ნაწილი პირველი - თავი პირველი მაკა ბედნიერი იყო.
აგერ უკვე ოთხი წელია, რაც გათხოვდა და არასოდეს უფიქრია მასზე, ვისაც ერთ დროს უყვარდა, ქმარი იყო მისი ნამდვილი სიყვარული გაცნობის დღიდან დღემდე. ქალს არ განუცდია იმედის გაცრუება, თავის მოტყუება, სულის ტკივილი. მართალია, პირველი დღეების გარდა, მოსაგონარი ცოტა დარჩა, მაგრამ მაკა ბადნიერი იყო.
შეუღლდნენ და წლისთავზე შეეძინათ ვაჟი, რომელზეც ასე ოცნებობდა გენო. ქმარი უკვე სოფელში მუშაობდა მასწავლებლად და მაკამ ინსტიტუტის უკანასკნელი კურსი დაუსწრებლად დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ გენო რაიონული გაზეთის რედაქციაში გადაიყვანეს. მამისეულობა უმცროს ძმას დაუტოვა, დაბის დასაწყისში საკარმიდამო ნაკვეთი აიღო და სახლის მშენებლობა დაიწყო. სახლი ჯერაც არ ჰქონდათ დამთავრებული, გარედან შეულესავი იყო. მაღლა სახელდახელო კიბით ადიოდნენ, საწვეთელს თუნუქის ღარები სჭირდებოდა... ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ ბევრი საფიქრალი, საზრუნავი და სადავიდარაბო ჰქონდათ.
გენოს რაიონში მეტი პატივისმცემელი გაუჩნდა, როცა მისი წერილები ზედიზედ რესპუბლიკურმა გაზეთმაც დაბეჭდა.
ქმარი ხშირად იყო მივლინებაში, წერილებსაც თანდათან მეტ დროს უთმობდა; მაკას პასუხს სთხოვდა ოჯახი, შვილი, სამსახური, მტერ-მოყვარე და... მარტოობა, მოწყენილობა არ უგრძნია არც მაშინ, როცა დედამთილსა და მაზლის ცოლს დიდი უკმაყოფილება მოუხდათ და გენომ დედა თავის სახლში მოიყვანა. მუდამ მოფუსფუსე მაგდანა ხედავდა, რომ ამ ოჯახის შექმნაში წვლილი არ მიუძღოდა, კარი კი ფართოდ გაუღეს; იმთავითვე მაკას უპირატესობა აღიარა და რძალ-დედამთილს შორის სიმშვიდე და ურთიერთგაგება დამკვიდრდა. ამან ქმრის ნათესავებში მაკას „ კაი ქალობის “ სახელი მოუპოვა.
საქმე გაუნახევრდა. ბავშვს ბებია უვლიდა. ხელსაქმეში გაჭაღარავებულ დედამთილს სადილ-ვახშამს და ხვეტა-წმენდასაც ვერავინ დაუწუნებდა. მაკას საშუალება მიეცა, მეტი ეფიქრა თავის თავზე, სამსახურზე, ბევრი ეკითხა, ხშირად მოენახულებინა დედ-მამა, ამხანაგ-მეგობრებს შეხვედროდა და დაესვენა.
გენოს ღვინო არ უყვარდა, მაგრამ ზოგჯერ აგვიანდებოდა და შინ ნასვამი ბრუნდებოდა; დილით სამსახურში მიიჩქაროდა, საღამოთი მოჰქონდა წიგნები და თავაუღებლად კითხულობდა. კინო-თეატრში ერთად დადიოდნენ, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. მაკა მაინც კმაყოფილი იყო. ჰქონდა ოჯახი, ჰყავდა ქმარ-შვილი, დედ-მამა, თუმცა მამა ავადმყოფი და გატეხილი კაცი იყო, მაგრამ ხვედრს შერიგებული, მომთმენი. მაკას ჯერჯერობით ბედის სამდურავი არ ეთქმოდა. ერთადერთი, რაც ქალს გულს სტკენდა, ბებიას გარდაცვალება იყო. ბებია ბებიაა, რა გაეწყობა, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ!
