შინაბერა
დარეჯანი ისეთი ქალია, თუ მოინდომებ, წუნსაც დასდებ, გაკილავ: მოგრძო ცხვირი აქვს, მომსხო წვივები და არც ტანწერწეტაა. თუ კაი თვალით შეხედავ და არ უკირკიტებ: ჩვენში ცხვირპაჭუა სანთლით საძებარია და ვერც სანთელივით ჩამოქნილწვივებიან ქალს გადაეყრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამ ბოლო დროს ის ალვისტანიანიც გაგვიიშვიათდა, ძველებისაგან რომ გაგვიგონია: ქალი იყო!.. მისი წელი ბეჭედში ჩაეტეოდაო.
ასე რომ, დარეჯანს შეხვდები, დაინახავ, გეამება, მაგრამ როცა ჩაივლის, მერე რომ თვალი ვერ მოაშორო და კისერი მოგექცეს, ამნაირი არაფერი.
საშუალო, მართალია, არაფერი ვარგა, მაგრამ ტანადობისათვის უკეთესია, ვინემ კრუხის პალო ან აყლაყუდა. მაღალი კაცი – ჰო, მაგრამ ქალი – სასურველი არაა. კოცნა რომ მოუნდომო, უნდა შესწვდე. სიმაღლეს შესაფერისი წონაც აქვს და წუმპეში ან ღელეზე რომ ფეხი არ დაუსველო და ხელით გადაყვანა დაგჭირდეს, წელი არ უნდა მოგწყდეს, ქალი ხომ ხელისგულზე სატარებელი არსებაა.
ადამიანი ხომ გუნება-განწყობილებაა და დარეჯანს თავი ხან ჯოჯო და მაიმახი ჰგონია, ხან – სანდომიანი, მაგრამ არა მზეთუნახავი ან ფრთიანი ანგელოზი.
ერთი სიტყვით, გააჩნია, რა თვალით შეხედავ ან თვითონ რა ხასიათზეა, თავს როგორ უცქერის.
მაგრამ ერთი კია, რაც ჭკუაში ჩავარდა, მას აქეთ, ჯერ ვაჟებისა და მერე მამაკაცების მიმართ გაჩენილი ფარული, მწუთხე, მსუსხავი ღიმილი ვერ იქნა და ვერ მოიცილა. დარეჯანს ისინი გულსაკლავად საბრალონი ეჩვენებოდნენ და უნდოდა ეთანაგრძნო, მაგრამ, რაკი მათ ეს არ იცოდნენ და თანადგომას არ ითხოვდნენ, უწყალო ქირქილის გუნებას უჩენდნენ. თითქოს ამას არაფრით ამჟღავნებდა, მაგრამ გულსშიგნით ყოველთვის დასცინოდა. მათი უგერგილო ქცევა, ღნაშვა, ტრფობის სიძუნწე თუ სიყვარულისათვის თავის გაუმეტებლობა, დარეჯანის თვალში მათ მარხული ბერივით ასაცოდავებდა. ნამდვილად არ იცოდნენ თავიანთი მოწოდება და ასაწყლებდნენ და ადამბლავებდნენ სამყაროს იმ მშვენიერ ნახევარს, რომელსაც კვარივით შეეძლო ანთებულიყო, ოღონდ სამიჯნურო ვნების ნაპერწკალი წასდებოდა.
შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ დარეჯანს ძმა არ ჰყავდა. მამა ომიდან ინვალიდი დაბრუნდა. ვითომ, ერთხანს რომ გამომჯობინდა, მერე დაოჯახდა, სამი ქალიშვილის გაჩენა მოასწრო და ფრონტებზე “გმირულად დაღუპულებს” მიემატა. დარეჯანის დები კი ის იყვნენ, რაც დარეჯანი. გოგოობიდანვე უსახურ სიყვარულზე მეოცნებენი და თვალების გამოღამებამდე არა მზეჭაბუკის, მაგრამ ჭაბუკი ყრმის მომლოდინენი.
