წინათქმა, ანუ რას ვაპირებ
გადაწყდა!..
ვიცვამ რკინის ქალამნებს, ვისხამ ნაბადს, ვიხურავ ნაბდისავე ქუდს, ვიჭერ ხელში რკინის ჯოხს და მივდივარ. მივდივარ მთელი ქვეყნის შემოსავლელად.
უთუოდ გაგიკვირდებათ. მხრებს აიჩეჩავთ, თავს გადააქნ-გადმოაქნევთ:
- ქვეყნის შემოსავლელად?!
- ქვეყნის, ქვეყნიერების...
- ქვეყნიერება სამყაროა, ზღვა და ხმელეთი...
- დიახ! დუნია, მსოფლიო...
- გაგვიგონია ყოფილან ამის მოსურნეები...
- ყოფილან, ვარ და იქნებიან.
- და როგორ მოხდება ეს, რით, რანაირად... როდის დაიწყება და როდის დამთავრდება...
- დაწყებით ახლავე ვიწყებ, მაგრამ არ ვიცი, რამდენი დამაგვიანდება, ან როდის დავბრუნდები, არც ის ვიცი, რა მელოდება და რა ფათერაკს გადავეყრები, რაკი მთელი ზღვა და ხმელეთი უნდა მოვიარო. ვივლი შარა-შარა, ბილიკ-ბილიკ, გზასა და ნაგზურში, ნაკვალევზე და უდაბურში, გავკაფავ უსიერ ტყეებს, გადავივლი თეთრ მწვერვალებს, ყინულოვან ოკეანეთს, ცხელ ტროპიკებს. ვნახავ ცივ ქვეყნებს, გათარანებულ უდაბნოებს, გავტოპავ მდინარეებს, ჭაობებს, გადავცურავ ტბებს, ზღვებს. ვიხეტიალებ უზარმაზარ ქალაქებში, სოფლებში, თვალუწიერ სტეპებში და ველ-მინდვრებში, მთასა და ბარში...
ვიმოგზაურებ და სადაც დამიღამდება, იქ გამითენდება. თუ სადმე გადავეყარე ვივლი ურმით, ცხენით, აქლემით, ძაღლების მარხილით, ირმით, სპილოთი, დელფინით, ვეშაპით... კუც თურმე იმოდენა იზრდება, მის ბაკანზე თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ადამიანი...
აქამდე სულ მატარებლით, მანქანით, გემით და თვითმფრინავით ვმოგზაურობდი. რამდენი რამ მინახავს, რამდენი ქალაქისა და სოფლისთვის გადამიფრენია. ზღვაც გამიცურავს, მდინარეც, მაგრამ რომ მკითხო, რომელ ქვეყანაში, როგორი ბავშვები ან მოზრდილები ცხოვრობენ, რა უჭირთ, ან რა ულხინთ, ვერ გეტყვით. რომელ ტყეში როგორი ნადირი დაძრწის, არაფერი გამეგება; რომელ ოკეანეში რა ჯიშის თევზი ჭარბობს, წარმოდგენა არა მაქვს; დედამიწის გულში რა ცეცხლი და მდუღარე ტრიალებს, ვულკანებად რომ იფრქვევა, ხომ არ ვიცი და არ ვიცი.
ესაა სიცოცხლე? ჭურში ჯდომასა ჰგავს. ახლა ისეთი დროა, ვარსკვლავებზე რა ხდება, ის უნდათ იცოდნენ და მე ასე თხუნელასავით, როგორ განვვლო წუთისოფელი. ავდგე, დავლიო ჩაი, ვიმუშაო, დავისვენო, გადავიდო ფეხი ფეხზე, ვიმასლაათო, ვივახშმო, დავწვე და დავიძინო. მეორე დღეს ისევ ჩაი, ისევ საქნარი, საუბარი, სადილი, ვახშამი, ძილი ამ გვერდზე, იმ გვერდზე, გულაღმა, თავდაღმა... ყოველდღე და ღამე, ყოველთვის ერთი და იგივე... აღარ შემიძლია მეტი...
