I
კლერფემ მანქანა ავტოგასამართ სადგურთან გააჩერა. სადგურის წინ თოვლი უკვე გადაეხვეტათ. ტელეფონის ბოძებზე წამოსკუპული ყვავები გულშემზარავად ჩხაოდნენ. სადგურის უკან პატარა სახელოსნოში ვიღაც თუნუქზე ურტყამდა ჩაქუჩს. კაკუნი მიწყდა და გარეთ თექვსმეტიოდე წლის ახალგაზრდა გამოვიდა. წითელი სვიტერი ეცვა და ფოლადისჩარჩოიანი სათვალე ეკეთა.
- ჩამისხით ბენზინი! - უთხრა კლერფემ და მანქანიდან გადმოვიდა.
- უმაღლესი ხარისხის?
- დიახ. ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება აქ კაცმა ცოტათი წაიხემსოს?
ახალგაზრდამ თითი გზის მეორე მხარეს გაიშვირა.
- დღეს იქ სადილად ღორის ფეხების მუჟუჟი ჰქონდათ. მოვხსნა საბურავებზე ჯაჭვი?
- რატომ? უღელტეხილზე განა ამაზე მეტად არაა გზები მოყინული?
- უღელტეხილზე გადასვლას ნურც იფიქრებთ, გუშინ ისევ დაიკეტა, მით უფრო, ასეთი დაბალი სპორტული მანქანით გზას ვერ გაიკვლევთ.
- ვითომ? - თქვა კლერფემ, - უცნაური ახალგაზრდა ხართ.
- თქვენზეც იმავეს ვიტყოდი, - უპასუხა მან. - წყალი ხომ არ მივასხურო მანქანას? ძალზე ჭუჭყიანია.
- არა. ჯობს საქარე მინა გამიწმინდო.
მანქანას ეტყობოდა, კარგა ხნის გაურეცხავი იყო. კოკისპირული წვიმების შემდეგ მისი ფრთები და კაპოტი სენ-რაფაელის სანაპიროზე მოწითალო მტვერმა დაფარა და მოხატულ ქსოვილს დაამსგავსა. საფრანგეთის გზაზე სატვირთო ავტომობილების თვლებმა, როდესაც მის გასწრებას ცდილობდნენ, მანქანის ძარას გუბეებიდან ტალახისა და კირის შხეფები მიასხურა.
კლერფემ რესტორნის საერთო დარბაზს მიაშურა. ჯიბიდან ტყავში გახვეული მათარა ამოიღო.
- შეგიძლიათ კონიაკით შემივსოთ? თუ გაქვთ „კურვუაზიერი“, „რემი-მარტენი“ ან „მარტელი“?
- „მარტელს“ მოგართმევთ.
გოგონამ მათარა კონიაკით შეუვსო. უცებ საიდანღაც კატა გამოჩნდა და კაცს ფეხზე მიელაქუცა. კლერფემ ორი კოლოფი სიგარეტი და ასანთი მოატანინა, შემდეგ კი ანგარიში გაუსწორა.
- ეს კილომეტრებია? - იკითხა წითელსვიტერიანმა ყმაწვილმა და სპიდომეტრზე მიუთითა.
- არა, მილებს აღნიშნავს.
ყმაწვილმა დაუსტვინა.
- რას აკეთებთ აქ, ალპებში? რატომ არა ხართ თქვენი სპორტული მანქანით ავტოსტრადაზე?
კლერფემ ახალგაზრდას შეხედა. მყისვე თვალში ეცა მისი დამუწუკებული სახე, აპრეხილი ცხვირი, სათვალის მბზინავი მინები, გადმოკეცილი ყურები. ეს იყო არსება, რომელმაც ეს-ეს არის, ბავშვობა დაამთავრა, იჭიმება და თავი მოზრდილ ადამიანად მიაჩნია.
- ჩემო ბიჭუნავ, ყოველთვის სწორად ვერ მოიქცევი. მაშინაც კი, როდესაც ამას თავად გრძნობ. ამაშია ზოგჯერ სიცოცხლის მშვენიერებაც. გასაგებია?
