ნაწყვეტები დღიურიდან
სამყაროს მატიანედან
I
იულიუს კეისარს ურჩიეს ქურუმებმა მარტის დღეებში სენატში არ წასულიყო, მაგრამ ბედისწერა არასოდეს არავის არ აპატიებს, ფარვანასავით თავს დასტრიალებს იგი ადამიანს, სანამ არყოფნის ღამეში არ ჩაქრება ჩირაღდანი ცხოვრებისა. ბრუტოსის მახვილი კეისრის სისხლში უნდა ამოსვრილიყო, რადგან ცხოვრების სასწორი დემონმა გადასწია. იქნება ეს ცთომით მომდიოდეს, მაგრამ მე მწამს, რომ არსებობს ბედისწერა, ის არის „რაღაც“, რომელიც უნდა სუფევდეს, მას ვერავინ ასცდება, რაც უნდა ეცადოს, მას გრძნობს სული და მისტიური საშინელებით იმოსება. გადაწყვეტილია, რაც უნდა იქნეს; ბევრიც ეცადო, ის არ დაიშლება, ვინ იფიქრებდა, რომ მე ამ საშინელებამდე მივიდოდი, უწინ სხვას რომ ჩემთვის ეთქვა, ზღაპარი მეგონებოდა, მაგრამ სულსაც სცოდნია განცდა მეტამორფოზისა და მერე როგორის – ოვიდიუსს სიზმრადაც არ მოლანდებოდა ისეთი.
დღეს მე მკვლელი ვარ... სხვა დროს, ვინ იცის, წნორის ფოთოლივით, შვლის ნუკრივით დავიწყებდი კანკალს, ფიქრადაც რომ გამევლო ეს აზრი. დღეს კი მკვლელი ვარ, არ ვიტყვი, არ მეშინოდეს, მე თავს არაფერს ვუმალავ, მაგრამ არც ისე, როგორც მეგონა, მხოლოდ მაჯავრებს, რომ მოვა პოლიცია, გამოკითხვას დამიწყებს, გადაათვალიერებენ ჩემს სურათებს, წერილებს, წიგნებს (მისი სურათი კი დავმალე). არ ვიცი, როგორ ავიტან, როცა პირში დაცინვას დამიწყებენ, გადავწყვიტე არაფერი ვთქვა. სხვა ყოფილა თურმე საბედისწერო სიყვარული, ვაი მას, ვისაც იგი მოუხმობს, მისი ხმობა სიკვდილის ძახილზე უფრო საშინელია, მისგან გათხრილ უფსკრულს ვერაფერი ამოავსებს. მე თავის დღეში არ დამავიწყდება ის წუთი, საშინელი წუთი, როცა ჩემი ხანჯალი მის გულში დაიმალა. ღმერთო ჩემო, რა სულელური თვალები ჰქონდა. ერთი წამით ჩავიხედე მე იმ თვალებში და ისე შემეზიზღა, რომ არ შემიძლია წარმოვიდგინო, რა უნდა იყოს ის ქალი, რომელიც მასთან სამი წლის განმავლობაში სარეცელს იზიარებდა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ შეითქვა, თორემ რა იყო ის ძერის სულელური თვალები, როგორ მეხვეწებოდა, ნუ მომკლავო, ფეხებზე მეხვეოდა, მეფიცებოდა; ნებას მივცემ მაროს გაყრისასო; მის თვალებზე ცრემლები დაეკიდა; რა გამომეტყველება ჰქონდა მის სახეს! მახსოვს, სადღაც მინახავს სურათი: მკვდრები რომ სტირიან; არ ვიცი, რატომ ჰგავდა ასე უცნაურად მას! გაყრის ნებას მივცემო, სიკვდილის შიშმა აიტანა, მართალი გულით ლაპარაკობდა, მაგრამ მისთანა ადამიანები მალე უღალატებენ ხოლმე სიტყვას, მეორე დღეს ჟანდარმებს მიმცემდა ხელში. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე ის მაინც უნდა მომეკლა, მე მის თვალებში ჩავიხედე, მის ძერა თვალებში... ის რომ არ მომეკლა, ხომ სამუდამოდ ვერ მოვისვენებდი – ძილში მაინც მომეცემოდა საშინელი გამომეტყველება მისი თვალებისა! მე შური ვიძიე: მისი თვალები უთუოდ იხედებოდენ მაროს თვალებში; იქნება მარო ვერ ამჩნევდა მათ საშინელებას, მაგრამ მე მაინც ვერ ვაპატიებდი; მისი ტუჩები ჰკოცნიდნენ მაროს ტუჩებს, რომელთაც მერე ჩემი ტუჩები უნდა შეხებოდა. მაგიჟებდა ის აზრი, რომ მას ნება ჰქონდა ყოველღამე შიშველი ენახა იგი... ენახა ის, ვისი ტანის ყოველი ნაკვთი ინახავდა, ჩემს კოცნას, რომელშიაც გამოვადუღე სულის აღტაცება, აღტყინება და ლოცვა. მისი სუნთქვა უნდა შეერთებოდა მაროს სუნთქვას, რომელიც მე უკვდავების ნანად, მარადისობის სიმღერად მესმოდა. მე მოვკალი ის, როცა გველივით იკლაკნებოდა ჩემს ფეხთა ქვეშე. არ მქონდა ამის ნება?
განა მას კი ჰქონდა ნება, რომ ორივეს სიცოცხლეს გვიწამლავდა? მისი სიკვდილი ხომ ორის ბედნიერება იყო? ის უნდა მომკვდარიყო! მე სულ არ მიფიქრია წინათ მის სიკვდილზე, უთუოდ ბედისწერა ასეთი იყო. მე სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე მისი სიკვდილი. ვინ იცის, იქნება არც კი მომეკლა, რომ მისი თვალები არ მენახა.
მხატვარი საზოგადოდ ძლიერ ცუდად ”ცნობს“ ცხოვრებას, მე არც კი მქონდა წარმოდგენილი, რომ ადამიანს ვართმევდი მას, რისი მოცემაც მერე არავის შეუძლია, მაგრამ მე მეძახდა საბედისწერო სიყვარული. მაშინ ჭკუა უძლურია, როცა ისე ღელავს გული, როგორც ქარიშხლის დროს ოკეანე. მე მოვკალი იგი ხელით, ამოვართვი თვალის კაკლები და ფეხით გავსრისე, ეს ოქმში არის შეტანილი და ერთი გაზეთის რეპორტიორის სიტყვით, მკვლელის უცნაურობას მოასწავებს.
II
5 მარტი
საზოგადოება ძლიერ აღელვებულია. იშოვეს სალაპარაკო. ვინ გინდა, რომ ამ მკვლელობაზე არ ლაპარაკობდეს. ერთიმეორეზე უცნაური ხმები დადის.
– კაცო, წარმოიდგინე, რა უბედურებაა, პატიოსანი მეუღლე, უწყინარი ადამიანი.
– ოღონდაც, – ველაპარაკები მეც და კიდევ ვუმატებ რაღაცას.
საზოგადოდ, სიკვდილის შემდეგ შეიქნება ხოლმე ადამიანის ქება, აქებენ იმისთვის, რომ არასასიამოვნოა მკვდრის გინება, ამიტომ სულ არ გამკვირვებია, როცა ერთმა ნაცნობმა, რამდენიმე დღის წინათ, სისაძაგლის სიმბოლოდ აღსარებული რამ დღეს პატიოსნად გამოიყვანა.
ორი დღეა, რაც მის შესახებ ლაპარაკია. მარო არ მინახავს, საშინელი ხმები