გენო ჩანაწერებს აგროვებდა ვრცელი ნარკვევისათვის, რომლის ცალკე, პატარა წიგნად გამოცემას აპირებდა. ამიტომ სახლის დამთავრება გადადო და მეზობელ რაიონში, დიდი ჰესის მშენებლობაზე მოუხშირა სიარულს.
მაკას სწყინდა, რომ გენომ ერთხელაც არ წაიყვანა მშენებლობაზე და არც ის წაუკითხა, რაც სახელდახელო ჩანაწერებად ჰქონდა, მაგრამ იცოდა, გენოს არ უყვარდა დაპირება, წარმოჩენა, თავის თავზე ლაპარაკი, რაზეც ცოლთან უფრო სიტყვაძუნწი იყო.
* * *
მამა რომ საოპერაციო გახდა და მაკა თავისახლს იხმეს, გენომ სადგურიდან ტელეფონით დაურეკა რედაქტორს და სამსახურში მიუსვლელობის მიზეზი გააგებინა.
ნაშუადღევს მატარებელი იანისის სადგურზე გაჩერდა. მაკა არ ელოდა, ძმა თუ დახვდებოდა. მან ხეირიანად არც იცოდა ძმის ასავალ-დასავალი - ბიჭიკო ჯერ კიდევ ცეტი ბავშვი იყო, როცა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. გათხოვებამდე ზაფხულობით ჩამოდიოდა, მაგრამ ძმა მხოლოდ ღამით შემოძვრებოდა ხოლმე სახლში და დილით ისევ გადაიკარგებოდა.
ბიჭიკომ როგორღაც დაამთავრა საშუალო სკოლა, მერე ორი წელი თბილისში გაატარა, ახლა საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანეო, ამბობდა, მაგრამ მართალია? დამ არც ეს იცის. ახლახან ღვინის ქარხანაში დაუწყია მუშაობა. იქაც შენი სკოლის მეგობარი დაეხმარაო - სწერდა მამა. რომელი მეგობარი გახდა მეღვინე და ვინ სცა პატივი, მამას არ მოუწერია. მაკა, რაც აქედან წავიდა, თანდათან ჩამოშორდა მეგობრებს; რა ხანია, ნუცას გარდა, არავის შეხვედრია და ვერ მიხვდა, ვინ ზრუნავდა მის ძმაზე.
იანისში მაკასთვის, სადგურის გარდა, თითქმის არაფერი იყო ნაცნობი. ძველი შენობა ახსენებდა, როდის და რამდენჯერ დადგომია ამ ლიანდაგის უსასრულო გზას; ამ გზით წავიდა სასწავლებელში, ამ გზით ჩამოდიოდა არდადეგებზე, ამ გზით მივიდა გენომდე, ჩამოვიდა და წავიდა მისი საქორწინო მაყრიონი, ჩამოვიდა მშობლებთან ფეხმძიმე და ამავე გზით წავიდა პირველად ახალშობილი გოჩა თავის სახლში... ყველაფერი ეს ისე აახლოებდა აქაურობასთან, თითქოს ყველა გამვლელს იცნობდა, ყველას უღიმოდა; ყველასადმი განსაკუთრებულ სითბოს გრძნობდა, მაგრამ ვაგონიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე, ძმის შეძახილმა: - მაკა, გენო, გენაცვალეთ! - და კოცნამ, რომელსაც ღვინის სუნი ახლდა, გუნება გაუფუჭა. ბიჭიკოს თვალებში გამომცდელად შეხედა.
- მაცალე, სიძეს მოვესიყვარულო. - გენოს ხელი ჩამოართვა.
- ბიჭი, შემომხედე! - მაკამ ძმა თავისკენ მიაბრუნა.
- უკეთესს ვის შევხედავ!
- მითხარი, რატომ დამხვდი?
ბიჭიკომ გენოს შეხედა და