ჩქარი მატარებლიდან მემანქანის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. ჩვიდმეტი წელი ის-ის იყო შემისრულდა და რადგან ჩვენი საერთო საცხოვრებელი ზედ რკინიგზის პირას, სადგურთან ახლოს იდგა, მემანქანეობა იყო ჩემთვის ძილში და ღვიძილში საოცნებო და საფიქრალი.
ასე იყო თუ ისე, ამას ამბისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს კია, რომ მოვეწყვე მემანქანის თანაშემწედ და იმ დღესვე, რასაკვირველია, ორთქლმავალზე დავიდე ბინა.
ორთქლმავალი კი, როგორც მოგეხსენებათ, ოთხამოღებული ჭენებისთვისაა ამქვეყნად გაჩენილი და ახლა რომ ხაშურშია, ერთ საათში მოლითის დაღმართში თავს ძლივს იკავებს, ზესტაფონში რომ გგონია, შიგ შუაგულ გვირაბში ოხრავს და ქშინავს, ქოთქოთებს, აწყდება ხან ამ მთას, ხან იმ მთას, ერთი სიტყვით, დაგრიალობს აქეთ-იქით.
მივდივართ ხან აღმა, ხან დაღმა, ხან რომელ სადგურში დავასობთ ფეხს და ხან რომელ მოსახვევში დავაფრთხობთ რკინიგზის პირას მობალახე თეთრხალებიან ძროხას. ხან მთის გულში ვართ, ხან მდინარეზე, რომ იტყვიან, ცა ქუდად მიმაჩნია და დედამიწა ქალამნადო!
პირველსავე დღეს აღმოსავლეთისაკენ ავიღეთ გეზი.
მიქშინავს, მითუხთუხებს ჩვენი ვეშაპი და მიითრევს გრძელ კუდს. ვდგავარ შიგ და ასე მგონია, ეს ვაგონები მე მკიდია მხარზე, მკიდია და მიმყავს, მივაქროლებ, არაფრადაც არ ვაგდებ. ვაგონების რა მცოდნია, ეს სადგური მომდევით ზურგზე, ეს მთა წამომკიდეთ, ამ მდინარეს აღმა წავიყვან, ამ ცას, თუ მოვინდომე, ცალი ხელით დავიჭერ.
ორთქლმავალი მიდის, ექაჩება შემადგენლობას, ჩამოვწევ ბერკეტს, აწივლდება, შეიცხადებს, გაიფოფრება, დაფრთხებიან ჩიტები, ყვავები, მოკუნტრუშე ხბორები, ბავშვები ყურებზე აიფარებენ ხელისგულებს, ჯაგზე მიბმული თიკანი მიაწყდება აქეთ-იქით.
ორთქლმავალი გრუხუნებს მთებს შორის, მიბრაგუნებს ხიდებზე და მიდის...
სოფელი, მდინარე, ყანები, ვენახები, ალვები, მუხები, ქალი, კაცი, ცა და მიწა - ჩემია ქვეყანა!
ვიქნევ ხელს, ქუდს, თავს, მთელი ზედატანით ვიხრები სარკმელში.
- გამარჯობათ, ხიდებო!
- გამარჯობათ, ბავშვებო!
- თქვენი სიცოცხლე, მუხებო, ვერხვებო!
- მთაო!
- კაცებო!
- გამარჯობათ, გამარჯობათ, ვენახებო!
მთის ფერდობზე ოდა მოჩანს, შორიდანვე კარგად ვარჩევ, ოდა ბოკონებზე დგას, საცალფეხო, უსახელურო კიბე აქვს მიდგმული. ოთახის ფანჯარა ღიაა, ეს წითელი რა უნდა იყოს ფანჯარაში?
მთა აიტუზა, გაქრა ოდა, ოთახი, ფანჯარა... მაყვალი შეწითლებულა, აგერ აქვეა, ხელით მიწვდები.
- გამარჯობა, მაყვალო!
