ბულბული ვარდზედ
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
„ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!“
ასე ჰყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ჭალებსა, ჰქრიდა ნიავი ნელი;
და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.
მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია, გლახ, რული.
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული
გალობა ჰყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;
ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.
თვალნი ემოსა ცრემლით, გული - სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.
უხმო ყოველთა სირთა: „მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?“
„განთიადით ღამედმდე შევჰფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!“
წელსა 1834