1
თითქმის ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ, ნამდვილად მოხდა. ყოველ შემთხვევაში, სადაც ომზე ვწერ, იქ ყველაფერი სიმართლეა. ერთი ჩემი ნაცნობი მართლა მოკლეს დრეზდენში იმის გამო, რომ სხვისი ჩაიდანი აიღო; მეორე მართლა იმუქრებოდა, ომი რომ დამთავრდება, მკვლელს დავიქირავებ და ყველა ჩემს მტერს მოვაკვლევინებო და ასე შემდეგ. ოღონდ სახელები ყველას შევუცვალე.
დრეზდენშიც ნამდვილად დავბრუნდი, 1967 წელს, გუგენჰაიმის ფულით (ვგიჟდები, ისე მომწონს ეს ამბავი). მაშინ იქაურობა ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონს ჰგავდა ძალიან. მხოლოდ, დეიტონთან შედარებით, მეტი მოშიშვლებული სივრცე იყო. ადამიანის ძვლები, ალბათ, ტონობით აპოხიერებდა მის მიწას.
ძველ, ომისდროინდელ ძმაკაცთან, ბერნარდ ვ. ო’ჰეირთან ერთად დავბრუნდი, დრეზდენში კი ერთ ტაქსის მძღოლს დავუმეგობრდით, რომელმაც იმ სასაკლაოსთან გაგვიყვანა, ტყვედ ჩავარდნილებს ღამღამობით რომ გვამწყვდევდნენ ხოლმე. გერჰარდ მიულერი ერქვა იმ მძღოლს. გერჰარდმა გვითხრა, ცოტა ხანი მეც გავატარე ამერიკელების ტყვეობაშიო. ვკითხეთ, როგორი იყო კომუნიზმში ცხოვრება; თავიდან - საშინელებაო, გვიპასუხა, იმიტომ რომ ყველას დილიდან ღამემდე უწევდა მუშაობა, მაგრამ არც ჭერი ჰქონდათ წესიერი თავზე, არც კვება და ტანსაცმელი. ახლა, რა შედარებაა, უკეთესობააო. უკვე სიმპათიური პატარა ბინა ჰქონდა თურმე, მისი ქალიშვილი კი შესანიშნავ განათლებას იღებდა. დედამისი დრეზდენის დაბომბვისას დაიწვაო, გვითხრა. ჰოდა ეგრე.
საშობაოდ გერჰარდმა ო’ჰეირს ღია ბარათი გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა:
„ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს, ასევე თქვენს მეგობარს, და იმედი მაქვს, რომ ოდესმე, თუკი მუხთალმა ბედმა ინება, მშვიდობიან და თავისუფალ სამყაროში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ტაქსიში.“
ეს „თუკი მუხთალმა ბედმა ინება“ განსაკუთრებით მომწონს.
ახლა მეზარება და მძაგს იმის მოყოლა, რა ფული, დრო და ნერვები დამიჯდა ამ ერთი პატარა, საცოდავი წიგნის დაწერა. ოცდაორი წლის წინ, როცა მეორე მსოფლიო ომიდან დავბრუნდი, მეგონა, ბევრი არაფერი უნდოდა იმის მოყოლას, როგორ გაასწორეს მიწასთან დრეზდენი, მხოლოდ ის უნდა გადმომეტანა ქაღალდზე, რაც საკუთარი თვალით ვნახე. უფრო იმას მოველოდი, რომ შედევრი გამომივიდოდა, ანდა, შედევრი თუ არ იქნებოდა, დიდ ფულს მაინც მომიტანდა, თემა ხომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და დრეზდენზე წერა დავიწყე, თავში სიტყვები არ მომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, წიგნის დაწერას რომ სჭირდება, იმდენი არა. სიტყვები მაინცდამაინც არც ახლა მყოფნის, როცა ერთ კუანა ბებრად ვიქეცი, რომელსაც არც მოგონებები აკლია, არც ძმაკაცები, შვილებიც კი მოესწრნენ. ახლა ვფიქრობ, თურმე რა უსარგებლო ყოფილა ჩემი მოგონებების ის ნაწილი, რომელიც დრეზდენს უკავშირდება, და მაინც როგორი საცდურია ეს დრეზდენი, როგორ გაწერინებს თავის შესახებ. და ერთი ცნობილი ლიმერიკი მახსენდება:
„ერთი სტამბოლელი, მახსოვს,
ემდუროდა თავის ასოს:
დამავსო და დამაქცია,
თან ისეთი ზარმაცია,
არც დგება და აღარც ფსამსო.“
კიდევ ერთი სიმღერა მახსენდება, დაახლოებით ასეთი სიტყვებია:
„ვარ იონ იონსონი და
მომაქვს უისკონსინიდან
ფიცრად დაჭრილი ხეტყე.
თუკი ქუჩაში შემხვედრმა
ცნობისწადილით შემხედა,
გავუცინებ და ვეტყვი:
„ვარ იონ იონსონი და
მომაქვს უისკონსინიდან...“
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაუსრულებლად.
ბოლო რამდენიმე წელია, ადამიანს რომ გავიცნობ და ჩემი ხელობის შესახებ შემეკითხება ხოლმე, ვპასუხობ, რომ ძირითადად წიგნს ვწერ, დრეზდენზე.
ერთხელ ჰარისონ სთარსაც ასე ვუპასუხე, რეჟისორს, რაზეც მან წარბები აზიდა და ჩემს პასუხში ჩამეძია, „ომის საწინააღმდეგო წიგნია ალბათ, არა?“
ჰო, ვუპასუხე, ალბათ ეგრეა-მეთქი.
„იცი, რას ვეუბნები ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ომის საწინააღმდეგო წიგნს წერს?“
„არა, არ ვიცი. რას ეუბნები ასეთ ადამიანს, ჰარისონ სთარ?“
„რას და, ზვავსაწინააღმდეგო წიგნებს რატომ არავინ წერთ-მეთქი.“
ანუ, ის იგულისხმა, რასაკვირველია, რომ ომები ყოველთვის იყო და იქნება და, როგორც მომწყდარ ზვავს ვერ შეაჩერებ, ისე მანდაც ვერაფერს გააწყობო. ვეთანხმები, მეც ასე ვფიქრობ.
ზვავივითაც რომ არ იცოდეს ომმა მოვარდნა, სიკვდილს მაინც ვერავინ გაექცევა.
ოდნავ უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი და უკვე ჩემს ცნობილ დრეზდენის წიგნზე ვმუშაობდი, ფრონტის ძველ მეგობარს, ბერნარდ ო’ჰეირს შევუთვალე, რას იტყვი, შენს სანახავად რომ ჩამოვიდე-მეთქი. ბერნარდი ოლქის პროკურორად მუშაობდა პენსილვანიაში. მე კი ერთი კეიპკოდელი მწერალი ვიყავი. ომის წლებში ქვეითი ჯარის დაზვერვაში ვმსახურობდით ერთად. მაშინ ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ომის მერე ფული გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ იმ დროისთვის ამ მხრივ უკვე ორივეს არა გვიშავდა რა.
ბერნარდი „ბელის სატელეფონო კომპანიას“ მოვაძებნინე. ამ საქმეში ბადალი არ ჰყავთ. რა ვქნა, ჩემი სენია, ღამღამობით მახსენებს ხოლმე თავს - ჯერ სასმლის წრუპვა, მერე კი ტელეფონთან მიჩოჩება და რეკვა დამჩემდა.