ალი
I
ჩემს პატარა ბიჭობაში, მაშინ, როდესაც შოლტის ხმარება კი არა, სახრის ხეირიანად მოქნევაც არ ვიცოდი, როდესაც საქონელს კი არა, ცალ გოჭსაც არავინ მომაბარებდა მინდორში წასაყვანად, – მახსოვს – მქონდა ერთი გულითადი სურვილი, ნატვრა: მე მინდოდა, მენატრებოდა ტყის ნახვა! ვისაც კი ამ ჩემს სურვილს გამოუხატავდი, ყველანი ხარხარს მოჰყვებოდნენ ხოლმე და დაცინვით და გაოცებით მეუბნებოდნენ: “ბიჭო-და, რა ხაზინები დაგიგულებია ტყეში, ან რა მარგალიტის თვლები დაგითესია შენ იქა, რო აგრე გენატრება მისი ნახვა?” ხაზინები!.. მარგალიტის თვლები!.. მაშინ არც კი მესმოდა, თუ რას ნიშნავდნენ ეს სიტყვები! ჩემი სურვილი ამ გვარ მაღალ სიტყვებიდამ არ მომდინარეობდა. ზამთარში თუ ზაფხულში, როდესაც კი ჩემი მამა-ბიძები ტყიდამ შინ დაბრუნდებოდნენ ხოლმე, უსათუოდ რამე უნდა მოეტანათ ჩემთვის. ხან მომიტანდნენ გვრიტის ლამაზ კვერცხებს, ან გვრიტის ბარტყებს; ხან მომიყვანდნენ პაწაწკინა ჩიტებს, მწყრებს, კურდღლის ბაჭიას და სხვ. ხანაც მოჰქონდათ ლამაზად დაკროლილი გულსავსე თხილი, მოწითალო წვრილი წკეპლები, რომლებითაც მე პატარა ლასტებს ვწნავდი და ვუგებდი ფაცრებს ჩვენი მდინარის პაწაწკინტელა ტოტებში. ყოველ გაზაფხულზე ყველა ამას მშვენივრად გაკეთებული და მომართული ასკილის სტვირიც ემატებოდა. ამ დროს ჩემს თავს მე სრულ ბედნიერადა ვგრძნობდი. ყველა ესენი რომ ავიღოთ, შევაჯგუფოთ ერთად და მივაქციოთ ყურადღება მათ გავლენას იმისთანა პატარა სიმონაზე, როგორიც მე მაშინ გახლდით, განა სასაცილო და გასაოცარი იქნებოდა რამე ჩემს ნატვრაში?! მაშინ, რასაკვირველია, ამგვარ კითხვას ვერც მოვახერხებდი და ვერც გავბედავდი მის წარმოთქმას; მაგრამ იმას კი კარგად ვგრძნობდი, რომ ჩემი დარბაისელი დამცინავნი ვერ მექცეოდნენ სამართლიანად და კარგად. ნაცვლად ჩემი უბრალო სურვილის დაკმაყოფილებისა, ისინი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაოცებით დამცინოდნენ და ეგონათ, რომ ამ გვარის მოქცევით გააქრობდნენ ჩემში ამ სურვილს! რასაკვირველია, სცდებოდნენ... გაქრობის მაგივრად მათმა მოქმედებამ ეს სურვილი გამიცხოველა და ბოლოს ნატვრად გადამიქცია. ამ ნატვრამ სულ მთლად მოიცვა ჩემი არსება. ბევრჯელ თვით მხიარულ მდგომარეობის დროს მომაგონდებოდა ტყე, ჩემი ნატვრა, და ეს მხიარულება წამს სულ მთლად ჩაიფუშებოდა ხოლმე. ერთხელ გადამჯდარი ჯოხის რაშზედ, შემოხვეული ჩემი ტოლი ბიჭებით მე დავქროლავდი ჩვენს მოედანზე... ამ დროს უცებ მომაგონდა ტყე; ვანებე ჩემს ამხანაგებს თავი და, ვითომც აქ არაფერი ამბავი იყო, ჭენებით გამოვწიე სოფლისაკენ. შიგ შუა სოფელში აქამომდე დგას ღვთისმშობლის დანგრეული ეკლესია, ამ ნანგრევისაკენ მივმართე ჩემი გზა. რამ მაფიქრებინა ესა, სწორედ მოგახსენოთ, არ ვიცი, ის კი კარგად მახსოვს, რომ მე შევედი ამ ნანგრევში, მივედი ღვთისმშობლის ხატთან, დავიჩოქე და ვიწყე გულმხურვალედ ლოცვა: შევთხოვდი, რომ მას მაინც აღესრულებინა ჩემი ნატვრა...
