ბედი ქართლისა
პოემა
კახთა მიმართ
ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!
და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.
როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
თი ნ. ბ.
კარი პირველი
“მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!”
ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი.
ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
მამულისათვის მეფისა ცრემლი!
ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად
დაებანაკა სპარსთთან საომრად!
პატარა კახი აღა მაჰმად-ხანს
უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
ზე-დანათლიდა ბრძოლისა ველსა,
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
განამხნევებდა მამობრივის ხმით:
“ჰხედავთ, ვითარის კადნიერებით
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
საქართველოს დღეს გარდაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!”
“შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!”
შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით.
“ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ხედავს;
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!”
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!
დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!
მხდალსა განამხნევს, მხნეს განაღვიძებს
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი;
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი,
და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი.
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე,
და იოანნე, კახთ აბაშიძე,
განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა;
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, —
მაინც ვერ ხედვენ ბოლოს ბრძოლისას.
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ თავისებურად!
ბინდმა გაყარა მებრძოლნი მტერნი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი;
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;
ჰაერში განქრა მათი სახელი
და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
მაგრამ, ჰოჲ, გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის;
ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,
აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!
მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ:
“გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ
და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,
თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ,
აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს;
ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.
ძველთაგან ასე ნაამბობია,
რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია”.
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
ექმნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად;
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს,
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერა რა ავნო ვერსაით.
დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი,
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი
ქართლითგან წასვლას დააპირებდა;
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!
აჰა მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!
მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!
სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
მოყმეთა თვისთა ეზდენ დამცრობა,
მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,
მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე:
აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა,
და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა.
გაფოთებული ეძიებდა მას,
ვინცა ჰერანის ტახტს, ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა;
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი
და შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!
კარი მეორე
მორბის არაგვი არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს