აღსარება(ესკიზი)
...წვიმა ნაღვლიანად შემომსისინებს, არემარე შავ ბურუსს მოუცავს, ქარი სევდის მომგვრელი ზუზუნით დაქრის ტიალ მინდორში, ხან გიჟური ხარხარით დაეტაკება მინდვრის ბოლოში გადმოყუდებულ ცხვირპირ დამსხვრეულ კლდეს, ხან დაჭრილი ადამიანის კვნესით გაეკვრება მინდორსა და ტირის, ტირის, და მე კი მგონია, რომ სადღაც შორს, ჩემი გულის ერთ-ერთ კუნჭულში ვიღაც უცნობი, მაგრამ ძალიან მახლობელი, უხილავი, მაგრამ მუდამ განუშორებელი ადამიანი მიმჯდარა იქ და მწარედ, მწარედ ქვითინებს-მეთქი, ხან შორდება ქალაქის განაპირას, მიდის შუა ქალაქში და იქ – “ჟესტის” სახურავზე გაწოლილი – სტვენს, საზარლად სტვენს.
მეგობარო! შენ სად ხარ ამ დროს? სწორედ ამ დროს, როცა წვიმა ასეთ ნაღვლიან ხმაზე მღერის თავის სიმღერას, როცა ქარის ღმუილი ჩემსავე გულში ჩამჯდარი ადამიანის ქვითინი მგონია. როცა არემარე ასეთი შავი ჯანღით არის მოცული, სწორედ ამ დროს მჭირიხარ მე შენ!
მაშ სადა ხარ, სადა, შენ, ჩემო მეგობარო?
ღამდება. შავებში გახვეულმა ღამემ გააკეთა წრე და ყოველი მხრით აწვება ჩემს ოთახს. ის მოდის, თანდათან უახლოვდება მას, კიდევ რამდენიმე წამი და ჩემი ოთახი უკუნეთ ბნელში ამოყოფს თავს. დაღამდება. ყველა ოთახებში გაიღიმებს მხიარული სინათლე. ოჯახი ბედნიერი თვალებით შეხედავს თბილ კერას, გუზგუზა ცეცხლი ტკაცუნით გამოეხმაურება ადამიანებს. ქმარი ალერსით ჩახედავს თავის ცოლს თვალებში, ცოლიც თამამად გაუსწორებს მას თვალს და პაწია, უცოდველ ბავშვს გულში ჩაიკრავს – შეეშინდება, ქმარმა არ გამომტაცოს ხელიდან ეს ბედნიერებაო, ძუნწი რამ არის დედა! იმას ქმრისთვისაც კი შურს შვილის ალერსი, იმას არავინ უნდა მოზიარედ ამ საკუთრებაში... ეჰ, გაიყავით. გაიყავით, გეთაყვა, თქვენი სიმდიდრე, ნუ ხარბობ შენ, ბედნიერო დედავ, შვილი შენია, ვერავინ წაგართმევს! რა გენაღვლება მამაც მიეალერსოს თავის შვილს?.. შენ იმითაც ბედნიერი არა ხარ განა, რომ ერთხელაც რა არის, ერთხელაც არ მოგძულებია შენი შვილი, და მე კი ვიცი დედა, რომელსაც არა ერთხელ წამოცდენია მომაკვდინებელი ცოდვა:
– რა უბედურ დღეზე გამიჩნდი შენ!..
შენ ამბობ, ამის მთქმელი დედა ჩამოსახრჩობიაო. ეჰ, კეთილო ადამიანო, ასე უცბად ნუ გაასამართლებ ადამიანს! განა იმას კი არ უყვარდა თავის შვილი? განა იმას კი არ უნდოდა ჩაეკრა ის გულში? განა იმას არ ჰგვრიდა ტანში ნეტარების ჟრუანტელს, როცა მისი პაწია თავის პაწაწკინტელა ხელებს მოუფათურებდა სახეზე? განა ის არ ჩაშტერებია თავის შვილს თვალებში, დიდხანს, ღრმად არ ჩაშტერებია? განა ამის შემდეგ არ დაკონებია ის თავის შვილს და მხურვალე კოცნით არ ამოუწმენდია იმის თვალები? ოღონდაც, რომ კი, ბედნიერო დედავ, მაგრამ... მაგრამ, როდესაც შენ მხურვალე კოცნით თვალებს წმენდ შენ შვილს, როცა შენ იმის ხელების ფათურზე ნეტარების ჟრუანტელი დაგივლის და თავ-დავიწყებით ჩაეკონები შენ შვილს, ამ დროს ნეტარების ღიმილი გიქრის ბაგეზე, შენ დღესასწაულობ და ის კი სწორედ ამ დროს, ასეთ შემთხვევაში ტირის... ტირის დაკარგულ ქალწულობას, ტირის ადამიანის შეურაცხყოფას, ტირის შეგინებულ გრძნობას, შელახულ დედობას, ტირის რომ... ის უკანონო დედაა! თუ სადმე ადამიანის ცრემლი იკრებს თავს, თუ სადმე შეურაცხყოფილთა და დამდაბლებულთა კვნესა არის შეგუბებული, – იქ ბედკრული დედაკაცის ცრემლსა და კვნესას საპატიო ალაგი ექნება დათმობილი, და თუ ოდესმე აივსო ეს “მოთმინების ზღვა”, თუ ოდესმე გადმოლახა ის მაღალი კედელი, რომელსაც ადამიანის გულცივობას და გულქვაობას ეძახიან, მაშინ დააკვირდით, ვინც მოესწროთ ამ ბედნიერ დღეს - ერთ-ერთი იმ ძლიერ ნაკადულთაგანი, რომელიც იმ დროს გადმოხეთქავს, იქნება დედაკაცის ცრემლი, ის იქნება მდუღარე, რომელიც სხვა ნაკადულებთან შეერთებული ყველაფერს მოსწვავს დედამიწაზე და ნიადაგს მოუმზადებს ახალ ცხოვრებას... დიახ, დიდია, დიდი, უსამართლობის დანაშაული ქალის წინაშე!.. დიახ, უკანონო დედაა ის დედა, და მოიცა, კეთილო ადამიანო, უცბად ნუ ასამართლებ დამნაშავეს! კარგი მსაჯული მხოლოდ ის არის, ვინც ბრალდებულისთვის მეტ გამამართლებელ საბუთებს ეძებს, და მე არ მინდა, რომ კარგი დედა ცუდი მსაჯული იყოს...
დიახ, დაღამდება... შეყვარებული ადამიანი აიღებს წმინდა ფოსტის ქაღალდს და ზედ ლამაზად გამოხატავს: “ჩემო ძვირფასო №, №!” ერთს დაფიქრდება: შეიძლება უფრო მეტის გამომხატველი სიტყვებით დავიწყოო. იფიქრებს, იფიქრებს და ისევ დატოვებს პირველ ფრაზას. ის მისწერს თავის სატრფოს წერილს, მხურვალე ალერსით სავსე წერილს, ჩადებს შიგ თავის გრძნობას, თავის სიყვარულს, თავის სულსა და გულს, აუწერს, თუ როგორ იტანჯება უიმისოდ, როგორ ჩაეკონება გულში, როცა შეხვდება, თუ რა მოუთმენლად მოელის იმ სანატრელ წამს, როცა ისინი... ეჰ, ვინ იცის, რამდენ სისულელეს დასწერს სიყვარულით გატაცებული ადამიანი!.. მე თუმცა არტისტი არა ვარ, მაგრამ ხანდახან ძალიან გამიტაცებს ხოლმე