ცხრა მთას იქით
ჩემი მეგობარი აბესალომი თბილისში ცხოვრობს. მე თბილისის ხშირი სტუმარი ვარ და ზოგჯერ მთელი ღამე ვრჩები მის ოჯახში. ჩემს მეგობარს ორი შვილი ჰყავს. ვაჟი ბევრად უფროსია ქალიშვილზე და სახელად გიგი ჰქვია. გოგონა კი ბევრად უმცროსია და ფიქრიას ეძახიან. გიგი რა ხანია სკოლაში დადის, ამ ზაფხულს მეხუთე კლასშიც გადავიდა. ფიქრია კი წელსაც არ მიიღეს. არ მიიღეს და რას იზამ.
ჰოდა, ხშირად მათთან ღამის გასათევად ვრჩები და ბავშვებს ზოგჯერ ზღაპრებსაც ვუყვები ხოლმე.
ჩიტისა და მელას ზღაპარი ფიქრიამ კარგად იცის, ამიტომ არ ვუამბობ, არ ვუამბობ არც „წითელქუდას“, ვყვები სხვას, ზღვის ქალთევზაზე, გამოქვაბულებზე, მონადირე ბიჭზე და ლამაზ, კეთილ გოგონაზე...
ზღაპრებს ფიქრიას მამა აბესალომიც ჰყვება, აბესალომმა ბევრი ისეთი ზღაპარი იცის, რომელიც მე არ ვიცი. მე ვიცი ისეთი ზღაპარი, რომელიც აბესალომმა არ იცის...
ჩემი მეგობარი ზღაპარს სხვადასხვანაირად იწყებს:
- იყო და არა იყო რა...
ან:
- იყო შაშვი მგალობელი...
ან:
- ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა...
მე კი ზღაპარს ყოველთვის ასეთნაირად ვიწყებ:
- იყო და არა იყო რა, ცხრა მთას იქით ცხოვრობდა...
...და ვყვები, ვინ ცხოვრობდა ცხრა მთას იქით, რატომ ცხოვრობდა და ბოლოს რა შეემთხვა...
ამ ზაფხულსაც ჩავედი თბილისში და, ჩემს მეგობარს ვეწვიე. აბესალომი ორ კვირაში აპირებდა შვებულების აღებას და სადმე აგარაკზე გამგზავრებას. გიგი და ფიქრიაც ელოდებოდნენ მამის შვებულებას, ჯერ კარგად არც კი იცოდნენ, სად წავიდოდნენ.
საღამოს ფიქრიამ პატარა სკამი მოიტანა და ჩამოჯდა. გიგი ჩვეულებრივ სკამზე მოეწყო. მე ნამგზავრი, დაღლილი ვიყავი, სპარსულ ნოხგადაფარებულ ტახტზე წამოვწექი, თაქვეშ ჩინური ბალიშები ამოვიდე და დავიწყე:
- იყო და არა იყო, რა, ცხრა მთას იქით ცხოვრობდა... - მე კიდევ ერთი ბალიში დავიმატე სასთუმალზე.
- ცხრა მთას იქით... - შემახსენა ფიქრიამ.
- ჰო, - განვაგრძე მე. - აბა, შორს, შორს, ცხრა მთას იქით ცხოვრობდა პატარა ბიჭი...
... და მე მოვყევი, ერთხელ რა საოცარი ამბავი შეემთხვა ამ ბიჭს, მერე კიდევ რა გადახდა თავს და ბოლოს...
ფიქრია ძალიან ჩაფიქრებული მისმენდა. როცა დავასრულე პატარა ბიჭის ზღაპარი, მომიბრუნდა და მკითხა:
- ბიძია, თქვენ გინახავთ ცხრა მთას იქით?
ამაზე გიგის გაეცინა.
- შენი საქმე არაა! - შეუწყრა ძმას და კითხვით სავსე თვალები მომაპყრო.
მე მივკიბ-მოვკიბე, მაგრამ ბოლოს გამოვტყდი, რომ „ცხრა მთას იქით“ არ მინახავს-მეთქი.
- რატომ?
- რატომ...
- ეე, გააბა ახლა! - სკამიდან ჩამოხტა გიგი, - მოაბეზრებს თავს!
- შენი საქმე არაა, ხომ გითხარი! - განაწყენდა ძმაზე ფიქრია.
- ეე, ისევ დაიჩემა! ხომ მოგიყვა ზღაპარი, დაწექი ახლა!
ბოლოს თვითონ ჩავერიე საქმეში და ვთქვი, რომ ფიქრია მართალი იყო, იგი მე მეკითხებოდა და არა გიგის.
მერე შევეცადე ამეხსნა, ცხრა მთას იქით იმიტომ არ ვყოფილვარ, რომ რკინიგზა არ იყო გაყვანილი, მატარებელი არ დადიოდა და, მარტო მატარებლები კი, არა, მანქანებსაც უჭირდა იქ მისვლა.
- თვითმფრინავი? - აღარ მაცალა ფიქრიამ.
- თვითმფრინავი... ჰო, თვითმფრინავი კი, მაგრამ... ცხრა მთა მაინც ძალიან შორსაა...
- ასი მთა ხომ უფრო შორსაა!
- რა თქმა უნდა, შორსაა... ასი მთა გაცილებით შორსაა და ამას გარდა... ცხრა მთას იქითაც არაა ახლოს...
- სად არის ცხრა მთას იქით?
- ცხრა მთას იქით არის... აი, ერთ მთას რომ გადაივლი...
- იმ მთას! - დამანახვა ფიქრიამ ფანჯრიდან განათებული მთაწმინდა.
- ჰო, იმ მთას.
- მერე...
- მერე, მეორე მთას.
- მეორე მთა უფრო დიდია?
- დიდია.
- ისიც განათებულია?
- არა, ის განათებული არაა, მაგრამ უზარმაზარი ხეებია იმ მთაზე, ძალიან ლამაზი და დიდი ხეები.
- მარტო ხეები?
- არა, მარტო ხეები რას მიქვია, ზედ იმდენი ჩიტია და ისეთი გალობა და ჭიკჭიკი აქვთ...
- ციყვები?
- ციყვები... არა, ციყვები იმ მთას იქით რომ მთააა, იქაა უამრავი.
- მერე, რას შვრებიან ციყვები?
- ციყვები არ გალობენ.
გიგის ეცინება.
- არ გალობენ, - განვაგრძობ, მე, - მაგრამ, სამაგიეროდ ხიდან ხეზე დახტიან - სკუპ-სკუპ! - და აქვთ ბუთქა კუდები.
- მერე კიდევ რომ მთაა?
კიდევ რომ მთაა, იქ მელიები და მგლები ცხოვრობენ, მელია ძალიან ეშმაკია და სულ ატყუებს და ატყუებს მგელს.
- სულელია მგელი! - ამბობს ფიქრია.
- სულელია და, გარდა ამისა, ბრიყვიცაა. როგორც