თაგვებსა და ადამიანებზე
მდინარე სალინასი სოლედადის სამხრეთით რამდენიმე მილში, ბორცვისპირა სანაპიროსთან ეშვება და შემდეგ უკიდეგანოდ ღრმა და მწვანით მოსილი მიედინება. წყალი თბილია, რადგან ვიდრე ვიწრო აუზში მოექცეოდა, დიდხანს მოლივლივებდა ყვითელ ქვიშაზე თაკარა მზის ქვეშ. მდინარის ერთ მხარეს ოქროსფერი სივრცე იშლება, რომელიც გაბილანის ძლევამოსილი, კლდოვანი მთების წინაშეა აღმართული, ხეობის მეორე მხარეს კი წყალი დასერილია ხეებით – ტირიფებით, რომლებიც გაზაფხულზე ქორფა სიმწვანით იმოსებიან და ზამთრის წყალდიდობებს მოყოლილ ნაფოტებს ქვედა ტოტების ფოთლებქვეშ ინახავენ, – და ნეკერჩხლებით, თეთრხალებიანი, გადაზნექილი მსხვილი და წვრილი ტოტებით მდინარის კალაპოტს თაღივით რომ გადახურვიან. ქვიშის სანაპიროზე ხეებქვეშ ისე უხვად ყრია ხმელი ფოთლები, რომ ხვლიკიც ვერ გაირბენს უხმაუროდ. საღამოობით კურდღლები ბუჩქებიდან სილაზე გამოდიან, ღამღამობით კი სანაპიროს ვრცელი, ნესტიანი მიდამო მოფენილია ენოტების ნაკვალევით, შუაღამით წყლის დასალევად რანჩოებიდან გამოსული ძაღლების თათებისა და ირემთა ორად გაპობილი ჩლიქების ანაბეჭდებით.
ტირიფებსა და ნეკერჩხლებს შორის ბილიკი გათელილი აქვთ რანჩოებიდან ღრმა მდინარეში საცურაოდ ჩამოსულ ბიჭებს და დატკეპნილი – მაწანწალებს, საღამოობით გზატკეცილიდან რომ გადმოუხვევენ ხოლმე დაღლილები მდინარის პირას ღამის გასათევად. გიგანტური ნეკერჩხლის ჰორიზონტალურად გადმოწოლილი მსხვილი ტოტის წინ ნაცრის დიდი გროვაა, რომელიც ამ ადგილას ხშირად გაჩაღებულ კოცონზე მიუთითებს. მსხვილი ტოტი კი, რომელიც უამრავი ადამიანის მოსასვენებელი ადგილი გამხდარა, ამდენი ჯდომისგან უკვე გამოფიტულა და გალეულა.
ცხელი დღის შემდეგ, საღამოხანს სუსტმა ნიავმა ფოთლები ააშრიალა. ჩრდილი ნელ-ნელა მთის მწვერვალებსაც გადაეფარა. სილიან სანაპიროზე კურდღლები პატარა, ნაცრისფერი გამოქანდაკებული ქვებივით ჩამოსხდნენ. მალე შარაგზის მხრიდან ფეხის ხმა მოისმა – ვიღაც ნეკერჩხლის გამხმარ ფოთლებს შორის მოაბიჯებდა. კურდღლებმა უჩუმრად თავშესაფრებს მიაშურეს. თავმომწონე ყანჩა ჰაერში შეფრთხიალდა და მძიმედ დაეშვა მდინარისკენ. სულ ერთი წამით ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კი ბილიკზე ორი კაცი გამოჩნდა, რომლებიც მწვანე გუბურასთან, მდელოზე გამოვიდნენ.