– ბიჭო, სიმონა, შენა? რას მაიმუნობ, შე წუწკო შენა! – მომესმა უცებ უკანიდამ. მე მაშინვე ვიცანი ჩემი ბებერი დიდიდედას ხმა. წამოვხტი ფეხზე და ფაცხა-ფუცხით დავეშვი ორღობეებისაკენ. ასე მეგონა, ერთი რამ საშინელი, სასაცილო საქმე ვქენი მეთქი... და მრცხვენოდა, მრცხვენოდა ისე, რომ გადავწყვიტე ვახშმობამდინ შინ არ შევსულიყავ. მართლაც-და, კარგა ხშირ-ბინდი იყო დაცემული, როდესაც მე ჩვენი ბაკის კარები შევაჭრიალე და ჩუმი ნაბიჯით გავწიე დარბაზის დერეფნისაკენ. მე მინდოდა შემეტყო, იყო შინ ბებიაჩემი თუ არა? ან თუ იყო, ლაპარაკობდა რასმე ჩემზე, თუ კიდეც ელაპარაკნა. ამისათვის მივედი და ავიტუზე კარებთან. დავუგდე ყური, მომესმა ჩვენი აზნაურა დიაკვნის, ზაქარიას ხმა.
– მერწმუნე, გიორგი, – ეუბნებოდა ის მამაჩემს: – მერწმუნე, რომ ესე საყდრის ახლო ცხოვრება შენთვის და შენი ოჯახისათვის არ არის კარგი! მუდამ ღვთის კალთის ქვეშა ხარ; მუდამ ყოველ შენს საქმეს ზედ დასცქერის დიდი მთავარ-მოწამე გიორგი.
– ვენაცვალე მაგის მადლსა და მაგის სახელსა! – გააწყვეტინა მამაჩემმა, – დაგვცქიროს! ღმერთმა ხო იცის, რომ ჩემ ოჯახში კაცი არავის მოუკლავს და ნაქურდალი არავის შემოუტანია!
– ჰეი, გიორგი, გიორგი, – დაიწყო კვალად დიაკვანმა. – ღვთისა წინაშე ვინ არის მართალ? შენ იქნება არ იცოდე შენი და შენი ოჯახის შეცოდებანი; ყოველივე ესე კი წინაშე ღვთისა ცხად არს! ამისათვის გირჩევ, რომ აიყარო აქედამ და აი შენ საბძელთან გადასახლდე...
მამაჩემმა ამაზე რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე; სჩანდა კია, რომ რაღაც გაჯავრებულად უთხრა ჩვენს ეშმაკ და მაცდურ დიაკვანს. დიაკვანი ამის შემდეგ წამოიბარგა და გამოსწია გარეთ; გამომიარა გვერდზე და ცუღლუტურის ბუტბუტით გავიდა ჩვენი სახლიდამ. ამის გამოსვლის შემდეგ შევიცადე ცოტა ხანს კიდევ და შემდეგ შევაღე კარი და შევედი სახლში. აქ იყვნენ სულ ყველანი: ბებიაჩემი, მამაჩემი, დედა და სამი,