ტკბილი დუდუკი -
1 დაუვიწყარია სიყრმის მეგობარი. თუნდ გაგყაროთ ცხოვრების გზამ, მაინც მისი სახე ნათლად არის აღბეჭდილი გულში, როგორც ბალღობისავე დროსთან შეკავშირებული სურათები ცხოვრებისა თუ ბუნებისა. ხომ დიდი ხანია, რაც ჩემი ძმობილი მიხა დამშორდა, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგა მიმზიდველი მისი სახე. ბიძაშვილები ვიყავით და დიდი მეგობრები ერთმანეთისა, ძმად შეფიცულნი.
ჩვენი ოჯახებიც მეგობრობდნენ ერთმანეთს, თუმცა განაყოფები იყვნენ და მტრები უნდა ყოფილიყვნენ. ეს იმისთვის, რომ ჩვენი სახლი უფრო დაწინაურებული იყო ცხოვრებაში პატივითა თუ დოვლათით და არაფერს ედავებოდა ჩამორჩენილ განაყოფს; ბიძა და ძალუა კი ისეთი კეთილი, ისეთი ღვთისნიერი ხალხი იყო, რომ მათ გულში ვერ ისადგურებდა შური.
თითონ მე ძიაანთ ღარიბ ოჯახში უფრო მიხაროდა, სანამ ჩვენ შეძლებულ სახლში: პატარა მიხა ხომ მიზიდავდა იქით, ძალუა და ძიაც გულს მიხვევდნენ, მიალერსებდნენ, მანებივრებდნენ. იმათი ცხოვრება უფრო წყნარი იყო და ტკბილი; ცოლ-ქმარი უსიტყვოდ იტანდნენ შრომას თუ გაჭირებას. მუშაობდნენ ყოველჟამს, საყვედური და გმობა კი არ გამიგონია მათგან არასოდეს. შეწყობილად სწევდნენ ცხოვრების უღელს, თანხმობით: ერთმანეთს რომ ალერსით შეხედავდნენ, ერთმანეთს რომ ტკბილად გაუღიმებდნენ, დარდი დნებოდა მათ გარშემო.
ისე ვმუშაობდი ძიაანთ ოჯახში, როგორც მათი სახლის შვილი. ჩვენები მიშლიდნენ, მაგრამ ვერ შევიგენი, რად არ უნდა მეშრომნა იქ, სადაც მიხა ირჯებოდა. თავი დამანებეს. ყველა სამუშაო გაზიარებული გვქონდა. წყალი ერთად ამოგვქონდა წყაროდან, კევრზე ერთად ვუსხედით, კალოს ერთად ვგვიდით, გუთანზე ჯერი ერთად მიგვქონდა; ბზეს ვუყრიდით ხარ-კამეჩს, ვუურვებდით. მომწონდა სოფლური სამუშაო. ჩვენ ოჯახში კი არაფერი ესეთი არ იყო, რადგან ჩვენები პურსა თუ ღვინოს სოფლიდან ჰკრეფდნენ, უბრალო საქმეს კი მოჯამაგირე აკეთებდა და დედაკაცი. რა უნდა გამეკეთებინა შინ? წიგნში ცქერა კი არ მომწონდა. მე და მიხას ძალიან გვიხაროდა, როცა ძია ტყეში წაგვიყვანდა. იმ ღამეს ძალუაანთა ვიძინებდი, რადგან უნათებლივ უნდა გავდგომოდით გზას. ეხლაც ყურში მიდგა ძიას ნაღვლიანი ურმული. გრილოდა, ძიას ნაბადში ვეხვეოდით, მზის ამოსვლას ველოდით.
– ბიჭო, დათიკო, აგერ მგელი, ჩვენკენ იხედება, – მეტყოდა შემკრთალი მიხა.
– მართლა, კაცო, ჩვენკენ მოდის, – მივუგებდი ამხანაგს და კოფოსკენ ვიწევდით შეშინებულნი.
რომ მივუახლოვდებოდით, ჩვენვე გვეცინებოდა ჩვენს შიშზე: პირდაღრენილ ნადირის მაგივრად ჯირკი დაგვხვდებოდა ან ჯაგი. ტყეში ვშველოდით ძიას: ხარებს ვყარაულობდით, ურემს საგორავს მივცემდით, ფიჩხს მოვათრევდით, ვათვალიერებდით საორთითე ტოტს თუ სასურუხე ხეს, ვჭრიდით სახრეებს. მიხას მამას უყვარდა ხის მუშაობა და შეშის თუ ფიჩხის ურემს უთუოდ წამოაყოლებდა გამოსადეგ მასალას, რომ მოცლილ დროს ეჩორკნა იგი. კაბდოს თუ ფიწალს, არნადს თუ ნიჩაბს თითონა სთლიდა. დავძვრებოდით ტყეში. ხეებს ვათვალიერებდით, ხილს ვეტანებოდით, ფრინველს ვაფრთხობდით, ციყვს ვესროდით, ვგლეჯდით ჩადუნას თუ ბუერას. ხანდისხან მივიყუჟებოდით ხის ძირას და ყურს ვუგდებდით ტყის ათასნაირ ხმაურობას. მიხას გატაცებით უყვარდა ეს უცნაური ხმები. შიში შეგვიპყრობდა, ჟრუანტელი გვივლიდა ტანში. მეტადრე თუ მისწყდებოდა ძიას ნაჯახის ხმა.
– ბიჭო, დათიკო, აქ კიდევ ვყოფილვართ ჩვენ, არ გახსოვს?
– არა... როგორ ვიქნებოდით, როცა აქეთ არასოდეს არ წამოვუყვანივართ ძიას?!
– როგორ არა! მე ვყოფილვარ. მაშინაც ასეთივე ხმები მესმოდა; ხეები კი უფრო დიდრონი იყო მაშინ, – მეტყოდა მიხა და შემკრთალი ახამხამებდა გაგანიერებულ თვალებს.
ვერ გამეგო, რად ეჩვენებოდა ასე მიხას! როცა ამის მამასა ვკითხავდით, ისიც დასცინოდა ბალღს. გვარწმუნებდა, აქეთ ჯერ არა ჰყოფილხართო. მიხას მაინც არა სჯეროდა, მაინც დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. ესევე მოსდიოდა მიხას, როცა სათევზაოდ მივდიოდით, ან მინდორში ყვავილებისა, ცერცვისა და ბარდანის დასაკრეფად: უეცრად შესდგებოდა გაფითრებული და დაიჟინებდა, სწორედ ეს კიდევ მინახავს, ეს ხმა კიდევ გამიგონიაო. მეტადრე სცნობდა ხმებს. უცნაური ხმები ესმოდა მიხას, რომლებიც ჩემს ყურს ვერ ახწევდა. გაინაბებოდა, სახე გაეცრიცებოდა, თვალები უელავდა და მიეპყრო ყური იდუმალ ხმებისთვის, თუმცა გარშემო სიჩუმე იყო და მყუდროება.
– ადრეც გამიგონია ეს ხმები, ვიცნობ! გესმის შენც?
– არაფერიც არ მესმის, კრინტსაც არავინა სძრავს.
– როგორ? მართლა არ გეყურება?! – მეტყოდა გაკვირვებული და ნაღველი შეაჩნდებოდა თვალებში.