმა არ ეცვა, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა ჟანდარმებმა ევროპაში ყოფნისას უკვე არაერთხელ დამიჭირეს. მართალია,