წინასიტყვაობა
„მაგრამ უტოპიები გაცილებით რეალური აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. და ახლა მეორე მტანჯველი შეკითხვა ითხოვს პასუხს: როგორ ავირიდოთ თავიდან მათი საბოლოო განხორციელება [...] უტოპიები შესაძლებელია. [...] ცხოვრება უტოპიებისკენ მიდის. და იქნებ ინტელიგენციისა და კულტურული ფენის ოცნებათა ახალი ასწლეული იწყება, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან უტოპიები და როგორ დავუბრუნდეთ არაუტოპიურ, ნაკლებად „სრულყოფილსა“ და უფრო თავისუფალ საზოგადოებას“.
ნიკოლაი ბერდიაევი
ქართველი მკითხველი განებივრებული იყო და არის მსოფლიო ლიტერატურის შედევრების შესანიშნავი ქართული თარგმანებით, თუმცა დღემდე, რატომღაც, ოლდოს ჰაქსლის სულ რამდენიმე ნაწარმოებია გადმოქართულებული. მკითხველის სამსჯავროზე გამოტანილი დისტოპიური რომანის – „საოცარი ახალი სამყაროს“ წინამდებარე თარგმანი ამ სიცარიელის ამოვსებას ისახავს მიზნად.
„საოცარი ახალი სამყარო“ ამერიკული „უახლესი ბიბლიოთეკის“ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანების ასეულში მოხვდა. ის სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში აკრძალული იყო. რომანი, რომელიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ორუელის „1984“-ს და „ცხოველების ფერმას“ თუ ბრედბერის „ფარენჰაიტი-451“-ს, რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება – ოლდოს ლეონარდ ჰაქსლის (1894-1963) ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
ჰუმანისტი, პაციფისტი და სატირის დიდოსტატი ჰაქსლი დაბადებიდანვე ინტელექტუალობისთვის იყო „განწირული“. მისი ოჯახი ინგლისის სამეცნიერო და კულტურულ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. მამა ლეონარდ ჰაქსლი მწერალი იყო; ბაბუა, თომას ჰაქსლი – ბიოლოგი, „დარვინის ბულდოგი“, როგორც მას ევოლუციური თეორიის მხარდაჭერისთვის უწოდებდნენ; ძმა ჯულიანი – ასევე ცნობილი ბიოლოგი და იუნესკოს პირველი დირექტორი გახლდათ. ჰაქსლის დედა არნოლდების გვარს ენათესავებოდა, რომელმაც ინგლისურ კულტურას არაერთი გამოჩენილი ადამიანი მოუვლინა. ჰაქსლიმ განათლება იტონსა და ოქსფორდში მიიღო. 16 წლის ასაკში თვალის დაავადებამ სერიოზულად დაუზიანა მხედველობა, რის გამოც უარი თქვა სამედიცინო კარიერაზე და 17 წლის ასაკში წერა დაიწყო.
მწერლის ორმოცწლიანი ლიტერატურული მემკვიდრეობა ძალიან მრავალფეროვანი და უნივერსალურია: ლექსები, მოთხრობები, სცენარები, სამოგზაურო ქრონიკები, ისტორიული ბიოგრაფიები, კრიტიკული ესეები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიური ტრაქტატები. თუმცა საყოველთაო წარმატება მას 1920-30-იან წლებში გამოქვეყნებულმა რომანებმა მოუტანა. „ყვითელი კრონი“, „მასხრული ფერხული“, „კონტრაპუნქტი“, „ის უნაყოფო ფოთლები“, „საოცარი ახალი სამყარო“, „ბრმა ღაზაში“– ამ ინტელექტუალურ, ე.წ. იდეების რომანებში ჰაქსლი ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკისა და ეთიკის ფუნდამენტურ საკითხებს იკვლევს. შემოქმედების გვიანდელ ეტაპზე მას სპირიტუალიზმი, კერძოდ პარაფსიქოლოგია და ფსიქოლოგიური მისტიციზმი იტაცებს. ამ პერიოდის ნაწარმოებებია „მარადიული ფილოსოფია“, „მრავალი ზაფხულის შემდეგ კვდება გედი“, „დრო უნდა გაჩერდეს“ და სხვ. ჰაქსლი დაინტერესებული იყო ადამიანის ფსიქიკასა და ცნობიერებაზე ფსიქოდელიური ნივთიერებების ზემოქმედებით. 1954 წელს, საკუთარი ექსპერიმენტული გამოცდილების საფუძველზე, მან ამ თემას მიუძღვნა ესეები „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ და „აღქმის კარი“. ეს უკანასკნელი საკულტო ტექსტად იქცა და სწორედ აქედან აიღო სახელწოდება როკ ჯგუფმა „The Doors“; ლეგენდარულმა „ბითლზმა“ კი ჰაქსლის ფოტო ალბომ „Sgt. Pepper’s“-ის გარეკანის ფოტოკოლაჟში მოათავსა.
ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია ჰ. უელსის დისტოპიურ რომანზე „ადამიანები, როგორც ღმერთები“. ის 1932 წელს, პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, ზნეობრივ-ეთიკური რევოლუციების პერიოდში გამოიცა. კომუნიზმი რუსეთში, ფაშიზმის მომძლავრება ევროპაში, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის განვითარება, ხმოვანი კინო, მოდა, მასობრივი წარმოება – ფასეულობების ასეთივე რევოლუციური გადაფასება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მოხდა. ამ წანამძღვრებს ჰაქსლი სატირული, გროტესკული ხერხებით გადმოგვცემს რომანში და მისი თანამედროვე ტენდენციების იმ საზარელ შედეგებს წინასწარმეტყველებს, რომლებიც ექვსასი წლის შემდეგ, არცთუ უსისხლოდ, ტოტალიტარულ მსოფლიო სახელმწიფოდ ყალიბდება. ამ „საოცარ ახალ სამყაროში“ სტაბილურობას, ტექნიკურ პროგრესს, მომხმარებლობის და კეთილდღეობის აპოლოგიას ადამიანის თავისუფლება და ინდივიდუალობა, რელიგია და კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება ეწირება; ოჯახი, გრძნობები და ადამიანური ურთიერთობები ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიების, შობადობის ტოტალიტარული კონტროლისა და ახალი სექსუალური ტრადიციების მსხვერპლია; აქ უარყოფილია ისტორია და ახალი წელთაღრიცხვა პირველი საწარმოო კონვეიერის შემქმნელის, ჰენრი ფორდის დაბადებიდან იწყება; აქ ღმერთთან გაიგივებული არიან ფორდი და ფროიდი, ანუ მასობრივი წარმოება და მოხმარება, ლიბიდო და ჰიპნოზი; აქ, ინგლისურის გარდა, ყველა ენა მკვდარია, სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად წახალისებული ნარკოტიკის წყალობით, არავინაა მარტო და ამ „სამოთხეში“ ყველა „ბედნიერია“.
რომანის სათაური ჰაქსლიმ შექსპირის „ქარიშხლიდან“ აიღო, ხოლო თავად შექსპირის თემა, როგორც ხელოვნების, კაცობრიობის გენიის და ჰუმანიზმის სიმბოლო, სულიერებისგან აბსოლუტურად დაცლილ ახალ სამყაროს დაუპირისპირა.
კრიტიკამ თავდაპირველად უარყოფითად მიიღო რომანი. მწერალს სიუჟეტი და პერსონაჟების ზედაპირულობა, სტრუქტურის სქემატურობა და ტონი დაუწუნეს. რომანში გამოთქმული აზრები უადგილო, არცთუ ორიგინალურ პროპაგანდად შერაცხეს, ჰაქსლის ბურჟუაზიული შეზღუდულობა დასწამეს და ჩათვალეს, რომ რომანის დაწერა „თავის შეწუხებადაც არ ღირდა“. ამ ფონზე, დადებითი შეფასებები ბევრად მოკრძალებული იყო. მიუხედავად ამისა, რომანმა დროის გამოცდას გაუძლო. თაობების ინტერესი მის მიმართ ოთხმოცი წლის მანძილზე არ განელებულა.