ბილიკს ერთმანეთის მიყოლებით მოუყვებოდნენ და გაშლილ მდელოზეც კი ის ერთი მეორის უკან იდგა. ორივეს ტილოს შარვლები დაყ თითბრისღილებიანი ქურთუკები ეცვათ, შავი, უფორმო შლაპები ეხურათ და მხარზე მჭიდროდ დახვეული პლედები ჰქონდათ მოგდებული. წინ მომავალი კაცი პატარა და სწრაფი იყო, მუქი ფერის სახე, მოუსვენარი თვალები და მკაცრი, ძლიერი ნაკვთები ჰქონდა. მისი სხეულის თითოეული ნაწილი გამომსახველობითი იყო: პატარა, ძლიერი ხელები, მოხდენილი მკლავები, თხელი და სწორი ცხვირი. მის უკან კი გოლიათივით კაცი მოაბიჯებდა, ბრტყელი სახით, დიდი, უღიმღამო თვალებით, განიერი, ჩამოშვებული მხრებით. მოდიოდა მძიმედ, ფეხებს ოდნავ მოათრევდა, ზუსტად ისე, როგორც დათვი – თავის თათებს. სიარულის დროს ხელებს არ ამოძრავებდა, უსარგებლოდ ჰქონდა ჩამოყრილი.
წინ მომავალი მამაკაცი ისე მოულოდნელად შედგა მდელოზე, რომ უკანმიმყოლი ლამის დაეჯახა. პირველმა შლაპა მოიხადა და საჩვენებელი თითით ქუდის შიდა მხარეს ტყავის ლენტს ოფლის წვეთები მოაშორა. მისმა გოლიათმა თანამგზავრმა პლედები ძირს დაყარა, დაემხო და პირდაპირ მწვანე გუბურაში დაეწაფა წყალს. სვამდა ხარბად, დიდი ყლუპებით და ცხენივით ფრუტუნებდა. პატარა კაცს მოუსვენრობა დაეტყო და ზურგიდან მიუახლოვდა.
– ლენი, – უთხრა მკვახედ, – ლენი, თუ ღმერთი გწამს, ამდენს ნუ სვამ. – ლენი კი გუბურაში ცხენივით ფრუტუნს განაგრძობდა. პატარა კაცი გადაიხარა და მხრებით მოზიდა.
– ლენი, წუხანდელივით ავად გახდები.
ლენი ჯერ შლაპიანად წყალში ჩაყურყუმელავდა, შემდეგ ნაპირზე ჩამოჯდა, წყლის წვეთები შლაპიდან ლურჯ ქურთუკსა და მთელს ზურგზე წურწურით ჩამოსდიოდა.
– კარგია, – თქვა მან, – შენც დალიე, ჯორჯ, ბევრი დალიე, – გაუღიმა ბედნიერად.
ჯორჯმა დახვეული პლედი მოიხსნა და ფრთხილად დადო მიწაზე.
– ეს წყალი რაღაც სუფთას არ ჰგავს, ძალიან ქაფიანია.
ლენიმ თავისი ტორი წყალში ჩაჰყო და თითები ისე აათამაშა, რომ წყალი აქაფდა, შემდეგ წრეები გაფართოვდა, გუბურის მეორე მხარისკენ იქცია პირი და შემდეგ უკან შემობრუნდა. ლენი თვალმოუშორებლად უყურებდა:
– ნახე, ჯორჯ, ნახე, რა გავაკეთე.
ჯორჯმა გუბურასთან ჩაიჩოქა და პეშვით სწრაფად დალია წყალი.
– გემოს არა უშავს, – აღიარა მან, – თუმცა, არ მგონია გამდინარე იყოს. ლენი, არ უნდა დალიო წყალი, თუ ის გამდინარე არ არის. აბა, შენ თუ მოგწყურდა, ჭუჭყიანი სანიაღვრედანაც დალევ. – ერთი მუჭა წყალი სახეში შეისხა და ნიკაპქვეშ ყელი და კისერი ხელით ჩამოიბანა. შემდეგ ისევ დაიხურა შლაპა, წყლისგან მოშორებით ჩამოჯდა, ფეხები მოიკეცა და ხელები შემოაჭდო. ლენიმ, რომელიც თვალს არ აშორებდა, ზედმიწევნით გაიმეორა იგივე: წყლისგან მოშორებით ჩამოჯდა, ფეხები მოიკეცა, ხელები შემოაჭდო და ისევ ჯორჯს შეხედა, რომ დარწმუნებულიყო, ყველაფერი