ავტობიოგრაფია წერილებად
ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) პირადი წერილები ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენი და ეპისტოლური მემკვიდრეობის „ოქროს ფონდის“ კუთვნილებაა. მიუხედავად მცირე მოცულობისა, – შემორჩენილია პოეტის სულ 18 ბარათი, – ისინი მრავალმხრივ საყურადღებოა. მათი მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს უწინარესად თავად ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების, მისი პოლიტიკური მრწამსის, მსოფლმხედველობის, მსოფლაღქმისა და მსოფლგანცდის, ზოგადად პოეტის სულიერი ბიოგრაფიის შესწავლის თვალსაზრისით. „ამ წერილებზე უკეთეს ავტობიოგრაფიას ბარათაშვილი ვერ დაწერდაო“ – სამართლიანად წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი თავის წიგნში „XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია“. პოეტის კერძო წერილებმა მართლაც ფასდაუდებელი მასალა მისცა მის ბიოგრაფოსებს, მკვლევრებს, რედაქტორ-გამომცემლებს.
აამავდროულად ნ. ბარათაშვილის პირადი ბარათები შეიძლება ჩაითვალოს მისი ეპოქის სანდო დოკუმენტებად და საუკეთესო წყაროებად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული ყოფისა და პოეტის გარემოცვისა და საახლობლო წრის შესასწავლად და დასახასიათებლად.
ძნელია დავასახელოთ ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რომელსაც არ უკვლევია ნ. ბარათაშვილის ცხოვრება-შემოქმედების ესა თუ ის მხარე და საკითხი. ნ. ბარათაშვილის ეპისტოლურ მემკვიდრეობასა და წერილების კომენტარებზე თავის დროზე იმუშავეს და თვალსაჩინო კვალი დატოვეს ბარათაშვილოლოგიაში ცნობილმა ქართველმა ლიტერატორებმა და მეცნიერებმა: პეტრე უმიკაშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, სამსონ ფირცხალავამ, გიორგი ლეონიძემ, პავლე ინგოროყვამ, ივანე ლოლაშვილმა, აკაკი გაწერელიამ... აღსანიშნავია აგრეთვე ბოლო აკადემიური გამოცემის – XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. I. ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 2011. ტომის რედაქტორები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ნინიძე. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 2011. – მნიშვნელობა აღნიშნულ საქმეში.
ნ. ბარათაშვილის ეპოქა და მისი კულტურულ-საზოგადოებრივი გარემო გამოკვლეულ-გაანალიზებულია ქართველ ისტორიკოსთა და საზოგადოებრივი აზრის მკვლევართა მაქსიმე ბერძნიშვილის, გიორგი გოზალიშვილის, აკაკი სურგულაძის, აკაკი გელაშვილის, თამაზ ჯოლოგუას, დიმიტრი შველიძის და სხვათა შრომებში.
მიუხედავად დასახელებულ მკვლევართა და მეცნიერთა დიდი ღვაწლისა, პოეტის ეპისტოლური მემკვიდრეობის შესწავლისა და კვლევის გაგრძელება აუცილებელია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასადგენ-დასაზუსტებელი და თეთრ ლაქებად რჩება პოეტის ბიოგრაფიაში, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს მისი შემოქმედების შესწავლაზეც.
ნ. ბარათაშვილის პირადი წერილების წინამდებარე გამოცემას, რომელსაც ახალი, ვრცელი, შევსებული კომენტარები ერთვის, წინამორბედ მკვლევართა ნაშრომებისა და წინარე გამოცემების კომენტარებთან ერთად ბოლოდროინდელი ისტორიულ-ლიტერატურული კვლევები უდევს საფუძვლად. მათ შორისაა პოეტის ეპისტოლური მემკვიდრეობისა და სანაცნობო წრის შესწავლისადმი მიძღვნილი ჩემი გამოკვლევების ციკლინ და კერძო წერილების რეპუბლიკაცია ახალი კომენტარებით, რომლებიც გამოქვეყნდა ქართულ სამეცნიერო და სალიტერატურო-საისტორიო გამოცემებში: გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, „ჩვენი მწერლობა“, „ამერ-იმერი“, „საგურამო“, „ისტორიანი“, „ანეული“, „ლიტერატურული საქართველო“. აღნიშნულ კვლევებში დაზუსტებულია ორი წერილის დათარიღება, დადგენილია, დაზუსტებულია და/ან განსხვავებულადაა წარმოჩენილი წერილის ადრესატებისა და იქ ამა თუ იმ ანთროპონიმით მოხსენიებული ისტორიული პირების ვინაობა, ცნობები მათი დაბადება-გარდაცვალების, ქორწინების, ოჯახის წევრების, ნათესავ-მეგობარების და ნეკროპოლის შესახებ, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები, მათი პორტრეტები სახასიათო შტრიხებითაა გამდიდრებული. ვრცელი შენიშვნები ეძღვნებათ იმ პირთ და ფაქტებს, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისათვის, ხოლო უფრო ცნობილთათვის დამოწმებულია სათანადო ლიტერატურა და მოხმობილია ამონარიდები.
წერილებში ნახსენები მრავალი ფაქტი კომენტირებულია საქართველოსა და კავკასიისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების კონტექსტში, როგორებიცაა 1832 წლის სათავადაზნაურო შეთქმულება, რუსეთის იმპერიის ომი კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ, ქართული მილიციის შექმნა და მათი
ბრძოლები, 1841 წლის გურიის აჯანყება, სენატორ ჰანის რეფორმა და მისი რევიზია იმპერიის სამთავრობო კომისიის მიერ და სხვ. კომენტარები უხვად ციტირებულია თანადროული ან შემდგომი პერიოდის ლიტერატურულ-ისტორიული წყაროებიდან. ციტატები შერჩეულია იმ პრინციპით, რომ მეტი ექსპრესიით წარმოჩინდეს ეპოქის სული, მისი მახასიათებელი ნიშნები – წერილების ეს გამოცემა ძირითად მიზანთან – ნ. ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის ახლებურ და დეტალურ კომენტირებასთან ერთად ჩაფიქრებულია, როგორც ერთგვარი რეკონსტრუქცია ეპოქისა, მისი გაცოცხლება და ისტორიული პანორამის წარმოჩენა.
თანდართულ კომენტარებსა და შენიშვნებში უხვად არის გამოყენებული საისტორიო თუ ლიტერატურული წყაროები, სამუზეუმო ფონდების მასალები. განსაკუთრებით სასარგებლო იყო იმ საარქივო მასალების ჩართვა და დამუშავება, რომელიც პროფესორ შ. ჩხეტიას მიერ იქნა შეკრებილ-გამოცემული. გამოყენებულია XIX საუკუნის I ნახევრის ამსახველი მემუარული, ეპისტოლური, სამოგზაურო და სხვა ჟანრის ლიტერატურა, იმხანად კავკასიაში მომსახურე რუს და სხვა უცხოელ სამოქალაქო-სამხედრო პირთა ჩანაწერები, ინტერნეტ-რესურსები. უახლესი გამოცემებიდან შეიძლება დავასახელოთ გერმანელ მეცნიერთა მორიც ვაგნერისა და აუგუსტ ჰაქსჰაუზენის დღიურები (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომელთაც საქართველოში ნ. ბარათაშვილის ეპოქაში, მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იმოგზაურეს. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე საოჯახო არქივების გაცნობა და შთამომავალთაგან მოწოდებული ცნობები მათი წინაპრების შესახებ.
წერილები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით. მმათი ტექსტი შედარებულია ზემოხსენებული