ნაწილი პირველი -
ბრმა ლეკვი ბებია ამბობს: შავ ვარსკვლავზე ვარ დაბადებულიო, დედა - ჩემი გაჩენისას ღმერთი სულ არ ყოფილაო, მამინაცვალი ხმამაღლა არავის უჩივის, მაგრამ მთვრალიც და ფხიზელიც ცხვირჩამოშვებული დადის... მათი არ ვიცი და, რაც მე ქვეყნად სიკეთეს ვთესავ... ვთესავ პირდაპირ ორივე მუჭით. რად გინდა მერე? არაფერი გამოდის... ალბათ ბედი არ მაქვს. ბედი არააო, ერთხმად ამბობენ ჩემი მასწავლებლები, მაგრამ მაშინ რატომაა, რომ არ მიმართლებს? უნდა გაგიმართლოს კაცისშვილს, თორემ საშველი არაა.
აი, თუნდაც ამ დილით...
დედა, ჩვეულებრივ, უთენია წავიდა ფერმაში. ბებო წუხელ გვიანობამდე ქსოვდა ჩემს საზამთრო შალის წინდებს. ქუსლი მოარღვია, - გასინჯვისას ფეხზე ვიწრო მომივიდა, სწრაფად წამგლიჯა და თითქოს დანაშაულზე დავეჭირე, ისე დამაცქერდა.
- ეს რა ამბავია, რამოდენა გაზრდილხარ შე... - და ხმადაბლა დაუმატა, - გასახარელოო. როცა ბებია ჩემზე კარგს ამბობს, პირს მარიდებს. ეშინია, ქებამ არ გამაფუჭოს. ერთადერთი ადამიანია ჩემზე რომ კარგს ამბობს და ისიც ზურგს უკან. ასეთი ბედის პატრონი ვარ...
ჩემი პირქუში მამინაცვალი წუხელ, რატომღაც, ფხიზელი დაბრუნდა. „ტყავი გამაძვრესო“, „ყოფა მიტირესო“... ამ დილაადრიან კი კუდამოძუებული გარბოდა წალდით, ალბათ, ბჟოლის სანერგის შესაღობად. ტყავის გაძრობისა არაფერი ეტყობოდა, რადგან შუბლზე, მარცხენა წარბთან ისევ შევნიშნე ათკაპიკიანის ტოლა მოწითალო ტყლიპი.
ასე რომ ხელის შემშლელი შინ არავინაა.
ფანქარს წვერი ხელახლა წავუთალე. გრძელი სახაზავის გარდა ძველ ჩანთაში რკინის სამკუთხედიც აღმოვაჩინე. რვეულის უჯრედიანი ფურცელი სახატავი ქაღალდით შევცვალე. ვხაზე და ვხაზე საძაღლე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ხომ ვთქვი, არ მიმართლებს...
მომითმინეთ, მომითმინეთ, თქვენ ხომ არ იცით, მე რა საძაღლის ან სასახლის აშენებას ვაპირებ, ან რატომ?..
ეჰ, ჩემი ამბავი რომ იცოდეთ!
ეს ამას წინათ მოხდა: როგორღაც იმ დღეს დონდლო გივიმ, ლალის გვერდით მერხზე ჯირკივით რომ დევს, დიდი დასვენების დროს ბიჭებში წამოაყრანტალა:
- მე და მამაჩემმა გუშინ ბესო ბიძიას საწნახელი გადმოვიტანეთ!..
„რაო?! ამათ ყურძენი ჯერ არ დაუკრეფიათ? - გამიკვირდა, - როგორ დამემართა, რომ გამომეპარა?..“
- მერე რა მოხდა? - ჩავეკითხე.
- მოხდა, აბა არ მოხდა? კოფოს დიდზე გადაშორდა საწნახელი და ურემი უკან დაკოჩა. ჯორა ხარს სუნთქვა გაუჭირდა. ჰე-ჰე-ჰე! - წაბაძა სუნთქვაშეკრულ ხარს გივიმ და მერე ხველა აუტყდა.
