I
მზემ საფლავის ქვების ფირმაში შემოანათა, რომელსაც „ჰაინრიჰ კროლი და ვაჟიშვილები“ ჰქვია. 1923 წლის აპრილია და ფირმაში საქმეები შესანიშნავად მიდის. გაზაფხულს ვერ დავემდურებით; მშვენივრად ვვაჭრობთ, თუმცა, ზარალსაც განვიცდით. მაგრამ რას ვიზამთ, სიკვდილი ულმობელი რამ არის და მას თავს ვერავინ დააღწევს! ადამიანები ამ დროს დარდს საფლავის ქვებსა და მარმარილოს ძეგლებზე ზრუნვით იქარვებენ და, თუ ამ დარდს ვალდებულების გრძნობა ან მდიდარი მემკვიდრეობის მიღების მოლოდინიც ემატება, ისინი უზადოდ გაპრიალებული, შვედური შავი გრანიტის გარეშე ფონს ვერ გადიან. შემოდგომა და გაზაფხული საფლავის ქვებით ვაჭრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა, რადგან ამ დროს ადამიანები უფრო ხშირად იხოცებიან, ვიდრე ზაფხულში ან ზამთარში. შემოდგომაზე სიკვდილიანობა უფრო ხშირი იმის გამოა, რომ ამ დროს ადამიანს სასიცოცხლო ძალა ეწრიტება, გაზაფხულზე კი, პირიქით, ეს ძალა იღვიძებს და დასუსტებულ სხეულს ისე წვავს, წვრილ სანთელში მსხვილი პატრუქი რომ ჩაიწვება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ამაში ღრმად დარწმუნებულია ჩვენი ფირმის ყველაზე ამაგდარი აგენტი და მესაფლავე ლიბერმანი. ოთხმოცი წლის ბერიკაცს კი ნამდვილად დაეჯერება; მან, ალბათ, ათი ათასზე მეტი მიცვალებული მაინც მიაბარა მიწას და საფლავის ქვების დადგმით იმდენი ფული იშოვა, რომ ბაღიანი სახლი ააშენა და ტბორში კალმახი მოაშენა, მერე კი გალოთდა და, თავისი პროფესიის წყალობით, ფილოსოფოსობას მიჰყო ხელი. ლიბერმანს ჭირის დღესავით სძულს ქალაქის კრემატორიუმი, რადგან მასში უსინდისო კონკურენტს ხედავს; კრემატორიუმი ჩვენც არ გვიყვარს; მიცვალებულთა ურნებში არავითარი ხეირი არ ყრია.
საათს დავხედე. შუადღე ახლოვდება და, რაკი დღეს შაბათია, სამუშაოს ადრევე ვამთავრებ. საბეჭდ მანქანას თავზე თუნუქის თალფაქი ჩამოვაცვი, კატალოგების გადასამრავლებელი აპარატი „პრესტო“ ფარდის უკან გადავდგი, საფლავის ქვების ნიმუშები გვერდზე მივაწყვე და ომში დაღუპულთა ძეგლებისა და მხატვრული გაფორმების ამსახველი ფოტოები ფიქსაჟიდან ამოვიღე. აი, უკვე ერთი წელია, რაც ამ ფირმაში რეკლამების შეფად, მხატვრად და ბუღალტრად ვმუშაობ და ფირმის ერთადერთი თანამშრომელი ვარ, თუმცა, არც ერთი ამ საქმის სპეციალისტი არ მეთქმის.