ისევ მთის ფერდობი, ოდა კარგად ჩანს, ფანჯარა ღიაა. რაფაზე გოგონა შემომჯდარა. წითელი კაბა აცვია, ხელში ცისფერყდიანი წიგნი უჭირავს.
- გამარჯობა, გოგონა! - ვიქნევ ხელს, თავს, ვიცინი...
იქნევს წიგნიან ხელს, მიცინის, იწევა ფანჯრიდან, ისევ მიქნევს ხელს.
მატარებელი მიჰქრის, გასცდა სახლს, სადაცაა თვალს მიეფარება გოგონა, მაგრამ არა, აივანზე გამოდის, აივნის კუთხეში სვეტს ეხვევა, მარცხენა ხელით ეკიდება აქეთ, ჩემსკენ და იქნევს ხელს, იქნევს...
მიდის მატარებელი...
- ნახვამდის, გოგონა!
ეფარება თვალს ჯერ გოგონა, მერე სახლი, ეზო, ფერდობი, მატარებელი სალ კლდეს მისდევს, მე უკან ვიცქირები, თითის წვერებზე ვდგები, რაღაც კიდევ მინდა დავინახო.
მიდის მატარებელი, მიდის ქოთქოთით, ვიშვიშით, დავიდარაბით. ისევ სახლები, ხეები, მდინარე, ხიდი, ბავშვები, ხბორები, ვენახები...
ვენახები...
ნელა გავიარეთ სადგური, ვუმატეთ სვლას და ისევ გადაიშალა წინ მაღალი მთები, დაბალი ჭალები, აქაფებული მდინარე. ისევ მიქნევენ ხელს, ისევ ისე ფრთხება პირუტყვი, ისევ ბიბინებს ფერდობზე ხასხასა ბალახი და ჟუჟუნა ყვავილები იღერებენ ყელს მდელოებზე.
საღამოს ვბრუნდები უკან, საბარგოების ერთ უშველებელ შემადგენლობას მოვათრევთ. მზე იწურება, ხევებში ბინდი წვება, ხიდებს ქვეშ სიბნელეს შეუფარებია თავი. მე ვიჩქარი, სადღაც ვიჩქარი, რაღაც მიზიდავს წინ, არ ვიცი - რა, არ ვიცი - ვინ, მინდა კი - ჩქარა, ჩქარა გავლიო გზა, მეშინია, არ ჩამობნელდეს. აი, სადგურიც! აგერ კლდეები, თითქმის თავზე გადმოხურული და უსიცოცხლო. ვიცქირები ფანჯარაში, ვიცქირები წინ, საცაა, უკან დარჩება ეს ლოდები და გამოჩნდება ფერდობი, ეზო, სახლი, ღია ფანჯარა...
არ დაადგა საშველი, რამდენი მთა გაუჭრიათ, რამოდენა კლდე გაუნგრევიათ.
აი, ფერდობიც, უფრო გალამაზებული და დამშვენებული. თურმე აქ რამდენი მინდვრის ყვავილი ყოფილა, თეთრი, წითელი... ჟუჟუნა მინდვრის ყვავილები. აჰა, ეზო, მთლიანად მწვანეში ჩაფლული. ასეთი ეზო არსადაა ამ რკინიგზის პირზე, არც ასეთი სახლი, არც ასეთი ფანჯარა.
მე ბერკეტს დავწვდი და მატარებელი გაბმული კივილით მიუახლოვდა ეზოს. ფანჯარა ღია იყო, მაგრამ არავინ ჩანდა. ორივე ხელს ვიქნევდი და ვიმედოვნებდი, გოგონა აქ სადმე ეზოში იყო და დამინახავდა. აი, გოგონაც! ხელში ფოთლები უჭირავს, იქვე ბოჩოლას აწვდის და ეალერსება. გავარჩიე, როგორ მოაბრუნა თავი, მერე ერთბაშად მოტრიალდა, ორივე ხელი აიქნია, აიტაცა ფოთლები, გასწორდა, ისევ აიქნია ხელები...
ხელს ვიქნევ მეც და მიდის მატარებელი, მიდის ქშენით, რახრახით და ერთი აურზაურით. გოგონა