თებერას დანიშნული 1
ერთი საწყალი მეღორე იყო თებერა, ობოლი ბიჭი, სხვის მოჯამაგირე, მაგრამ სოფლის გოგო-ბიჭებს ისე გვიხაროდა იმისი მოსვლა, თითქო უფროსი ძმა ყოფილიყოს ჩვენი, მოსიყვარულე და კეთილისმყოფელი. ხშირად არ დახედავდა თებერა ჩვენ სოფელს: ერთხელ-ორჯელ ზამთრობით შემოჰრეკავდა ღორს რამდენისამე დღით და მიატარ-მოატარებდა კარ-მიდამოზე თუ კალო-საბძელთან; ან ხევს ააყოლებ-ჩააყოლებდა, სადაც ღორი ძირხვენისა თუ სხვა ბალახის ძირსა სთხრიდა და იკვებებოდა. ღამე ღორს გომურში გამოამწყვდევდა და თითონ ოდაში მოუჯდებოდა ცეცხლს. თებერას მეპატრონე ჩვენ სოფელში არა ცხოვრობდა, მაგრამ იქაცა ჰქონდა მამული და სახლკარი. თითონ თებერა ჩვენი მეზობელი იყო და ბატონ ნუგზარს ემსახურებოდა სხვა სოფელში. გაზაფხულზე და ზაფხულში თებერა სრულებით მიეფარებოდა ჩვენ თვალიდან, მაგრამ რაკი ყანები მოიმკებოდა და ჭირნახული კალოებზე გადაიზიდებოდა. უსათუოდ გაჩნდებოდა ის ჩვენი სოფლის მინდვრებში ჩვენდა სასიხარულოდ. ღორი ნამჯაში დაუდიოდა, ჩარჩენილი თავთავით თუ ჩაბნეული მარცვლით ჰკვებავდა.
- ბიჭო, ეხლა-კი, სადაც არის, გამოჩნდება ჩვენი თებერა.
- რა იცი, კაცო, ვინ გითხრა?
- რა თქმა მინდა? აბა გახედე მინდვრებს, ათეული აღარსად სჩანს, მთლად მოწმენდილია; ამ დროს მორეკავს ხოლმე თებერა ღორს.
- მერე რამდენი თავთავი და მარცვალი ჰყრია ნამკალ-ნათიბში!
- მართლა და შარშანაც ამ დროს ედგა თებერას ღორი ჩვენ მინდვრებში.
- არა, ბიჭო, შარშან უფრო ადრე მორეკა, შიგადაშიგ ათეულები ისევ იდგა. გახსოვს, ტახი რომ გაუღორდა და ძალზე იწევდა ათეულისაკენ? ვეღარც გაჯავრებამ გასჭრა, აღარც ცემამ იმოქმედა. ჯიუტად იწევდა ძნისაკენ.
- მერე-კი, ღვთის წყალობა გაქვს, კარგი ხერხი იხმარა თებერამ: დასტაცა ტახს ხელი უკანა ფეხებში, ერთი მოქნევით მოიკიდა ზურგზე და კოლტშივე გადაისროლა გაჯიუტებული.
- ძალიან ღონიერი ბიჭი კი არის თებერა! ჭიდაობა რომ იცოდეს: მუხათელ ჯუნასაც გაუმკლავდებოდა.
და გავაბამდით საუბარს თებერაზე, გატაცებული ვლაპარაკობდით ამ ჩვენ შეუდარებელ მეგობარზე. ისეთის სიამოვნებით მოველოდით მას სოფლის ბალღები, თითქო დიდი რამ სიკეთე უნდა მოეტანა ჩვენთვის, ან ნათელი უნდა მოეფინა ბჭყვრიალა ჩვენ ერთგვარ, ბუნდ და უფერულ ცხოვრებისათვის.
