* * *(ბუნება მეგობარია )
ბუნება მეგობარია
კაცის მწედ და საერთგულოდ,
უნდა დავიჭეშმარიტოთ,
უნდა დავიგულისყუროთ.
ვჩეხავთ, ვხოცავთ, ვაჩანაგებთ,
უზოგავად, ალთა-ბალთა,
ერთგულს ორგულად ვექცევით
რა ღვთის წყრომა დაგვემართა.
დედაბუნების არ გვესმის,
შველას ითხოვს, ყურებს ვიცობთ,
თვალი კარგად გავახილოთ,
სმენა გავიფაციფუცოთ.
,,ბუნება მბრძანებელია!”
ყური ვუგდოთ, ვინ რას ამბობს,
მეგობარს ვთმობთ, მეგობარს ვმტრობთ,
რას ვაპირებთ უმეგობროდ?!
ადამიანისთვისაა
ბინადარი ცის და მიწის,
ყველაფერი, ყველაფერი
ჩვენთვისაა, ჩვენთვის იღვწის.
თუ მოვუსმენთ, გავიგონებთ,
საგალობლებს დილის გამთენს,
ფრინველი რომ ფრინველია,
ჩვენთვის ჩეკავს და ზრდის ბარტყებს.
კარგად თუ დავუკვირდებით
ცხოველების ყოფა-ზნესაც,
ჩვენთვის შობენ, ამრავლებენ
ნუკრებსაც და ბოკვერებსაც.
არწივი რომ არწივია,
მეფე ჩვენთვის ჩეკავს ბარტყებს,
უცხო ენა კი არა და
მათი ენის ცოდნა გვმართებს.
ბუნება ხომ ჩვენთვისაა,
ბუნებისთვის რად არ ვიღვწით?
ერთგულება, ერთგულება -
მეგობარი მეგობრისთვის.
არწივი
მე დავფრინავ, არ ვფარფატებ,
მე ვყაშყაშებ, არ ვწივივარ.
ჩიტ-ბატონა კი არა ვარ,
მეფეთ მეფე - არწივი ვარ!
ოქროს ტახტი მე არ მიდგას,
არცა ვერცხლით თავს ვიბურავ,
როცა ვფრინავ, შემომხედეთ,
თავზე მზის გვირგვინი მხურავს.
მეფე, თურმე ლომიცაა,
ბოკვერობიდან იწვრთნება,
რომ ვინდომო, მე დავწვდები,
ლომი მე ვერ ამომწვდება.
თვალ-მარგალიტი არა მაქვს,
ჩემს საუნჯეს თავს ვერ ახდი,
სამწყსოს ლაჟვარდიდან ვმართავ,
ცის თავანზე მიდგას ტახტი.