თავი პირველი ქალი პირდაპირ რავიკისკენ მიეშურებოდა სწრაფად, მაგრამ უცნაური ტორტმანით. რავიკმა იგი მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა მის პირდაპირ აღმოჩნდა. ქალს ფერმკრთალი, მაღალყვრიმალებიანი სახე და ღრმად ჩამჯდარი თვალები ჰქონდა. ფარნის მკრთალ შუქზე რავიკმა მისი გაქვავებული, ნიღბის მსგავსი სახე დალანდა. ეტყობოდა, დიდი უბედურება დასტეხოდა თავს, რადგან, ილაჯგაწყვეტილს, ისეთი არაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, რომ რავიკი უნებურად შეცბა.
ქალმა ისე ახლოს ჩაუარა, ლამის სამოსის კალთით შეეხო. რავიკმა იდაყვში წაავლო ხელი. ქალი წაბარბაცდა, ალბათ, წაიქცეოდა კიდევაც, რომ არ მიშველებოდა.
რავიკმა ხელი მაგრად მოუჭირა.
- საით მიბრძანდებით? - ჰკითხა შეყოვნების შემდეგ.
ქალმა თვალი თვალში გაუყარა.
- გამიშვით! - თქვა ჩურჩულით.
რავიკმა არაფერი უპასუხა, არც ხელი გაუშვა.
- გამიშვით-მეთქი! რა არის ეს? - ქალი ძლივს ამოძრავებდა ტუჩებს. თითქოს ვერ ხედავდა; სადღაც იქით, ღამის წყვდიადისათვის მიეპყრო მზერა; იდგა და მონუსხულივით იმეორებდა: - გამიშვით! გამიშვით!
რავიკმა გაიფიქრა, არც მეძავია და არც მთვრალიო. თითები ოდნავ გაშალა. ქალს ეს არც შეუნიშნავს, ისევ ისე იდგა, თუმცა ადვილად შეეძლო ხელიდან გასხლტომოდა.
რავიკმა ცოტა ხანს შეიცადა.
- სად მიდიხართ ამ ღამეში, მარტოდმარტო, ასეთ დროს, პარიზში? - ერთხელ კიდევ ჰკითხა მშვიდად და ხელი გაუშვა.
ქალი ხმას არ იღებდა, მაგრამ ადგილიდანაც არ იძვროდა. თითქოს, რაკი შეჩერდა, გზის გაგრძელების თავი აღარ აქვსო.
რავიკი ხიდის მოაჯირს მიეყრდნო. ხელებით სველ, ნასვრეტებიან ქვას შეეხო, სიცივე შეიგრძნო.
- იქით ხომ არა? - უთხრა და თავით ანიშნა დაბლა, სადაც სენა რუხი მოლივლივე ტალღების ციაგით მიედინებოდა და ალმას ხიდის ჩრდილს აწყდებოდა.
ქალი დუმდა.
- მეტისმეტად ადრეა, - უთხრა რავიკმა. - მეტისმეტად ადრეა და თანაც ძალზე ცივა, ნოემბერია.
სიგარეტის კოლოფი და ასანთი ამოიღო. მუყაოს კოლოფში სულ ორი ღერი აღმოჩნდა. რავიკი დაიხარა, ალი ხელისგულებით დაფარა, რომ მდინარიდან მონაბერ ნიავს არ ჩაექრო.
- მეც მომეცით სიგარეტი, - ძლივსგასაგონად წარმოთქვა ქალმა.
რავიკი გასწორდა და კოლოფი უჩვენა.
- ალჟირულია, შავი თამბაქო. ასეთ თამბაქოს უცხოეთის ლეგიონის ჯარისკაცები ეწევიან. ვშიშობ, თქვენთვის მეტისმეტად მაგარია. სხვა არ მაქვს.
ქალმა თავი გააქნია და სიგარეტი აიღო. რავიკმა ანთებული ასანთი გაუწოდა. ქალმა რამდენჯერმე ღრმა ნაფაზით მოსწია. რავიკმა ასანთი მოაჯირიდან გადაისროლა. პატარა მოწყვეტილი ვარსკვლავივით გადაიქროლა ანთებულმა ასანთის ღერმა, წყვდიადი გადასერა და, წყალს რომ მიაღწია, ჩაქრა.
ხიდზე ნელა შემოსრიალდა ტაქსი. მძღოლმა მანქანა გააჩერა, მათკენ გამოიხედა, ცოტა ხანს შეჩერდა, მერე ისევ დაიძრა და გეორგ მეხუთის სახელობის სველსა და ბნელში მოზიმზიმე გამზირს აუყვა.
უეცრად რავიკმა საოცარი დაღლილობა იგრძნო. მთელი დღე თავაუღებლად იმუშავა და შინ მისულს ძილი არ მოეკიდა. მაშინ ქუჩაში გამოვიდა, რამეს დავლევო. ახლა კი, გვიანი ღამის ამ ძენძეხში, დაღლილობამ თავი შეახსენა.
რავიკმა ქალს გადახედა. რისთვის გააჩერა? აშკარაა, რაღაც უბედურება დასტეხოდა თავს. მაგრამ მას რა ესაქმება? განა სხვა დროს არ შეხვედრია სასოწარკვეთილი ქალები? მეტადრე ღამით, ისიც პარიზში... ახლა მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, ძილი.
- წადით შინ, - უთხრა რავიკმა ქალს. - რა უნდა აკეთოთ ამ დროს აქ? რაიმე უსიამოვნებას გადაეყრებით.
საყელო აიწია, წასვლა დააპირა. ქალი გაოგნებული შესცქეროდა.
- შინ? - გაიმეორა.
რავიკმა მხრები აიჩეჩა.
- შინ, თქვენს ბინაში, სასტუმროში - საითაც გნებავთ. ხომ არ გინდათ, პოლიციაში მოხვდეთ?
- სასტუმროში! ო, ღმერთო! - ჩაილაპარაკა ქალმა.
რავიკი შეჩერდა. ე.ი. წასასვლელი არ აქვსო, გაიფიქრა. ეს უნდა მოესაზრებინა. მუდამ ერთი და იგივე ხდება. ღამით არ იციან, საით წავიდნენ, დილით კი ქრებიან უმალ, ვიდრე გაგეღვიძება. დილაობით რატომღაც იციან, საით აქვთ წასასვლელი. მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება. რავიკმა სიგარეტის ნამწვი გადააგდო. განა თვითონვე ყელამდე სავსე არ არის ყოველივე ამით?
- სადმე შევიდეთ, ჭიქა არაყი გადავკრათ, - უთხრა ქალს.
ეს ყველაზე უბრალო გამოსავალია - გადაიხდი და წახვალ, მერე თვითონ მიხედოს თავს.
ქალმა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი და წაიბორძიკა. რავიკმა ხელი მიაშველა.
- დაიღალეთ? - ჰკითხა.
- არ ვიცი. ალბათ.
- იმდენად, რომ დაძინება არ შეგიძლიათ?
ქალმა თავი დააქნია.
- ხდება ხოლმე. წამობრძანდით. გაგაცილებთ.
მარსოს ავენიუს გაუყვნენ. ქალი მძიმედ ეყრდნობოდა რავიკის მკლავს, თითქოს ეშინოდა, არ დავეცეო.
პეტრე სერბიელის ავენიუც გადაჭრეს. შაიოს ქუჩის გადაკვეთაზე, წვიმიანი ცის ფონზე ბნელი, ბუმბერაზი ტრიუმფალური თაღის ბუნდოვანი მოხაზულობა აღიმართა.
რავიკმა სარდაფის განათებული, ვიწრო შესასვლელი