მაგიდის უჯრიდან სასოებით ვიღებ შავ, ბრაზილიურ სიგარას, რომელიც დილით ვიურტემბერგის ლითონის ნაკეთობათა ქარხნის წარმომადგენელმა გადმომცა, რათა შემდეგ ბრინჯაოს გვირგვინების მთელი პარტია შემოეჩეჩებინა ჩემთვის. ასე რომ, ნამდვილად კარგი სიგარაა. ასანთს ვეძებ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, კოლოფს ვერ ვპოულობ. ჩემს ბედზე, ღუმელში პატარა ცეცხლი ჯერ კიდევ კიაფობს. ათმარკიან კუპიურას ვგრაგნი, ვანთებ და სიგარას ვუკიდებ. წესით, აპრილის ბოლოსთვის ღუმლის დანთება საჭირო აღარ არის ხოლმე, მაგრამ ეს კომერციული იდეა ჩემს შეფს, გეორგ კროლს დაებადა. მისი აზრით, ჭირისუფლები, რომლებსაც ფულის დახარჯვა უწევთ, ამ გადაწყვეტილებას თბილ ოთახში უფრო ადვილად მიიღებენ, ვიდრე სიცივეში. მგლოვიარე ადამიანს სული ისედაც გაყინული აქვს და, თუ ამ დროს ფეხებიც ეყინება, მისთვის ფულის დაცინცვლა არცთუ ისე ადვილი საქმეა. სითბო კი ყველაფერს ალხობს, მათ შორის - ფულის ქისასაც. ამიტომ ჩვენს ბიუროში საშინელი სიცხეა. ფირმის აგენტებს კი ყოველთვის ვაფრთხილებთ, არ გაბედონ და ჭირისუფალთან გარიგება სასაფლაოზე ან ცივ და წვიმიან ამინდში არ დადონ და მასთან საქმე მხოლოდ თბილ ოთახში და, შეძლებისდაგვარად, ნასადილევს, გამაძღარ კუჭზე მოაგვარონ. მგლოვიარე ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიცივე და შიმშილი ცუდი საქმიანი პარტნიორები არიან.
ათმარკიანი კუპიურა ღუმელში შევაგდე. ავდექი. ამ დროს შემომესმა, რომ მოპირდაპირე სახლში ერთ-ერთი ფანჯარა გაიღო. იქით გახედვა არ მჭირდება, რადგან უკვე ვიცი, რაც ხდება. მაგიდაზე ფრთხილად გადავიხარე, ვითომ საბეჭდ მანქანასთან რაღაცას ვსაქმიანობ, თან თვალი პატარა სარკისკენ გავაპარე, რომელიც მაგიდაზე ისე დავდგი, რომ შემიძლია ფანჯარას ვუთვალთვალო. როგორც ყოველთვის, ფანჯარასთან ახლაც ყასაბი ვაცეკის ცოლი, ლიზა, დედიშობილა დამდგარა, იზმორება და ამთქნარებს. როგორც ჩანს, ეს-ესაა წამოდგა ლოგინიდან. ჩვენს სახლებს ვიწრო შუკა ყოფს და მშვენივრად ვხედავთ ერთმანეთს. ლიზამ ეს იცის და ამიტომაც დგას ახლა იქ. იგი უზარმაზარ პირს მანჭავს, იცინის და ყველა კბილს აჩენს, ამასთან, სარკეზე მანიშნებს, რადგან ლიზას ძერასავით მზერას, როგორც ჩანს, არ გამოჰპარვია იგი. ჩემს თავზე ვბრაზობ, ასე რომ გამომიჭირა, მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ვერაფერს ვხვდები. სიგარის კვამლში გახვეული ოთახის სიღრმეში შევდივარ და ცოტა ხანში ისევ ფანჯარასთან ვბრუნდები. ლიზა იცინის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, გარეთ ვიყურები და ისეთ სახეს ვიღებ, ვითომ ქუჩაში ვიღაც დავინახე და მას ვესალმები, მერე კი იმ ვიღაცას ჰაეროვან კოცნასაც ვუგზავნი. ლიზა ანკესზე წამოეგო და ცნობისმოყვარეობით გადაიხარა ფანჯრიდან, რათა დაინახოს, ვის მივესალმე; მაგრამ ქუჩაში არავინაა. ახლა უკვე მე ვიცინი, გაბრაზებულმა ლიზამ კი შუბლზე თითი დაიტრიალა, ვითომ მანიშნა, ცოტა