- ჰე-ჰე-ჰე! - გამოვაჯავრე, - პირაღია! რატომ წინ არ დაუჯექი? ერთი თვითონ უნდა შეგაბას კაცმა უღელში და მაშინ ნახავ, დოყლაპია!..
- მე რა... მამას არაფერი უთქვამს და...
- აბა რა გითხრა? პირი დააღე და ბუზები ყლაპეო?! რა თქმა გინდა! თუ ურემი უკან სძლევს, წაუჯექი წინ და გათავდა!
ამ დროს ზარი დაირეკა, მაგრამ ჯორა ხარის საცოდაობამ არც გაკვეთილზე მომასვენა. რა ვქნა, უსამართლობას რომ ვერ ვიტან, ჩემი ბრალია? სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადამეხადა გივისთვის სამაგიერო.
ისიც მომაგონდა: შარშანწინ სწორედ იმ ხარმა დახნა ჩვენი ეზო და მთელ წელიწადს სული მისი ნაშრომით გვედგა. ბებია ამბობს: ხარი ჩვენი იმდენად ერთგული საქონელია, ადამიანის რჩენა თურმე თვითონ იდვა თავზეო.
გასატყავებელი არ იყო ეს გივი?
ერთ ხანს ცემასაც ვუპირებდი, მაგრამ უხეირო ენის პატრონია, ბაბუამისს ჩაუკაკლავდა და მერე სამჭედლოში ცხვირს არავინ შემაყოფინებდა. ყველაფერს აჯობებდა, მის ვენახში გადავსულიყავი და კრეფადაგვიანებულ, ჩაშაქრებულ ყურძენზე მეყარა ჯავრი. მე არ შემიძლია გულხელდაკრეფილი ვუცქირო უსამართლობას.
ისე კი, სკოლიდან წამოსული, ორიოდე საათით ყოველთვის ვაგვიანებ სახლში მისვლას. ვიცი, სადილზე ამოსული მამინაცვალი ნაყლაპი იქნება. მისი სევდიანი გამსჭვალავი მზერა გუნებას მიფუჭებს. ბებია ყველს, მჭადს და წიგნს ერთად დამიწყობს სუფრაზე - ჭამე და იკითხეო... ამიტომაა, გაკვეთილების შემდეგ მუდამ გამომიჩნდება ხოლმე შურის საძიებელი ან ცოდვა-ბრალის გასაკითხავი საქმე, ხანდახან ცნობისმოყვარეობა ამიყოლიებს. ბიკენტი ბიძიამ, ცალ ხელზე მარტო სამი თითი რომ აქვს, დიდი შრომა გასწია: იმოდენა მიწა მარტოხელამ გადააბრუნა. ამბობენ, ბიკენტი ბიძიას გარჯას უნაყოფოდ არ ჩაუვლიაო, მაგრამ იმასაც ამბობენ, რაც შენი თვალით არ ნახო, არ დაიჯეროო.
ვხედავ, ბაღი დიდებულია, მაგრამ ბაზარში ჭირნახულს მარტო კარგი შესახედაობით ხომ არავინ იყიდის, აუცილებლად გემო უნდა გაუსინჯონ. მიჭირს ჯაგიან ღობეზე ამოდენა ნესვისა და საზამთროს გადმოთრევა. ბურთი იყოს - მე ვიცი: გადმოვაგდებ, ახტება, დახტება...
არა უშავს, კმაყოფილი ვარ. ბიკენტი ბიძიას მარჯვენას ვლოცავ და გული შემტკივა, ომი რომ არ ყოფილიყო და ბარემ ის ორი თითიც არ აკლდეს...
ბებია სულ სამართლიანობაზე მიჩიჩინებს. აბა რა სამართალი იქნებოდა, თუ სოფლის ბოლოში ბასილა ჯანგავიძის კარ-მიდამოს მაშინაც კი არ მოვინახულებდი, როცა მისმა ბომბორა ბროლიამ აგერ მეოთხე