იურგენ ტამენი საარტილერიო ცეცხლი ისევ გაძლიერდა. ბომბსაფარი ზანზარებდა. აფეთქებებს შორის ჩამოვარდნილ სიწყნარეში ჭუჭყი იფრქვეოდა.ა ამას მოსდევდა მოგუდული, ნერვებზე მოქმედი გრუხუნი. უცებ შესასვლელი ჩაბნელდა: საჭმელი მოიტანეს! გახარებულები იმით, რომ ჭკუიდან გადამყვანი მიყურადების გარდა, სხვა რამის გაკეთების შესაძლებლობაც გვეძლეოდა, ხარბად დავაცხერით მაკარონის წვნიანს. ამასობაში, მოსულები გვიყვებოდნენ, თუ რა ხდებოდა გარეთ. ჩემ გვერდით მჯდომმა ჯარისკაცმა თავი ასწია. საჭმლის ერთ-ერთი დამტარებელი საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდა:
- აქედან დაახლოებით ას მეტრში დაჭრილი ძაღლი იწვა. საცოდავად წკმუტუნებდა და უნდოდა, რომ გამოგვყოლოდა, მაგრამ ძლივს წამომდგარი ისევ დაეცა. სისხლი სდიოდა. ეშმაკმა უწყის, საიდან გაჩნდა იქ საწყალი. ალბათ, იერიშის დროს წინა ხაზზე გამოვარდა. ყველაფერთან ერთად, ბოლო მომენტში ეს ოხერი ტყვია ისარივით დაესო ქვაბს და გემრიელი წვნიანი დაიღვარა.
ამ დროს ჩემი მეზობელი წამოდგა. ტლანქი და მოუქნელი იყო.
- სად წევს ძაღლი? - უხეშად ჰკითხა მოქნილ ბერლინელს, რომელიც ამასობაში უკვე დეტალურად აღწერდა ადამიანის დაფლეთილი სხეულის შემაძრწუნებელ სურათს. გაოცებულმა და დაბნეულმა ამოხედა.
- რომელი ძაღლი?
- სისხლი რომ სდიოდა.
- ახ, ის? ბრუსტვერს აქვე მარჯვნიდან მოუვლი, შემდეგ კი - დამაკავშირებელ სანგარს, იქამდე, სადაც 30.5-მილიმეტრიანი ქვემეხიდან ყუმბარა ჩამოვარდა. ცოტა მოშორებით, ქვემოთ ჩახვალ და იქ უნდა იწვეს.
იურგენ ტამენი ისე ამოძვრა ბომბსფარიდან, სიტყვაც არ უთქვამს. გაოცებულმა ბერლინელმა ერთი წამით გააყოლა თვალი, "გიჟია!" ჩაიბურტყუნა და დაფლეთილი გვამის შესახებ განაგრძო საუბარი.
მაშინ პირველად მომხვდა თვალში იურგენ ტამენი. ჯერ მხოლოდ 14 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ამ ასეულში გაგვანაწილეს და წესიერად არც შემიხედავს ამ მაღალი, სიტყვაძუნწი ჯარისკაცისთვის აღმოსავლეთ ფრიზიიდან. ის ყოველთვის ჩუმად იჯდა კუთხეში და საერთო საუბრებში არ მონაწილეობდა.
ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა, ხელში ძაღლი ეჭირა. ყურადღება არ მიუქცევია დანარჩენების დაცინვისათვის, თავის კუთხეში შეძვრა და ნაპოვნ ცხოველს დასტრიალებდა. მხოლოდ მაშინ უთხრა ბერლინელს მოკლედ და უხეშად, "მოკეტე!", როცა ის ბოროტ ხუმრობებზე გადავიდა. შემდეგ ისე შეხედა, რომ ბერლინელს სუნთქვა შეეკრა. ჩუმად ვუყურებდი ყველაფერ ამას. მერე მისკენ გავხოხდი და ბინტების პაკეტი მივეცი, რათა ძაღლისთვის ის ადგილები გადაეხვია, რომლებიდანაც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ერთი წამით დაჟინებით შემომხედა, შემდეგ კი მოკლედ თქვა: - სერიოზულად დაშავდა. საწყალი ცხოველი.
