ჩვენი ქვეყნის რაინდი
I
რკინიგზის სადგურს №-ზედ საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს. თუმცაღა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივე მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი. მატარებლის მომლოდინე ხალხმა იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება პლატფორმაზე სეირნობას თავი და სადგურის დარბაზში შევიდა. მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით. ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები კი არ ერიდებოდენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი ზარხოში ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთ-იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ. ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით: მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები, მსხვილ-მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი, პატარა წვერი, სწორეთ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა. ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი: ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანის გულ-მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:
– ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?
– ეს, კნეინა, ზემოური აზნაური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე.
ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე დროს გასატარებლად, – უპასუხა მედუქნემ.
– მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები! – თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.
– ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.
– მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის, ასეთი სრული ქმნილება! – კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილ კაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით – უმზერსო.
ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდენ: “პოეზდმა ხომ არ გაგვასწროო” და, როცა გაიგებდენ, ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის მოსვლამდეო, გულდამშვიდებული, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვას რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.
მოვიდა ორი ცხენოსანი, – ერთი ქალი და ერთი კაცი. ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადგეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა. კაცი, ასე ოცდახუთი თუ ოცდარვა წლის იქნებოდა. ხმელ-ხმელი, ჩია ტანის. ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახისა, გახუნებული პალტოთი და შლიაპით, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ამოდენა ხალხში, ნაცნობის გარდა, არავინ შენიშნავდა და არც არავინ იკითხავდა მის ვინაობას, რომ ამ კაცის თანამგზავრ ქალს არ მიეპყრო ყურადღება. ეს იყო თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ყმაწვილი ქალი, ლამაზად მოყვანილი, საშუალოზე ცოტა მომაღლო ტანისა, ცოტათი ფერნაკლული, სწორი პირისახე, დიდრონი შავი თვალები, მსხვილად დაწნული, წელამდე, წაბლისფერი თმა ჰქონდა, რაღაც ისეთი, როგორც იტყვიან, სანდომით იყო შემკობილი, რომ თვალის მოშორება გაგიძნელდებოდათ. ძლიერ შვენოდა გაბედული მეტყველება და თავისუფალი მიხრა-მოხრა. ტანზე ღარიბულად ეცვა, – გახუნებული ტალმა და ჩალისფერი თივთიკის ყაბალახი შეადგენდა მის ტანსაცმელს.
მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლო სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდათ გაუშვანო. რადგანაც დარბაზში, ხალხის სიმრავლის გამო თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთად მოყვანილი ტანი ლამაზად იხატებოდა. ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ-მკერდს. ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ და ამიტომ ვერ ამჩნევდენ ტარიელს და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.
– ერთი ამის გულ-მკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? – ჰკითხა ამხანაგმა.
ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.
– ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, – უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: – ეს ვინღა არის, რომ ახლავს, მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის სწორედ!
ტარიელის ამხანაგმა ჯერ ერთი რიგიანად გადიხარხარა და მერე თქვა:
– ნათესავი იქნება და ძალაუნებურად აედევნებოდა, – დავიცავ, არავინ გაუარშიყდესო.
– მერე ამის შეეშინდებათ და ვერავინ გაუბედავს გაარშიყებას? მოგიკვდეს ტარიელ, რომ ამისთანა კაცუნების მთელი რაზმი დამიხვდეს შეიარაღებული, მე გზა გავიმრუდო! პერანგისამარა რომ ვიყო და ეს ზარბაზნით დამხვდეს, ვერას დამაკლებს. ამისთანა კაცუნასთვის ხელს კი არ ვიხმარ, არა, ერთ