2
მართლა კარგი ბიჭი იყო თებერა და ჩვენთვის დაუფასებელი. ბუნებით კეთილი, გულჩვილი, მუდამ მოღიმარე. გაჯავრება სრულებით არ იცოდა. ვუყვარდით ბალღები. სოფელში რომ მოვიდოდა უთუოდ რასმე მოგვიტანდა: სათითაო შვილდს, ისრებს, ქორის ფრთებს ისრებისათვის, სალამურებს, ჯოხებს თუ კომბლებს, ჭრელ-ჭრელ ქვებს და ყოველსავე საიშვიათოს, რასაც-კი მოჰხელავდა ტყეში ან ველში, მთაში თუ მდინარის პირას. ამისთანა კარგ რამეებს ყველას ჩვენთვის შეაგროვებდა, დაამზადებდა და მოგვართმევდა საჩუქრად. თითონაც დიდ სიხარულსა ჰგრძნობდა თუ ჩვენ გაგვახარებდა. ამისთვისაც მისი მოსვლა ჩვენთვის დღესასწაული იყო და მხიარულება.
ღორს ნუგზარისავე გომურში აბინავებდა. გომურის წინა ნაწილი გადაფიცრული იყო. აქ მიწის იატაკი უფრო მაღალი იყო: მიწა დაეყარნათ. გაემაღლებინათ და რომ არ გადაშანშლილიყო, გარს ფიცრები შემოეწყოთ, დაემაგრებინაო. გომურის ამ ნაწილში ბუხარიც იყო. გარშემო მორები ეწყო ჩამოსასხდომად. ჭერში ყველგან გახირული კომბლები, კავები, ორთითები, - ყველა ეს თებერას ნაწარმოები. გარს ტყე ერტყა სოფელს, თებერა მარჯვე თვალისა და ხელის პატრონი ბიჭი იყო და აბა ისე როგორ გაუვლიდა ახლო რამე იარაღისათვის ან საციქვლისათვის გამოსადეგ ხეს, რომ არ მოეჭრა და არ გამოეყენებინა?! ამას ყველაფერს თებერა დიდ განძადა სთვლიდა, იმ სანატრელ დროისათვის გამოსადეგ საუნჯედ, როცა ღმერთი უშველიდა მას და საკუთარ ოჯახს გაიჩენდა თავის აწ თავმინებებულ და გაოხრებულ ქოხში; ჩამქრალ კერას ისევ გააჩაღებდა, სოფელში მეკომურადვე ჩაითვლებოდა. მაშინ მისი საკომიდან ამონადენი კვამლი პირდაპირ წავიდოდა ზეცისაკენ, აბელის მსხვერპლის ბოლივით თავმომწონედ! ვაჰ, რომ შესაფერი ხელსაწყო არა ჰქონდა ხელმარჯვე თებერას, თორემ ფიწლისა და ნიჩბის გამოჭრასაც შესძლებდა, არნადისა თუ კაბდოს გათლასაც მოახერხებდა. შვილდებს კი ხანჯლით გვიკეთებდა, ისრებს დანით გამოგვიჭრიდა.
- ეჰ, ბიჭო, ერთი ნაჯახი რომ მქონდეს და საჭრეთელი, რამდენ რასმე გავაკეთებდი ტყეში. აბა ხანჯლით თუ დანით რა უნდა მოვსჭრა, ან რა უნდა გავთალო! - იტყოდა გულნატკენი თებერა.
როცა ზამთრობით, მორეკავდა ღორს თებერა, ჩვენი სიხარული მაშინ იწყებოდა, ბუნების სისასტიკე ნებას არ გვაძლევდა ჩვენებურად გვექროლნა აღმა თუ ჩაღმა, ცხვირებ ჩამოშვებულნი ვისხედით სახლში და თებერას მოსვლა დღესასწაულის დადგომა იყო ჩვენთვის. რაკი დააწყნარებდა ბიჭი თავის საქონელს, აანთებდა ცეცხლს ბუხარში და ჩვენც შემოუსხდებოდით გარშემო. ახლა ჩვენთვის მოიცლიდა თებერა. რას არ გვიამბობდა! ტყისა თუ ველის ამბავს, მთისა თუ მდინარის ცხოვრებას, ფრინველისა თუ ნადირის ნამოქმედარს, წყლისა თუ მასში მოციმციმე მნათობთა დანაბარებს; ჩიტების მოფრენას ან წასვლას; მწერთა თუ ქვემძრომთა გულისთქმას. გვეტყოდა დათვის მოუხეშავ ძლიერებაზე, გაუმაძღარ მგლის