ვარსკვლავთცვენა
ჩემო ვიქტორ პეტროვიჩ!
შენ ჩემთან საუბარში, სხვათა შორის, გითქვამს: - თქვენ, ქართველებს, ომი არ გინახავთო.
- შეიძლება არ გვინახავს-მეთქი.
- თქვენ, ალბათ, გერმანული თვითმფრინავიც არ დაგინახავთო.
- მე პირადად, არა-მეთქი.
ახლა რახანია აღარ მინახიხართ. მომენატრა შენი როხროხა სიცილი და პირდაპირი საუბარი. სახლშიც არავინაა, რომ ხმა გამცეს, გარეთ ნაწვიმარია და გავლა არ ღირს. ვზივარ ჩემთვის და ვწერ, გწერ, გწერ შენ რაც დამამახსოვრდა ომის დროიდან.
სიყვარულით, ოტია იოსელიანი