გათავდა, მორჩა!
აი, ვიცვამ ქალამნებს. ისეთს კი არა, რომ გამიცვდეს და თითი გამომვარდეს, არა, რკინის ქალამნებს; ვისხამ ნაბადს - სიცხეში მზისგან დამიფარავს და ყინვაში სიცივისგან; ვიხურავ ნაბდისავე ქუდს, ვიჭერ ხელში რკინის ჯოხს და ვადგები გზას. თან კომპასიც კი არ მიმაქვს. კომპასი მას სჭირდება, ვინც იცის, საით, რომელ მხარეში და ქვეყანაში მიეშურება. მე მივდივარ ყველგან, ყველასთან, ყველაფერთან, რაც დედამიწაზეა და კომპასი და რუკა რისი მაქნისია. საათი და კალენდარიც არ მინდა. როდის დავბრუნდები, წლის რომელ დროს, არ ვიცი. ამის გარდა, ჩრდილოეთში რომ ზაფხულია, სამხრეთში ზამთარია, ეკვატორზე კი სულ ცხელა, დღე და ღამე არც იკლებს, არც იმატებს, როგორცაა, როგორც ხდება და კალენდარს რა თავში ვიხლი.
არ მიმაქვს არავითარი იარაღი. შეიარაღებულ კაცს ყველა ეჭვის თვალით უცქერის: თუ სამოგზაუროდ და სამეგობროდ დადის, თოფი და ხანჯალი რად უნდაო. საჭმელ-სასმელი ზურგით იმდენი რა უნდა წავიღო, მთელი ქვეყანა მოვიარო და მეყოს. თითქმის მთლად ცარიელ-ტარიელი ვადგები ამოდენა გზას, თუ რამეს ვიპოვი, თორემ არაფერს დავკარგავ.
არ გაგიკვირდეთ და... ერთადერთი ჩემი ტვირთი იქნება გალია. კი საკმაოდ მოზრდილი გალია, რომელიც საფოსტო მტრედებითაა სავსე. სიმართლე რომ ითქვას, ჩემი სამოგზაურო საზრუნავიც ესღა იყო. გადავყევი ამდენი სხვადასხვაფერი მტრედის შოვნას. ამდენ ხანსაც ამან შემაყოვნა, თორემ გზას რა ხანია დავადგებოდი. ახლა, მადლობა ღმერთს, ბედის სამდურავი არ მეთქმის. გალიაში სამ სართულადა მაქვს ქანდარები განლაგებული და სულ ფერად-ფერადი მტრედებითაა სავსე. დავიჭერ ხელში, გავიდებ მხარზე, ან ზურგზე მოვიკიდებ და რასაც ვნახავ, დავწერ, შევაბამ მტრედს და ჰაიდა, ავუშვებ ცაში. მტრედს ისეთი უტყუარი გუმანი აქვს, არც დაიკარგება და ამბავსაც მოიტანს. ამის გარდა, მტრედებიანი კაცი რომ უცხო ქვეყანას მიადგეს, არა მგონია, ვინმემ კარი ფართოდ არ გაუღოს.
იმიტომ კი არ ვაპირებ ქვეყნის ატალახებას, რომ მერე გავიქაჩო, შემხედეთ, რა დიდი ვინმე ვარ, მთელი დუნია ფეხით მივლია და დედამიწის გულში რაა, ისიც ვიცი-თქო. ცოდნა და გამოცდილება ხალხს თუ არ გაუზიარე და მოახმარე, რკინის ქალამანი რომ რკინის ქალამანია, იმის ღირსიც არა ხარ.
გადაწყვეტილი მაქვს, ბარათები ბავშვებმა მიიღონ. შეიძლება ჟურნალ გაზეთებშიც დაიბეჭდოს, და ის, რასაც ვნახავ, თქვენც გეცოდინებათ. დიდები ეჭვიანები არიან, უცნაურ ამბავს არ დაიჯერებენ. შეიძლება, ისეთი რამ