გადახვევაში დავეხმარე. ნელ-ნელა ლაპარაკი გამიბა.
- ჩემს კარ-მიდამოში ასეთი ძაღლი მყავს, - სასხვათაშორისოდ თქვა მან, - საუცხოოდ იცავს იქაურობას. მაშინ ორი წლის იყო. ახლა... ჰო, ახლა ოთხისაა. ნეტავ გაიზარდა? რასაკვირველია... - მოგონებებში ჩაიძირა. მისი კუთხოვანი სახე ერთი წამით უფრო რბილი და ახალგაზრდული გახდა. - ჩემს ცოლს ძალიან უყვარს. ერთმანეთს ვერ დააშორებ. მას უფრო უჯერებს, ვიდრე მე.
- რამდენი ხნის დაქორწინებულები ხართ? - ვკითხე მე. გამოფხიზლდა და მკაცრი სახით, თითქმის არათავაზიანად მიპასუხა:
- ნახევარი წელია. - შემდეგ ძაღლს საყელურზე წაავლო ხელი, თავი დახარა და მისი გადახვევა განაგრძო.
რამდენიმე დღის შემდეგ წინა ხაზზე სხვებმა შეგვცვალეს. ჩვენი პოზიციიდან ბბარაკებამდე დაახლოებით ოთხი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. როდესაც შებინდებისას ერთად ვისხედით და ჩვენი ულუფები და წერილები დაგვირიგეს, სასიამოვნო განწყობაზე დავდექით. ჩვენს ჩალის ლეიბებზე ვიწექით, ვჭამდით, ვეწეოდით, ვკითხულობდით და ამბებს ვყვებოდით. ბარაკის შუაგულში სკატის მოყვარულები ისხდნენ კასრის ირგვლივ და ბანქოს თამაშობდნენ. მე ჩემი სატრფოს დამათრობელ, მონატრებით აღსავსე წერილს ვკითხულობდი. ამ დროს ფურცელზე ჩრდილი დაეცა. ზევით ავიხედე. ჩემ წინ იურგენ ტამენი იდგა. ხელში წერილი ეჭირა. ბოლო პერიოდში ჩვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ერთად მოგვქონდა ხოლმე საჭმელი და პური.
- შენა, სწავლულო, - თქვა მან ენის ბორძიკით, - იცი?..
- რა, იურგენ?- გავამხნევე მე.
- ჰო, - უჭირდა საუბრის გაგრძელება. ბოლოს და ბოლოს, ამოღერღა: - სად მდებარეობს გერმანია?
თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მან სწრაფად გააგრძელა ლაპარაკი: - აქედან რომელ მხარეს? აქეთ თუ იქით? თუ სად?
ახლაღა მივხვდი, რა უნდოდა. ჩემი კომპასი ავიღე, შესაბამისად დავაყენე, შემდეგ კი ხელით ვაჩვენე:
- იურგენ, იქ არის ჩვენი სამშობლო.
მის თვალებში გაკვირვება და რაღაც სხვა, უცნაური გრძნობა იკითხებოდა. შემდეგ სწრაფად მოისვა ხელი შუბლზე და ნელა და მძიმედ წარმოთქვა: - დღეს ჩემი ნიშნობის დღეა. სამი წლის წინ...
შემობრუნდა და სწრაფად გახსნა წერილი. შემდეგ ისევ შებრუნდა და დიდხანს იდგა ჩუმად.
სახით გერმანიისკენ იყო მიბრუნებული.
ბოლოს ადგილს მოსწყდა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა გარეთ.
ღამით უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა. მხოლოდ თვალები გავახილე, ისე კი გავიტრუნე.