და უთუოდ იმის ბრალიც, რომ დარეჯანს თავიდან ვაჟები მაცდუნებლად ესახებოდა, რაც, ალბათ, ქვრივი დედისა და მამიდების ყოვლად უსაფუძვლო სიფრთხილემ შეუქმნა: ბიჭს თვალი არ გაუსწორო, არ შეხვდე, არ დაელაპარაკო, არ დაემგზავრო და წაყოლა-წამოყოლაზე გაფიქრებაც ხომ ქვეყნის დაქცევააო! ღმერთი აღარაა და ხატი, სიტყვა არ გაიგონება და ფიცი არ დაიჯერება!.. უმამო ხარ, უძმო. ვინმე გაგაბახებს და გზა-შარაზე დაგაგდებსო. ახლობლები კი არა, ხალხური სიბრძნეც ამას უჩიჩინებდა! “ნუ მიცინი, ნუ მაცინებ – გაგვაჭორიჭორებენო, გაგვიგებენ სიყვარულს და დაგვაშორიშორებენო” ან “გოგო, გოგო ტყეში წამო, ჩიტის ბუდე ვიცი მეო. – არა, ბიჭო, ვერ წამოვალ, რაც მომივა, ვიცი მეო.” ასე შეიქნა ვაჟი ავი ვნებით მაცდუნებელი და გამტაცებელ-გამბახებელი, რაც იმდენად საფრთხილო იყო, რამდენადაც იცოდა – მიახლოვებისთანავე სამსხვერპლოდ გაიწირებოდა.
ეს იმ დროს ხდებოდა, სოფელი რომ იცლებოდა: მოხუცების, ხეიბრებისა და თითო-ოროლა ბედგამწყრალ, საფრენად ფრთებდაჭრილთა ანაბარა რჩებოდა. დარეჯანისთვის ვის სცხელოდა და ეგონა, ის სატრფიალო კოცონი იქ ენთო, საითკენაც ახალგაზრდობა ილტვოდა.
ჩვენში ინსტიტუტ-უნივერსიტეტების აჩემება და გადაუთქმელობა მართლაც სწავლის წყურვილსა და ცოდნით თავის დამძიმებას ხომ არ ნიშნავს, - გაექცეს გაბერწებულ, უსიყვარულო, კარზე და პირზე ბოქლომდადებულ სოფელს.
მშობელი მთა და ბარი, ტყე და მდინარე შვილივით გულში კი ჩაგიკრავს, მაგრამ მამაკაცური ვნებით – შენი ქალური ჟინის საოხად კი არა, ნამდაყრილ ყვავილებიან კოინდრის ნოხზე ვნებით გათანგულს იქნებ უდაბნოს ცხელ სილაზე ვნებადამცხრალის ბედი შურდეს? ყველაფერი ცრუა, ყალბი და უმომავლო, რასაც ქმნი და მსახურებ, თუ ვნებადაშრეტილ, თუნდაც უმშვენიერეს არარაობას ჰმონებ.
ჯაჭვის ბოლო რგოლი ხარ, რომელიც შენამდე ასე ჭაპანწყვეტით ჭედეს, თუ არავინ ჩაგებმება და არ გააგრძელებთ. მაგრამ რა აზრი აქვს, ეს იცოდე, ვითომ ხედავდე, ვითომ ფიქრობდე მომავალზე, მოითხოვდე თანადგომას, თანამეტვირთეობას და უღელში არავინ გიწყვილებდეს, აპეურს კისერზე არავინ გიჭერდეს.
დარეჯანმა საბიბლიოთეკო სასწავლებელი დაამთავრა. დაამთავრა ისე, რომ არავინ გამოჩენილა. ეს სასწავლებელი მხოლოდ ქალების “საკუთრებად” ითვლებოდა და იქ ისეთი არავინ იყო, დარეჯანი მოეხიბლა. წამოვიდა იმედგაცრუებული და რაიონულ “ქალაქში”დარჩა. იმედის გაცრუება სასოწარკვეთილებას არ ნიშნავს. ბიბლიოთეკა ყველაზე უკეთესი ადგილია “იმის” გასაცნობად და დასაახლოებლად. სხვა საწარმო-დაწესებულებაში მუდამ ერთი და იგივე ხალხია და თუ მათ შორის “ის” არ აღმოჩნდა, გარედან “მოხმობა”