ჯიხვი და მონადირე - მშვენიერო, ამაყო, დიდებულო!.. - მონადირეს ეს ისე ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი, კლდის თხემზე გარინდულმა ვეება ხარჯიხვმა ცალი ყური გვერდზე მოაბრუნა. - ინებე, დიდებულო, ჩამობრძანება! ღამდება, მზე ჩადის. ამაღამ ამ ცას მიბჯენილ მწვერვალს თუ შევრჩით, ორივე გავითოშებით. არც შენ ივარგებ ჯიხვად და არც მე - კაცად. მაგ ცხენის ყურებივით დაცქვეტილ ბოძალ ქიმებს შუა რომ გაირინდე, ჩამოინაცვლე ქვევით. იმდენზე მაინც, გრილი ტყვია მოგაწვდინო. შენ იცი, ამაზე ახლოს მოსვლა აღარ შემიძლია. ალბათ, ისიც გიკვირს, აქამდეც როგორ ამოგყევი. ქადილით არ ვამბობ, მაგრამ გაიხსენე, თუ ჯერ აქ რომელიმე მონადირეს ფეხი დაუდგამს. ან რა გახსენება გინდა, კარგად იცი, აქ ვერავინ შემობედავს და თუ ვინმე ჩემისთანა თავზეხელაღებული გადაგეკიდა, აქეთ მოაშურებ, როგორც შეუვალ ციხესიმაგრეს. ეს მეც ვიცი, მაგრამ შენი სიყვარულით დამემართა, შენი ხათრით გავწირე თავი და დავდე სიცოცხლე სასწორზე. ღმერთი და რჯული, მართლაც რომ თვალგასახარელი ხარ, შენთვის ალალია ამ უფსკრულის თავზე ცოცვა და ამ ფრიალოებზე საბედისწერო ბორძიკი.
მზე ჩადიოდა და მწვერვალების ქიმებზე ოქროს ვარაყი იჟანგებოდა
ხარჯიხვი, ცივი ნიავისაკენ პირმიქცეული, უძრავად იდგა.
მართლა და, აქ ხომ არ აპირებ ამაღამ დარჩენას? - მონადირე აწრიალდა. - ღამდება, უკვე ქვევით რომ ვეშვებოდეთ, ის დროა. შენ კი ისე ბრძნულად დგახარ, თითქოს ჩვენი მამა-პაპათა მტრობისა და სიყვარულის ძველი გამოცანის ამოხსნას აპირებდე. ამაზე ამდენხანს უნდა გვეფიქრა, ან თუ დღეს ერთმანეთს გადავურჩით, მერე ვიმტვრიოთ თავი. ჩვენი ცხოვრება ისეა ერთმანეთზე გადახლართული, ამ აბურდულ ძაფის გორგალს თავსა და ბოლოს მაინც ვერ უპოვი...
მონადირე დამრეც ლოდზე ჩამოეყრდნო და ცალი ფეხი კლდის მუჭისტოლა შვერილს მიაბჯინა, ქვევით რომ არ ჩაჩოჩებულიყო.
- ღამდება, სვებედნიერო, მიიხედ-მოიხედე, მიბრუნდ-მობრუნდი, ეძიე შენს ჯოგთან მისასვლელი ბილიკი. მერე რა, ნადირი რომ ხარ? ბინა და თავშესაფარი შენც გინდა, მოძმე შენ ადამიანზე მეტად გიყვარს, ერთმანეთის სითბოთი და ერთგულებით გაგაქვთ თავი ამ მარადიული თოვლისა და ყინულების საბრძანებელში.
- შენ ასეთი უძრაობა და უმოქმედობა არ შეგშვენის. სიცოცხლე ხარ, ძარღვებში სისხლი გიჩხრიალებს და მოუღლელი მუხლი გერჩის. თუ დილამდე ასე უმოძრაოდ დავეყუდეთ, ორივე ლოდებად ვიქცევით. მე აქ კიდევ რაღაცას მოვეფარები, შენ კი მაგ სიმაღლეზე პირდაპირ ქარისთვის გაქვს შუბლი მიშვერილი და თუ ქვევით არ დაიწიე, ჩემზე უარესი შავი ღამის გათენება მოგიწევს. შენ თავსაც დაღუპავ და მეც.
- ჩვენს შორის ერთ-ერთი მაინც უნდა დარჩეს ცოცხალი. ბიძაჩემი, ჯობე, შენმა წინაპარმა სადღაც აქ გადაჩეხა, თვითონ კი გადარჩა და მისი შვილიშვილი თუ შვილთაშვილი ხარ შენ - ასე მშვენიერი და ამაყი. მაშინ ორივე რომ დაღუპულიყო, ახლა შენ აღარ იქნებოდი და ეს ისედაც ცივი და უსიცოცხლო კლდეებიც დაობლდებოდა.
- ჩვენ ერთმანეთის სისხლი გვმართებს. მე მარტო მონადირე კი არა, შურისმაძიებელიც მქვია.
- ბიძაჩემი ჯობე უცოლშვილოდ, უმემკვიდრეოდ მოსპო შენმა წინაპარმა. მე ორი კვირის თავზე მოვედი, როცა ჯობე ამ ქვეყნიდან წავიდა და გამწარებულმა მამაჩემმა სახელიც მისი დამარქვა და თოფიც და ყამაც ბიძაჩემის ჩამომკიდა.
- ეს თოფი ის თოფია, შენს წინაპარს რომ ბიძაჩემი უმიზნებდა, უტყუარი და სანდო. ამიტომაა, მე არც შაშხანას ვხმარობ და არც „ ბერდენკას “ . შენ კი ბაბუაშენზე თუ პეპერაშენზე ეშმაკი და ჭკვიანი ჩანხარ. ვერც კი გეტყვი, მე შემოგდენე ამ გადაკიდებული მწვერვალის თავზე, თუ შენ შემომიტყუე.
- ასე თუ ისე, ახლა არც შენ გაქვს წინ წასასვლელი გზა, არც მე - უკან დასახევი...
- შენ გგონია, მე მაქვს? - არა! მე მონადირე ვარ, განთქმული მონადირის - ჯობეს სახელმოზიარე, მისი სისხლი და ხორცი. მართალია, უკან დასახევ გზას მე გიკეტავ, მაგრამ შენც ასევე არ მაძლევ მე საშველს, ქვევით ჩავხოხდე და უკან ხელცარიელი გავბრუნდე. მე კაცი ვარ, მონადირე და კარგი მონადირის სახელი ჩემთვის ისევე აუცილებელია, როგორც შენთვის - სიცოცხლე.
- ხომ გითხარი, არ ვიცი, მე მოგწყვიტე შენს ჯოგს, როგორც რჩეული და მშვენიერი, თუ შენი მოდგმის ერთგულმა რაინდმა გამომიტყუე, რომ მოძმენი გეხსნა და ხიფათი თავზე შენი ნებით დაიტეხე.
მწვერვალების მეწამული ქიმები ჩაინავლა, ფერფლისფერი მოეძალათ.
ხარჯიხვმა უკანა ფეხით ბეჭი მოიქექა და ისევ ქვად იქცა. მონადირემაც თოფის კონდახი ბეჭზე მიიბჯინა და პირი ნადირისაკენ მიუშვირა. ქუხილმა სევდაჩაწოლილი ხევები ააყეფა და ააზრიალა. ჯიხვი სროლის ხმაზე შეცბა, თავი მოაბრუნა, ყურები წინ წამოყარა და ერთხანს ასე გაშეშდა.
- არც მიფიქრია, აქედან ტყვიას