- არა, - მიუგო ყმაწვილმა და ცხვირი აიბზიკა.
- სასიგნალო ტელეფონი არის უღელტეხილზე?
- რასაკვირველია. გაგვაგებინეთ, თუ სადმე დარჩეთ გზაზე, მაშინვე აღმოგიჩენთ დახმარებას. აი, ჩვენი ნომერი.
- შენი გვარი ალბათ პესტალოცი ან ლავატარი იქნება...
- არა, გერინგი ვარ.
- რა?
- გერინგი, სახელად ჰუბერტს მეძახიან.
- გერინგი. ნათესავი ხომ არა ხარ იმ...
- არა, - შეაწყვეტინა ჰუბერტმა, - ჩვენ ბაზალელი გერინგები ვართ, სხვა წარმოშობის. ასე რომ არ იყოს, ბენზინის გაყიდვა აღარ დამჭირდებოდა. კარგ პენსიასაც მივიღებდით.
კლერფე დუმდა.
- საოცარი დღეა, - თქვა მან ბოლოს, - არ ველოდი, რომ შენისთანა ადამიანს შევხვდებოდი. წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში, ჩემო ბიჭუნავ. ძალზე უცნაური ვინმე ყოფილხარ!
- თქვენ... თქვენ ავტომრბოლელი არა ხართ?
- საიდან იცი?
ჰუბერტ გერინგმა თითქმის წაშლილ ნომერზე მიუთითა, რომელიც ტალახის ქვეშ, რადიატორზე მოჩანდა.
- ფულის გადახდა დაგავიწყდათ, ორმოცდაორი ფრენკლი მეკუთვნის, - უთხრა ჰუბერტმა.
- ფრენკლი! - კლერფემ ფული გადაუხადა. - ეს მე ნაწილობრივ მამშვიდებს, ჰუბერტ: იმ ქვეყანაში, სადაც ფულს საალერსო სახელს უწოდებენ, ვფიქრობ, არასოდეს იქნება დიქტატურა!
ერთი საათის შემდეგ მანქანა გაჩერდა. ადგილიდან ვეღარ იძვროდა. კლერფეს შეეძლო უკან დაბრუნებულიყო, ჩამოსულიყო დაღმართზე, მაგრამ არავითარი სურვილი არ ჰქონდა კვლავ იმ უცნაურ ჰუბერტს შეხვედროდა. მშვიდად იჯდა მანქანაში, სიგარეტს ეწეოდა, კონიაკს მიირთმევდა, ყვავების ჩხავილს ისმენდა და ღვთისაგან შველას ელოდა.
და რამდენიმე ხნის შემდეგ ისიც გამოჩნდა პატარა თოვლსაწმენდის სახით.
კლერფემ დარჩენილი კონიაკი მის მძღოლს გაუყო. მანქანა წინ წავიდა და თოვლის წმენდა დაიწყო. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს უზარმაზარ თეთრ წაქცეულ ხეს ხერხავსო, რომლის ნახერხი მზის შუქზე ცისარტყელას ფერად ბზინავდა.
ორასი მეტრის შემდეგ გზა გათავისუფლდა. მძღოლმა თოვლსაწმენდი გააჩერა და კლერფეს ხელი დაუქნია. მასაც, როგორც ჰუბერტს, წითელი სვიტერი ეცვა და სათვალე ეკეთა. კლერფემ სხვა თემაზე არ გაუბა საუბარი - ესეც ახლა მეორე გერინგი არ გამოდგესო!
ჰუბერტმა მოიტყუა, უღელტეხილი არ იყო დაკეტილი. მანქანა სწრაფად ავიდა მაღლა და კლერფეს თვალწინ გადაეშალა ფართო ველი, რომელიც მოლურჯოდ ელვარებდა აისის შუქზე. მის წინ გარბოდნენ თეთრსახურავიანი სახლები, მოღრეცილი ეკლესიები, საციგურაო მოედნები, სასტუმროს შენობები და განათებული ფანჯრები. კლერფემ მანქანა გააჩერა